in ,

„ვისწავლოთ მეგრული“ – არტანუჯი მეგრულის თვითმასწავლებელს გამოსცემს

გამომცემლობა “არტანუჯი” მეგრული ენის თვითმასწავლებელ წიგნს გამოსცემს. როგორც ისტორიკოსი და გამომცემელი ბუბა კუდავა პირად სოციალურ ქსელში წერს, წიგნის გამოცემის მიზანი ქართველური ენების (მეგრული, სვანური, ლაზური) ცოდნის ზრდა და პოპულარიზებაა. წიგნს სულ მალე აუდიო ვერსიაც ექნება, იმისათვის, რომ სწავლის მსურველს გამოთქმის ათვისება არ გაუჭირდეს.

პოსტის ავტორი აანონსებს, რომ მომდევნო წიგნებად სვანურისა და ლაზურის თვითმასწავლებლის გამოცემაც იგეგმება.

“მალე!

გადაჭარბების გარეშე: პირადად ჩემთვის ეს ის წიგნია, რომლის მსგავსი, თავისი მნიშვნელობითა და აქტუალობით, ძალიან ცოტა გამომიცია.

ვისაც მეგრულის სწავლა სურს და არ იცის როგორ, ეს თვითმასწავლებელი მისთვისაა. ვისაც უნდა, რომ შვილებმა იცოდნენ მეგრული, მაგრამ ამისთვის ან დრო არ ჰყოფნის, ან მიდგომა ვერ მოუნახავს, ან თავად არ აქვს საკმარისი ცოდნა, ეს წიგნი მათთვისაა.
ვისაც გააზრებული აქვს, რომ თანამედროვე ტენდენციებისა თუ ჩვენი უდიერი მოპყრობის გამო დღეს გაქრობის საფრთხის წინაშე დგას ქართველური ენები (მეგრული, ლაზური და სვანური), ამ წიგნით შეუძლია გაუმკლავდეს რთულ გამოწვევას.

შემდგომი გამოცემა სვანურის თვითმასწავლებელი იქნება (ავტორი – მედეა საღლიანი), მომდევნო კი – ლაზურის.

წიგნი და შესაბამისი აუდიოვერსია დაახლოებით 1 თვეში გამოვა სამზეოზე და მის შესახებ დეტალურად მაშინ მოგახსენებთ, ყველას წვლილის თაობაზეც შემდგომ აღვნიშნავ, ახლა კი განსაკუთრებული მადლობა:

წიგნის ავტორს, ენათმეცნიერ ნათია ფონიავას – ურთულესი სამუშაოს გაწევისთვის, თანამედროვე სტანდარტების სახელმძღვანელოს შექმნისთვის.

საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს (პირველი არხი) – წიგნის აუდიოვერსიის მომზადებაში გაწეული დიდი შრომისთვის!” – წერს ბუბა კუდავა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

Paypal-მა ნეონაცისტური ანგარიში შეაჩერა

ხატია ჯოხარიძე – „სხვა გზა არ არის“