ჩინეთის სამთავრობო სტიპენდია 100%-იანი დაფინანსებით, სწავლა მსოფლიო უნივერსიტეტების რეიტინგში მე-15 ცინგხუას უნივერსიტეტში, აქტიური და პროდუქტიული სტუდენტური ცხოვრება და საქართველოს არაფორმალური ელჩის სტატუსი – ასე გამოიყურება დარინე რაზმაძის პეკინური ცხოვრება. ჩინეთის პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამის ქართველი სტუდენტი მოგიყვებათ განვლილ გზასა და გამოცდილებაზე, რომელიც საკმაოდ რთულ, პანდემიურ პერიოდს დაემთხვა.
– როდის და როგორ დაინტერესდი ჩინეთით?
თავისუფალ უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობების სკოლაში მოხვედრის შემდეგ, აუცილებელი იყო ამერჩია კონცენტრაცია და შესაბამისად, რომელიმე უცხო ენა, რომელსაც შევისწავლიდი ოთხი წლის განმავლობაში. თავდაპირველად, ჩინური ენის არჩევას არ ვგეგმავდი, ესპანური ენა უფრო მიზიდავდა, თუმცა ოჯახის წევრებისა და ლექტორების რჩევით, გადავწყვიტე, რომ კონცენტრაცია – შორეული აღმოსავლეთი – ამერჩია და სწორედ ასე გავხდი ჩინური მიმართულების სტუდენტი. ამის შემდგომ, დაიწყო ჩემი დაინტერესება ჩინეთით. უნივერსიტეტში მოხვედრამდე სრულიად არ მქონდა შეხება არათუ ჩინურთან, არამედ რომელიმე აზიურ ენასთან ან კულტურასთან.
– დაინტერესების შემდგომ, რა იყო ის პრაქტიკული ნაბიჯები, რომლებმაც მიგიყვანა ჩინეთამდე?
– იქიდან გამომდინარე, რომ ჩემთვის უცხო ენების შესწავლის პროცესი ყოველთვის სასიამოვნო იყო, ძალიან დიდ დროსა და ენერგიას ვუთმობდი ჩინური ენის შესწავლასაც. სწორედ ამიტომ, მივიჩნევდი, რომ მაქსიმალურად უნდა გამომეყენებინა მიღებული ცოდნა და შესაბამისი გამოცდილებაც მიმეღო იმისათვის, რომ მქონოდა შესაძლებლობა სწავლა ჩინეთში გამეგრძელებინა. ამ მხრივ, რა თქმა უნდა, უდიდესი წვლილი მიუძღვით ჩემს ჩინური ენის ლექტორებს თავისუფალ უნივერსიტეტში, რომელთა დახმარებითაც უამრავ ღონისძიებაში მივიღე მონაწილეობა და ჩავაბარე ჩინური ენის დონის (HSK) სასერტიფიკაციო გამოცდები. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ როდესაც ჩინურ ენას სწავლობ, მაქსიმალურად ეცადო და გაბედო, თუნდაც ისეთ კონკურსებში მონაწილეობის მიღება, რომლებიც ერთი შეხედვით ურთულესად გეჩვენება. ჩემს შემთხვევაში, ერთ-ერთი გადამწყვეტი ეტაპი სწორედ საერთაშორისო კონკურსი „ჩინური ენის ხიდი“ აღმოჩნდა. 2015 წელს, საქართველოს სახელით მივიღე მონაწილეობა აღნიშნულ კონკურსზე და სწორედ ეს იყო ჩემი პირველი მოგზაურობა ჩინეთში. ასევე, 2017 წელს გავხდი „საქართველოს სინოლოგთა ასოციაციის“ წევრი და საშუალება მქონდა ჩინეთთან დაკავშირებულ საგანმანათლებლო და კულტურულ პროექტებში მონაწილეობა მიმეღო.
– რა რჩევებს მისცემდი ადამიანებს, რომლებსაც სურთ თავიანთი სწავლა და კარიერა ჩინეთს დაუკავშირონ. კონკრეტულ პროგრამებსა თუ სტიპენდიებზე თუ მოგვაწვდი ინფორმაციას.
