in

ხატია ჯოხარიძე – „სხვა გზა არ არის“


„სხვა გზა არ არის“ – წარმატებული ადამიანები სხვადასხვა სფეროდან გვიყვებიან თავიანთი ცხოვრების ყველაზე რთული ეპიზოდის შესახებ, რომელიც წარმატებით გადალახეს და იმაზე უფრო ძლიერები და წარმატებულები გახდნენ, ვიდრე ამ რთულ ეპიზოდამდე იყვნენ. პროექტის მიზანია, მოტივაცია მივცეთ იმ ადამიანებს, რომლებიც ახლა გადიან კარიერაში რთულ პერიოდს.

დღევანდელი ჩვენი მთხრობელი ხატია ჯოხარიძეა. ის პროფესიით ფსიქოლოგია, თუმცა ამავდროულად უკევ წარმატებული მარკეტერი და ბლოგერი. მისი ამბავის წაკითხვის დროს, სახიდან ღიმილი არ მოგვშორებია, ყველა წინადადებაზე თანხმობის ნიშნად თავს ვაქნევდით და სასიამოვნო ემოციებით ვიხუნძლებოდით. ეს არის ამბავი, რომელიც გასწავლით, რომ არ უნდა გაჩერდეთ და ყველაფრის ახლიდან დაწყება ყოველთვის არის შესაძლებელი. ჩვენ გვიყვარს ჩვენი პროექტის სტუმრები და დარწმუნებულები ვართ, თქვენც ასევე შეიყვარებთ ხატიას.

ხატია ჯოხარიძე: შენს ცხოვრებაში როცა ათასჯერ იცვლება ამინდი ხვდები, რომ უამინდობაზე იმუნიტეტი გაქვს. ამაზე მოგიყვებით დღეს.

ჩემი გამოცდილებების ციკლი ისეთი მსუყე და ექშენებით გამოძეძგილია, მიჭირს წერის დაწყება. თუმცა მე იმ დღიდან მესაინტერესოება ხატია, როცა გადაწყვიტა, რომ ოპტიმიზმის მარაგი არასდროს გამოლეოდა. უიარლიყო გოგოების არჩევანი ზოგჯერ უმისამართოა, მაგრამ ნამდვილი. 

რა ვიცი?

მარცხი რომ პრობლემა არ არის და მხოლოდ გამარჯვებები უნდა დავითვალო – ეს ვიცი.

მხოლოდ საკუთარი თავის იმედი რომ უნდა მქონდეს – ესეც.

ემოციები, მოგონებები, გამოცდილება, ცოდნა რომ დღეს რეალურად ყველაზე მნიშვნელოვანია – ესეც ვიცი.

მხოლოდ ვალდებულების და საჭიროების გამო დამყარებული ურთიერთობები რომ არაფერში მჭირდება – ეს რა სალაპარაკოა.

იღბალის მომლოდინე საზოგადოების რიგებში რომ არაა ჩემი ადგილი, ამაშიც დავრწმუნდი, მაგიტომაც მეძინა 6 დეკემბრიდან დღემდე ჯამში 68 საათი.

შემეცნება და სწავლა რომ არასდროს უნდა შევწყვიტო, ჯერ კიდევ ბავშვობაში მასწავლეს, მხოლოდ დანარჩენი მოიტანა წლებმა.

რას მივხვდი?

როცა რამეს აღმოვაჩენ და ახალ ცოდნას ვიღებ, მერე უფრო ვხვდები – რამდენი რამეა ალბათ კიდევ ისეთი, რაც არ ვიცი. 

არ მაინტერესებს როგორი ამინდია გარეთ, ღრუბელია თუ მზე; რას ფიქრობენ ადამიანები ჩემზე, კარგს თუ ცუდს. ერთადერთი რაც მაინტერესებს არის – ვინ ვარ მე?!

იცით, ვცდილობ რაც შემიძლია ბოლომდე მჯეროდეს საკუთარი თავის. ყველა არსებული და არარსებული შესაძლებლობის, რომელიც თუ ჯერ არ მაქვს, ვიცი რომ მექნება. სულ მეშინოდა ცვლილების, მტკივნეულად ვუდგებოდი, ადამიანებიც დამიკარგავს და უფრო ბევრჯერ საკუთარი თავიც. ახლა აღარ მეშინია, პირიქით, ცვლილებების გარეშე ვერც კი წარმომიდგენია.

უამრავი მტკივნეული გამოცდილება გამომივლია და თითქოს მომწონს ეს, თითქოს უფრო საინტერესო ვხდები, ვამაყობ ამ ტკივილებით. მან გამზარდა. მივხვდი, როცა ვაღიარებ ჩემს შეცდომას, ვიღებ კიდეც მას და ვამბობ: ეს ჩვეულებრივი და საჭირო იყო, უფრო კარგად ვგრძნობ თავს, უფრო მეტის კეთების შესაძლებლობა მეძლევა. 

