ჩვენს პლანეტაზე ყოველწლიურად კომეტებისა და ასტეროიდების მტვერი იყრება. ვარსკვლავთშორისი მტვრის ნაწილაკები ჩვენს ატმოსფეროში დაფრინავს და ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს ვარსკვლავი ჩამოვარდა. მათი ნაწილი ჩვენს პლანეტაზე მიკრომეტეორიტების სახით ცვივა. მაგრამ რამდენი?
ჩვენს წარმოსახვაში, ასტეროიდები ყოველთვის დიდი ზომისაა. საფრანგეთის ეროვნული სამეცნიერო კვლევის ცენტრისა და პარიზ-საკლეს უნივერსიტეტის მკვლევრების გამოთვლების მიხედვით, ყოველწლიურად დედამიწაზე კომეტებისა და ასტეროიდების 5200 ტონა ვარსკვლავთშორისი მტვერი აღწევს. მისი ნაწილაკები იმდენად პატარაა, რომ ვერც კი ვამჩნევთ.
20 წლის განმავლობაში, მეცნიერები მიკრომეტეორიტებს აგროვებდნენ და აანალიზებდნენ. მათ დაასკვნეს, რომ მიკრომეტეორიტები, რომლებიც ატმოსფეროში შემოსვლას გადაურჩება, შესაძლოა, დედამიწის ნებისმიერ წერტილში დაეცეს. მათი ჩვეულებრივი მტვრისგან გარჩევა შეუძლებელია, თუ ანტარქტიდაზე არ ვიმყოფებით.
მიკრომეტეორიტების შეგროვებისა და ანალიზისთვის, ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში, ექვსი ექსპედიცია ჩატარდა CNRS– ის ფრანგულ – იტალიურ კონკორდიას სადგურთან (გუმბათი C), რომელიც ადელიის მიწის სანაპიროდან 1100 კილომეტრში, ანტარქტიდის გულში მდებარეობს. გუმბათი C მიკრომეტეორიტებზე დაკვირვებისთვის თოვლის დაგროვების დაბალი ტემპისა და მიწიერი მტვრის თითქმის არარსებობის გამო, იდეალური ადგილია.
შეიძლება დაგაინტერესოს: კოსმოსური ქარიშხალი – რით განსხვავდება ეს მოვლენა დედამიწის სტიქიისგან
რატომ ვაკვირდებით მიკრომეტეორიტებს?
მისი მცირე ზომის მიუხედავად, კოსმოსური მტვერი ჩვენს მზის სისტემის შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას ინახავს. მათი საშუალებით შეგვიძლია, გავიგოთ ასტეროიდებსა და კომეტებში მიმდინარე პროცესების შესახებ.
”გარკვეული მინერალებისთვის საჭიროა თხევადი წყლის წარმოქმნა, ასე რომ, თუ ამ მინერალებს მეტეორში ან მიკრომეტეორიტში ვხვდებით, ეს ნიშნავს, რომ თხევადი წყალი უნდა ყოფილიყო კომეტის ან ასტეროიდის რომელიმე წერტილში, საიდანაც წარმოიშვა”, – წერს თავის პირად ბლოგზე ბუნების ისტორიის მუზეუმის პლანეტარული მეცნიერი, პენელოპა ვოზნიაკივიჩი.
დასკვნების თანახმად, მიკრომეტეორიტების 80% კომეტებიდან მოდის. მათი ძირითადი ნაწილი იუპიტერის ოჯახის კომეტებიდან არის. ამ პაწაწინა მეტეორიტების დარჩენილი 20% ასტეროიდებიდან მოდის.
მომავალში, ასტროფიზიკოსებს ამ ინფორმაციის გამოყენება ადრეული დედამიწის წარმოქმნის მოდელირებისთვის შეეძლებათ, რომელზეც დიდი გავლენა ვარსკვლავთშორისი მტვრის ნაწილაკების რაოდენობამ მოახდინა.
Loading…