ამ მხრივ, რა თქმა უნდა, კონკრეტული გეგმა არ არსებობს, რადგან ნებისმიერი ადამიანისთვის განსხვავებული შეიძლება აღმოჩნდეს გზა ჩინეთამდე. ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ჩინური ენისა და კულტურის უკეთ გაცნობა მგონია. ჩინეთში კარიერის გაგრძელება არ მოითხოვს აუცილებლად ენის ცოდნას, თუმცა გარკვეულ ეტაპზე თითქმის ყველასთვის საჭირო ხდება სულ მცირე ჩინურ ენაზე მეტყველება. ბოლო რამდენიმე წელია, ხშირად მიკავშირდებიან კითხვით, როგორ შეიძლება სწრაფად და საფუძვლიანად ჩინური ენის დაუფლება ან ჩინეთში სწავლის გაგრძელება. მიმაჩნია, რომ, ამ ეტაპზე, საქართველოში თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტს საუკეთესო პროგრამები აქვს, რომელიც გათვლილია სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფისა და ენის დონის შესაბამისად. გარდა ამისა, აღნიშნულ ინსტიტუტს აქვს სასტიპენდიო პროგრამებიც, რომელიც ჩინური ენის შემსწავლელ ნებისმიერ ადამიანს, წარმატების შემთხვევაში, საშუალებას აძლევს სწავლა ჩინეთში გააგრძელონ. შედარებით ახალია ჩინეთის საერთაშორისო განათლების ინსტიტუტი, თუმცა აღნიშნულ უცხო ენების შემსწავლელ ცენტრს, როგორც ვიცი, უკვე აქვს განხორციელებული წარმატებული პროექტები. რა თქმა უნდა, სტიპენდიებზე საუბრისას, წარმოუდგენელია, არ ვახსენო ჩინეთის მთავრობის სასტიპენდიო პროგრამები, რომლებიც ყოველწლიურად ათეულობით სტუდენტს მოიპოვონ სრული დაფინანსება და თავიანთი კარიერა ჩინეთში გააგრძელონ. თავად მე, სწორედ აღნიშნული სტიპენდია მოვიპოვე და ასე ვაგრძელებ ჩინეთში ცხოვრებასა და სწავლას, რისთვისაც უღრმესი მადლობა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს საქართველოში.
– მოგიწია თუ არა პანდემიის დასაწყისში ჩინეთში ყოფნა და რა ხდებოდა იმ დროს – რა სირთულეებთან იყო დაკავშირებული შენთვის, როგორც უცხო ქვეყნის წარმომადგენლისთვის, კორონავირუსთან დაკავშირებულ სირთულეებთან გამკლავება?
– პანდემიის დასაწყისში ყველაზე რთული პირველი რამდენიმე თვე იყო. რთული აღმოჩნდა შეგუება იმასთან, რომ კამპუსის ტერიტორიაზე მომიწევდა ცხოვრება მთელი წლის განმავლობაში. მიუხედავად ამისა, ცინგხუას უნივერსიტეტი კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგოდ მაქსიმალურ ზომებს იღებდა. ჩემთვის, ონლაინლექციებზე დასწრება და პროდუქტიულობა, ერთ-ერთი რთული გამოწვევა აღმოჩნდა. ამასთან, დამღლელი იყო თითქმის ერთი წლის განმავლობაში ყოველდღიურად ტემპერატურის გაზომვა და აღრიცხვა, თუმცა ცხადია, ესეც უსაფრთხოების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ზომა იყო. როგორც უცხო ქვეყნის წარმომადგენელს, მეც და სხვა უცხოელ სტუდენტებსაც, მაქსიმალურად გვეხმარებოდა უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ახალი ზომების მიღებისას სირთულეებს გავმკლავებოდით. ყველაფრის მიუხედავად, უნივერსიტეტმა მოგვცა საშუალება დავრჩენილიყავით კამპუსის ტერიტორიაზე, ხოლო სურვილის შემთხვევაში, პროცედურების გავლის შემდგომ, სამშობლოში დავბრუნებულიყავით.