საკუთარი თავის გაცნობიერებით, მიღებით, საკუთარი თავის მეტად პოვნით, გამოზრდით, საკუთარ თავთან დიალოგით ვიწყებ სიარულს, ახლიდან სიარულს, რომელიც ვინ იცის რამდჯნერ დავიწყე.

თუ ვგრძნობ, რომ დავეცი და შემრცხვა იმ მომენტში, ურო მეტად შემიძლია ვიყო ამაყი, რადგან მოვახერხე დაცემის პროცესისგან გამოწვეული ტკივილის ატანა და ისევ ადგომა. 

სულ მახსოვდა ოიდიპოსის სიტყვები, სულ რა, სტუდენტობის მერე – “შენ თუ გინდა რომ დაინახო, უნდა დაბრმავდე”. 

შენით უნდა მოიპოვო, შენით უნდა დაკარგო და ისევ მოიპოვო, სხვანაირად არ გამოვა. ბევრჯერ მინანია ჩემი შინაგანი კულტურა. მაგრამ ცხოვრების ამ ეტაპზე არაფერსაც აღარ ვნანობ.  

შენც თუ ჩემსავით ტირილისგან ცხვირი ერთხელ მაინც გაგწითლებია, გააგრძელე, ბევრჯერ უნდა გაგიწითლდეს, ისე ნამდვილი კლოუნი ვერ გახდები. ვერც სხვებს გააბედნიერებ. მისია ხომ ოცნებების ნამდვილობაა. მნიშვნელობას მატერია არ ცვლის.

და საერთოდაც, ეს მარტო ჩემი ამბავი არ არის, ეს ყველას ამბავია, ვინც ისწავლა რეალობასთან ერთად არსებობა, ვინც იმაზე მეტად პროდუქტიული გახდა, ვიდრე ადრე.

ჰოდა, რომ არა covid 19, ბევრი მარცხი და სხვა მავანნი, ალბათ ვერასდროს შევძლებდი:

– დამეწყო ჩემი ბიზნესი. არა, ბიზნესები. ერთი უკვე წარმატებული, მეორეზე მალე მოგიყვებით. ეს ის ეტაპია, როდესაც დიდი სიამოვნებით ათენებ ღამეებს, თან ზედიზედ. ყველაფერს თავად აკეთებ:

– მარკეტინგს

– გაყიდვებს

– პროდუქტს

– რეკრუტმენტს

– ედვერთაიზინგს

– სულ, სულ ყველაფერს, რაც საჭიროა ფუნქციონირებისთვის.ზოგჯერ კურიერიც ვარ, კონდიტერიც, ხის ხელოსანიც და იშვიათად დამფუძნებელიც. ოღონდ მართლა, დედას გეფიცებით.

ამის გარდა :

– შევისწავლე ენეაგრამა (ენეაგრამა მასტერთან)

– გავიარე ქოფირაითინგის კურსი.

– ვსწავლობ გრაფიკულ დიზაინს.

– გავხდი საგანმანათლებლო კომპანიის ბრენდ ამბასადორი.

– როგორც “ინფლუენსერს” (აქ ოდნავ მეღიმება, რატომაც არა), მქონდა საინტერესო კამპანიები მსხვილ კომპანიებთან. (წვრილებსაც შემოევლოს ჩემი თავი)

– შეიქმნა ჩემი საავტორო გადაცემა – “წარმატების ფაქტორი”.

– ვთანამშრომლობ საინტერესო კომპანიებთან.

– მყავს რამდენიმე კლიენტი (როგორც ფსიქოლოგს)

– ხანდახან კარგი დედაც ვარ. 

მოკლედ, მთელი გულით ვცდილობ ვიპოვო სწორი ღირებულებები და უკეთესი ადამიანი გავხდე, არასოდეს დამავიწყდეს, როგორი მადლიერი ვარ ცხოვრების, რომელმაც ისეთი მიმიღო როგორიც ვარ.

და ბოლო, როგორ ტრივიალურადაც არ უნდა ჟღერდეს, ჩემი დაუვარცხნელი ნარატივის მთავარი სათქმელი ეს იყო : 

“A comfort zone is a beautiful place but nothing ever grows there.”

გისურვებთ საკუთარი თავის პოვნას!

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

„ვისწავლოთ მეგრული“ – არტანუჯი მეგრულის თვითმასწავლებელს გამოსცემს

საქართველოს პირველი არხის ახალი საიმიჯო რგოლი – „პირველი არხი – შენი საკუთარი ამბავი“