საქართველო კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის დაწყების ეტაპს უახლოვდება, თუმცა ჯერ უცნობია, როდის შემოვა ვაქცინა ქვეყანაში. მთავრობამ უკვე გაასაჯაროვა COVID-19 ვაქცინის დანერგვის ეროვნული გეგმა, რომელიც რამდენიმე მნიშვნელოვან პუნქტს აერთიანებს. სტატიაში გაგაცნობთ ყველაფერს, რაც ვაქცინაციის შესახებ უნდა იცოდე.
როდის დაიწყება ვაქცინაცია?
საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, Pfizer-ის ვაქცინის 30,000-მდე დოზის მიღებას ქვეყანა თებერვლის ბოლოს შეძლებს. ის საკმარისი იქნება 15,000-მდე ადამიანის, სამედიცინო პერსონალის ასაცრელად.
ვაქცინაციის მეორე ეტაპი განხორციელდება მარტში Oxford-AstraZeneca-ს ვაქცინით. ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის, თქმით, მარტის დასაწყისში კომპანია საქართველოს ვაქცინის 150,000 დოზას მოლაპარაკებების საფუძველზე მოაწვდის, ხოლო „კოვაქს“ პლატფორმის ფარგლებში ქვეყანა 300,000 დოზას მიიღებს.
ვინ აიცრება პირველი?
ვაქციანაცია წინასწარ განსაზღვრული პრიორიტეტული ჯგუფებისა და ეტაპების შესაბამისად მოხდება.
პრიორიტეტული ჯგუფები, რომლებიც Covid-19-ის ვაქცინაციის პირველ ეტაპს განეკუთვნებიან:
- ჯანდაცვის სექტორის მუშაკები (46,420)
- ხანგრძლივი მოვლის დაწესებულების ბენეფიციარები (1,560)
- 75 წელს გადაცილებული პირები (136,080)
- 65-74 წლის პირები (197,510)
მეორე ეტაპს განეკუთვნებიან:
- მომსახურების სფეროში დასაქმებული პირები (108,224)
- 55-64 წლის პირები (287,040)
- 18-54 წლის ქრონიკული დაავადების მქონე პირები (53,640)
მესამე ეტაპი კი მოსახლეობის სხვა ჯგუფების (830,474) ვაქცინაციას ითვალისწინებს. ჯამში, ეროვნული გეგმა 2021 წელს 1,691,214 ადამიანის აცრას გულისხმობს, რაც მოსახლეობის 60%-ია.
სად შევძლებთ აცრას?
იმუნიზაციის ქსელის გაფართოება ეტაპობრივად იგეგმება. დასაწყისისთვის, საავადმყოფოები აცრიან საკუთარ სამედიცინო პერსონალსა და მოსახლეობის პრიორიტეტულ ჯგუფებს. შემდეგ კი, თანდათან, დაემატება არსებული იმუნიზაციის კლინიკები, მობილური ბრიგადები და მასობრივი ვაქცინაციის ცენტრები დიდ ქალაქებში.
რა ჯდება ვაქცინაციის პროგრამა?
ვაქცინის დანერგვის ეროვნული გეგმის წინასწარი შეფასებით, ვაქცინაციის მინიმალური ღირებულება 64,333,622 ლარია, ხოლო მაქსიმალური ღირებულება კი 158,190,243 ლარი.
როგორც ცნობილია, საქართველოს მთავრობამ „კოვაქს“ პლატფორმას უკვე გადაურიცხა მოსახლეობის 20%-ის, 700,000 ადამიანის ასაცრელი თანხის ნაწილი.
რა ხდება მსოფლიოში?
ორ თვეზე მეტია, რაც მსოფლიოში კორონავირუსის წინააღმდეგ ჯანმრთელობის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ ლიცენზირებული ვაქცინაციის პროცესი დაიწყო.
Bloomberg-ის თანახმად, მსოფლიოში 180 მილიონამდე ადამიანია აცრილი Covid19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით.
Ourworldindata-ს მიხედვით, ამ გლობალურ პროცესში ისრაელი, არაბეთის გაერთიანებული საამიროები, დიდი ბრიტანეთი და აშშ ლიდერობენ.
Loading…