სამუშაო სივრცეები დღეს დიდი პოპულარობით სარგებლობს. დაგვეთანხმებით, უფრო პროდუქტიულია ადამიანი, როდესაც მისთვის კომფორტულ (არასახლურ) გარემოს მოირგებს და ირგვლივ თანამოაზრეებსაც აღმოაჩენს, იდეებს გაუზიარებს, რჩევას იკითხავს – სწორედ ასე მიიღწევა გონებაში არსებული იდეის სრულყოფილი ხორცშესხმა.
და რას იტყოდი, ეს ყველაფერი სახლიდან გაუსვლელადაც რომ შეგეძლოს?
ლერნინგვილი სწორედ ამის საშუალებას გვაძლევს. სამუშაო სივრცე Zoom-ის აპლიკაციით იქნება უზრუნველყოფილი, სივრცით მოსარგებლეებს კი საერთო ინტერესების ადამიანების პოვნა და მათთან ერთად ზოგადი თეზისების გავლა შეეძლებათ.
ლერნინგვილი არის ახალი საგანმანათლებლო კომპანია, რომელიც მიზნად ისახავს განათლებაში მიმდინარე ინოვაციურ და საინტერესო სიახლეებზე ინფორმაციის გაზიარებას, ტრენინგებისა და არაფორმალური შეხვედრების ორგანიზებას ყველა დაინტერესებული ჯგუფისთვის. მათ შორის არიან აბიტურიენტები, სტუდენტები, ახალგაზრდა პროფესიონალები, მასწავლებლები და ლექტორები.
Venue. იდეის ორგანიზატორებს გაესაუბრა:
როგორ ვისარგებლებთ Zoom-ის სამუშაო სივრცით?
ლერნინგვილის სამუშაო სივრცე ზუმში იქნება დამხმარე პლატფორმა მათთვის, ვინც ამჟამად მუშაობს სხვადასხვა აკადემიურ ნაშრომზე და, პანდემიიდან გამომდინარე, ყველამ ვიცით, როგორი რთულია დარჩე მოტივირებული და აქტიურად გააგრძელო მუშაობა. ამიტომ, ამ სივრცეში ყველა მსურველს ექნება საშუალება, კვირაში ორჯერ ორი საათის განმავლობაში უბრალოდ შემოუერთდეს სხვა ადამიანებს, მიიღოს რჩევები აკადემიურ წერასთან და კვლევის სტრუქტურასთან დაკავშირებით ან უბრალოდ იმუშაოს სხვა ადამიანების გარემოცვაში.
რა გახდა პროექტის განხორციელების საფუძველი?
ჩვენ თავად გვაქვს გამოცდილი ეს პერიოდი რამდენ შრომასა და ფოკუსირებას მოითხოვს, ასევე ონლაინ მუშაობის სირთულეებიც და, ვფიქრობთ, რომ ონლაინ მუშაობა შეიძლება უფრო საინტერესო და სახალისო გახდეს. რადგან ისედაც მუდმივად ონლაინ გვიწევს ყველაფრის კეთება, ვცდილობთ, რომ სხვა კუთხიდან დავანახოთ ადამიანებს, ის, რაც, გარკვეულწილად, განათლების მომავალია.
Loading…