– როგორც ვიცი, საკმაოდ აქტიურად ცხოვრობ და მედიასაშუალებებშიც ჩნდები. შენი ინტერვიუ ვნახე. რას შეეხებოდა ინტერვიუ და სხვა რა ტიპის აქტივობებით ხარ დაკავებული ჩინეთში?
პანდემიის მიუხედავად, გადავწყვიტე ეს პერიოდი პეკინში დავრჩენილიყავი და სირთულეების მიუხედავად, მეტი პრაქტიკული გამოცდილება მიმეღო.
ამ პერიოდში, ვმონაწილეობდი სხვადასხვა ტიპის პროექტში, რომელიც დაკავშირებულია სტუდენტურ ცხოვრებასთან, ჩინური ენის შესწავლასა და საერთაშორისო პოლიტიკასთან. გარდა ამისა, რამდენჯერმე მქონდა კიდეც შემოთავაზება, მედიასაშუალებებთან მეთანამშრომლა. ასეთი ტიპის აქტივობები განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მგონია, რადგან მაქვს საშუალება არამხოლოდ საკუთარი გამოცდილება გავუზიარო სხვებს, არამედ საქართველოს შესახებაც ვისაუბრო.
ბოლო ინტერვიუ შეეხებოდა სტუდენტების აზრს ჩინეთის პლენარულ სესიებზე, რომელიც „ორი სესიის“ სახელითაა ცნობილი და ყოველწლიურად მარტში ტარდება. ვისაუბრე „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ინიციატივაზე, საქართველო-ჩინეთის ურთიერთობებზე და პოსტკოვიდ გამოწვევებზე. აღნიშნულ სხდომაზე ხდება განვლილი წლის შეჯამება, არსებული პოლიტიკური, სოციო-ეკონომიკური გამოწვევების განხილვა და სამომავლო გეგმების დასახვა. ყოველ წელს, ზოგადად, მთელი მსოფლიო ადევნებს თვალს ამ სესიებს.
– ჩინური საკმაოდ რთული ენითა და დამწერლობით გამოირჩევა. რა ტიპის შრომასა და ინტენსიურ მზადებასთან არის დაკავშირებული მისი შესწავლა და რა პერიოდი შეიძლება დასჭირდეს დამწყებს?
– ჩინური ენა განსაკუთრებით რთულ დამწერლობითა და ფონეტიკით გამოირჩევა. წარმოუდგენელია, შრომისმოყვარეობის გარეშე რაიმეს მიაღწიო. მაგრამ, ცხადია, ეს არ ნიშნავს ღამეების გათენებასა და არასწორი რეჟიმით ცხოვრებას. უბრალოდ, აუცილებელი მგონია, საჭიროზე მეტი დრო და ენერგია დახარჯო, სხვადასხვა მეთოდი სცადო ჩინურ ენასთან „დასაახლოვებლად“, იქნება ეს ჩინური ფილმებისა თუ სატელევიზიო დრამების ყურება, ჩინელ მეგობრებთან მიმოწერა და კომუნიკაცია, თუ ჩინეთში მოგზაურობა. ძალიან ხშირად, საქართველოში, უკითხავთ შესაძლებელია თუ არა რამდენიმე თვეში ჩინურ ენაზე ლაპარაკი იეროგლიფების შესწავლის გარეშე. რა თქმა უნდა, შესაძლებელია სიტყვებისა და წინადადებების დაზეპირება და გამეორება, მაგრამ იეროგლიფების შესწავლის გარეშე ენას საფუძვლიანად ვერ შეისწავლით. როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, ჩემთვის ჩინური ენის გრამატიკის შესწავლა უფრო მარტივი აღმოჩნდა, ვიდრე, მაგალითად, ფრანგული ენის გრამატიკის გაგება. დამწყებთ, აუცილებლად ვურჩევ, დიდი ყურადღება დაუთმონ ჩინური ტონების სწორად ათვისებას. წინადადების სტრუქტურის წესების დამახსოვრება და იეროგლიფების გამოწერა მნიშვნელოვანი პროცესია ჩინური ენის შესწავლისას, თუმცა, თუკი ტონებს არასწორად აითვისებთ, შესაძლოა, წლები აღმოჩნდეს საჭირო ჩინურ ენაზე მეტყველების გამოსასწორებლად.
Loading…