„იყავი ის, ვინც ხარ“ – კარგად ნაცნობი, კლიშედ ქცეული ფრაზაა, რომელიც რეალურ ცხოვრებაში ნაკლებად გვეხმარება. ხშირად რთულია, გადაწყვიტო „ნამდვილი მე“ წარმოაჩინო სამსახურში თუ „გაფილტრო“ ის და არსებულ გარემოს მოარგო. შევეცდებით, ამ არც თუ ისე მარტივ საკითხში პრაქტიკული რჩევები გაგიზიაროთ.
არ არსებობს „სამუშაო მე“
არაფერია გასაკვირი იმაში, თუკი გქონია შეგრძნება, რომ სამსახურსა და მეგობრების გარემოცვაში ორი სხვადასხვა ადამიანი ხარ. ამის მიზეზი, ხშირად, არაპროგნოზირებადი კლიენტები და კოლეგებია, რომლებთანაც გარკვეული დონის პროფესიონალიზმის ჩვენება აუცილებელია.
თუმცა, თუკი სამუშაო ურთიერთობებს უყურებთ როგორც გარიგებებს, დიდი ალბათობით, ხელიდან უშვებთ უფრო ღრმა და აზრიანი ურთიერთობების ქონის შესაძლებლობას.
ერთი შეხედვით, ძალიან მოსაწყენი თემაც კი, რომელზეც თანამშრომლებს ესაუბრები, შეიძლება იქცეს უფრო პერსონალური გამოცდილების გაზიარების საბაბად.
მაგალითისთვის, ამინდზე საუბრისას შეგიძლია შენი პირადი დამოკიდებულება გაუზიარო სხვებს ან ამბავი გაიხსენო, რაც უფრო მეგობრული ურთიერთობისა და განწყობის ჩამოყალიბებაში დაგეხმარება. ეს ერთგვარი უნარია, რომლის გამომუშავებაც რეგულარული პრაქტიკის შედეგად არის შესაძლებელი.
თქვენი მგრძნობელობის ჩვენებით ადამიანები თავს უფრო კომფორტულად გრძნობენ, რაც აზრიანი ურთიერთობების წინაპირობაა.
ეს პრაქტიკაა
მთავარი ინსტრუმენტი საკუთარი თავის სწორი პოზიციონირებისა და „ნამდვილი მეს“ წარმოჩენისთვის – მოსმენაა.
ყურადღებით მოსმენა დაგეხმარებათ საუბრისას ისეთი დეტალები დაიჭიროთ, რომლებზეც სამომავლოდ ხარისხიანი ურთიერთობის აგებას შეძლებთ.
აქტიური მოსმენა ასევე დაგეხმარებათ იმის გაგებაში, თუ ვისთან გსურთ უფრო სიღრმისეული კავშირის ქონა და ვისთან არა.
მოსმენის პრაქტიკა მჭიდროდაა დაკავშირებული ადამიანის უნართან, იყოს გულუხვი თავის შეთავაზებებში, იდეებსა და ურთიერთობებში. როდესაც სხვა ადამიანისგან არაფერს მოელი, სწორედ მაშინ ამყარებ ყველა მტკიცე კავშირებს.
დაეხმარე იმ ადამიანებს, ვისაც გულწრფელად პატივს სცემ და არა მათ, ვინც შენგან სარგებელს მოელის ან შენი არასასურველ სიტუაციაში ჩაყენება შეუძლიათ.
არ არის საჭირო ყველასთან ურთიერთობა
შენი „ნამდვილი მეს“ წარმოჩენა სამსახურში ნიშნავს, იყო მგრძნობიარე, თუმცა ყველა არ იმსახურებს თქვენი ამ მხარის ჩვენებას. საზღვრების დაწესება საკმაოდ სასარგებლო და მნიშვნელოვანია რამდენიმე მიზეზის გამო: ის დროს გიზოგავთ, გადაღლისგან და ნდობის დაკარგვისგან გიცავთ და საშუალებას გაძლევთ, კონცენტრირდეთ იმ ურთიერთობებზე, რომლებსაც სიხარული მოაქვს თქვენთვის.
გახსოვდეთ, რომ საჭიროა სწორი ადამიანების შერჩევა იმისთვის, რომ საკუთარი ნამდვილი სახე დაანახოთ მათ და არ არის აუცილებელი, თქვენი შინაგანი სამყარო ყოველ შემხვედრს გადაუშალოთ.
სიღრმისეული და აზრიანი ურთიერთობებისთვის სივრცის გამოძებნა საშუალებას მოგცემთ, პირადი ცხოვრება და სამსახური ბუნებრივად დაუკავშიროთ ერთმანეთს და გააერთიანოთ.
წყარო: hbr.org
Loading…