2020 წლის მიწურულს საქართველოს კოსმეტიკურ ბაზარზე თვალისმომჭრელი წითელი ტუჩსაცხით ქართული ბრენდი „ნუკი“ გამოჩნდა, რომელიც მსახიობსა და ტელეწამყვან ნუკი კოშკელიშვილს ეკუთვნის.
„ერთი წელია, რაც ამ პროექტზე მუშაობა დავიწყე. ძალიან ბევრი ფერი დავიწუნე და ბოლოს ის ავირჩიე, რაც აგერ უკვე 10 თვეა სულ მისვია … ვერ წარმოიდგენთ, როგორ მიხარია, ეს საქმე რომ დავიწყე. იმდენი მწერდა, რომ მოსწონს ჩემი პომადის ფერი, რომ გადავწყვიტე, გამეხარებინეთ. ძალიან დიდხანს ვეძებდი ქარხანას, რომელიც მსოფლიო კოსმეტოლოგიურ სტანდარტებს აკმაყოფილებს, რომ ეს ყოფილიყო უმაღლესი ხარისხის პროდუქტი და მთელი გული ჩავდე ამ პროექტში!…“ – წერს პროექტის ავტორი ბრენდის ინსტაგრამ გვერდზე.
ამ დროისათვის ბრენდს ორი ფერის ტუჩსაცხის აქვს წარმოდგენილი. ნუკი VENUE-ს სამომავლო გეგმებზეც ესაუბრა:
როგორ გაჩნდა ბრენდის ჩამოყალიბების იდეა?
ეს იყო, უპირველეს ყოვლისა, გაკეთებული ჩემთვის, რადგან მუდამ მიჭირდა სწორი და კარგი ტუჩსაცხის პოვნა. მოგვიანებით, როდესაც გამოხმაურება დავინახე, გადავწყვიტე, ჩემი მომხმარებლისთვისაც მიმეცა ეს შესაძლებლობა.
ვიცით, რომ სხვადასხვა ქვეყანასთან თანამშრომლობთ იმისათვის, რომ მომხმარებლამდე ხარისხიანი პროდუქტი მიიტანოთ. რა სირთულეებთან იყო დაკავშირებული თქვენთვის საჭირო დაწესებულებების ქვეყნის ფარგლებს გარეთ აღმოჩენა ახლა, პანდემიის პერიოდში?
სირთულე ბევრი იყო, ბევრი ქვეყანა დავიწუნე. იყო ადგილი, რომელთანაც დავიწყე თანამშრომლობა, მაგრამ შემდეგ მათი ხარისხი საეჭვოდ მომეჩვენა. ჩემი პრიორეტეტი იყო საუკეთესო ხარისხი, ამიტომ ახლაც სხვადასხვა ქვეყნის დახმარებით ვაწყობ ერთ პროდუქტს.
ერთადერთი, რაც ძალიან სწრაფად გაკეთდა, ეს იყო კოლოფი, რომელიც გვირჩია ერთ-ერთმა პირველმა პარტნიორმა. ის ჩინეთში იწარმოება, რაც საგრძნობლად აგდებს ტუჩსაცხის ფასს. მირჩევნია, შემადგენლობა იყოს უმაღლესი ხარისხის და შეფუთვა სტანდარტული, ვიდრე თავი გამოვიდო და სასწაული ფასი დავადო კოლოფის გამო.
ამჟამად ორი ყველაზე მოთხოვნადი ფერის ტუჩსაცხია „ნუკის“ ბრენდირებით – წითელი და კანისფერი. ხომ არ გეგმავთ ახალი ფერის დამატებას უახლოეს მომავალში და უკვე ხომ არ გაქვთ შერჩეული მომავალი ფერი?
უამრავ ფერზე არის მოთხოვნა, ამაზე ვმუშაობ. ასევე, ვგეგმავ ბრენდის გაფართოებას, მინდა სხვა კოსმეტიკაც შევთავაზო მომხმარებელს, თუმცა ეს ჩემზე არაა დამოკიდებული, ეს თავიდან ბოლომდე თქვენი არჩევანია. მომწერეთ, რა გნებავთ და მე შევეცდები, გავაკეთო. ოღონდ უბრალოდ „წამწამის ტუში“ კი არა, უნდა მითხრას მომხმარებელმა, როგორი უნდა იყოს ეს ტუში…
– დღითიდღე იმატებს თქვენს პროდუქტზე შეყვარებულთა რიცხვი. რა მოლოდინები გქონდათ, როცა პირველი ტუჩსაცხი მიუტანეთ მომხმარებელს, ელოდით ასეთ სწრაფ გამოხმაურებას?
არ მოგატყუებთ, თავიდანვე ვიცოდი, რომ ძალიან მაგარი გამოხმაურება ექნებოდა. თავად ვარ მომხმარებელი და მე ვარ პირველი კრიტიკოსი, ამიტომ არასდროს მქონია ეჭვი, რომ სხვა ქალბატონებიც, რომელთაც ჩემზე უკეთ ესმით ხარისხი, იქნებოდნენ კმაყოფილები.
– და ბოლოს, სამომავლო გეგმების შესახებ რომ გვესაუბროთ, ტუჩსაცხების გარდა, რით გაგვახარებს “ნუკი“?
ძალიან ბევრი!!!!! ყველაფერი, რაც დეკორატიულ კოსმეტიკას გულისხმობს და არა მხოლოდ. მივხვდი, რომ უნდა ვიმუშავო ბაზრის მოთხოვნაზე. მილიონი პროდუქტია, რომელიც არ მომწონს და მინდა, უკეთესი არსებობდეს. თუ ისეთი კოსმეტიკა გეგულებათ, რომელმაც გული დაგწყვიტათ, იცოდეთ, რომ მე მასზე ვმუშაობ და ძალიან მალე უკეთესს შემოგთავაზებთ.
Loading…