სტარტაპი რედაქტ.ორი ფილოლოგმა დებმა, სალომე და ნანაკო უსტარაშვილებმა, რამდენიმე წლის წინ დააარსეს. მიზანი ერთი იყო – სასიამოვნო სასარგებლოსთვის შეეთავსებინათ და საყვარელ საქმედ გადაექციათ.
Venue. „რედაქტ.ორის“ ამბების გასარკვევად დებს გაესაუბრა:
რას საქმიანობს თქვენი სტარტაპი?
ჩვენ ტექსტებს „ვმკურნალობთ“. ამ დრომდე რამდენიმე ათეული სტილის, ჟანრის, შინაარსის ტექსტი გვაქვს რედაქტირებული.
როგორ გაჩნდა სტარტაპის იდეა?
პროფესიით ფილოლოგები ვართ. დამოუკიდებლად, ცალ-ცალკე, ორივეს გვქონდა ამ მიმართულებით გარკვეული გამოცდილება დაგროვებული. ერთ დღესაც ვიფიქრეთ – რატომ ცალ-ცალკე, როცა ორივესთვის საყვარელი საქმე ერთად უკეთ გამოგვივა?! – ასე დაიბადა ჩვენი რედაქტ.ორი.
რამდენი ადამიანი მუშაობთ პროექტზე?
ამ ეტაპზე მხოლოდ ჩვენ ვმუშაობთ. გვინდოდა, ეს დუეტი ჩვენი პატარა კომპანიის სახელწოდებაშიც ასახულიყო და ამიტომ დავყავით სიტყვაც – „რედაქტ.ორი“.
რა სირთულეები შეგხვდათ იდეის განხორციელებისას?
სიმართლე გითხრათ, არანაირი. ვიცოდით, გვჯეროდა საკუთარი თავისა და ერთმანეთის, ამიტომ პირველი ნაბიჯი, რომელიც იდეის მომწიფებისთანავე გადავდგით, ფეისბუქ-გვერდის რეგისტრაცია და საზოგადოებისათვის ჩვენი მომსახურების შეთავაზება იყო.
რას ურჩევდით დამწყებ სტარტაპერებს?
ის, რაც გონებასა და გულში მუდმივად ტრიალებს, აუცილებლად უნდა განახორციელონ. ვფიქრობთ, ასჯერ გაზომვა და ერთხელ გაჭრა ასეთ საქმეზე დროის კარგვაა. და თუ სულ ცინცხალი სტარტაპერები არიან, შეუპოვრად გადადგან ყველა ნაბიჯი, თუნდაც – არასწორი.
გყავთ თუ არა კონკურენტი ადგილობრივ ბაზარზე?
დღეს იმდენად დიდია რედაქტორის საჭიროება, კონკურენტად ვერავის მივიჩნევთ. რაც მეტნი ვიქნებით, მით მეტად დახვეწილი იქნება მხატვრული ლიტერატურის, ჟურნალ-გაზეთების, განცხადებებისა თუ ელექტრონული სტატიების გრამატიკული ხარისხი.
რა არის საჭირო, რომ სტარტაპი წარმატებული იყოს?
ბანალურია, თუმცა თავდადება და უანგაროდ გაცემული ენერგია. მთავარია, გიყვარდეს, რასაც აკეთებ. მხოლოდ ამ შემთხვევაში ვერ იგრძნობ დაღლას.
Loading…