იოსი კაკიაშვილი „მასტერშეფის“ ერთ-ერთი გამორჩეული მონაწილეა, რომელიც Venue.-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ პროექტის დროს სამზარეულოში შიშების დამარცხება შეძლო. იოსის სამომავლო გეგმები კულინარიასა და ამ სფეროში პროფესიული განათლების მიღებას უკავშირდება.
1. „მასტერშეფში“ მონაწილეობა როცა გადაწყვიტეთ, გქონდათ მოლოდინი, რომ ფინალში გახვიდოდით?
„მასტერშეფში“ რომ გადავწყვიტე მონაწილეობა, იმის შანსი, რომ 12 კაცში მოვხვდებოდი, ძალიან მცირე იყო, მომცეს შანსი და დავდე მაქსიმუმი. ყოველ ეტაპზე, როგორც ახალ გამოწვევას, ისე ვიღებდი ყველა დავალებას და სულ ვამბობდი, რომ რაც კი აზრად მომივიდოდა, ეგ გამეკეთებინა, ამით ის მეცოდინებოდა, რომ მე ჩემი გავაკეთე და ისე დავტოვე პროექტი, მაგრამ ისე აღმოჩნდა, რომ ძალიან ხშირად ვიყავი საუკეთესო და ასე მივედი ფინალამდე.
2. ფინალში რომ ვერ გაიმარჯვეთ, თქვენთვის ეს ერთგვარი იმედგაცრუება ხომ არ იყო?
პირიქით, უდიდესი მოტივაცია იყო, რადგან მე უკვე გამარჯვებულად ვთვლი საკუთარ თავს. მე შევძელი და ჩემი შიშები დავამარცხე სამზარეულოში.
3. რა მოგცათ „მასტერშეფმა“, შეიცვლება თუ არა თქვენი ცხოვრება პროექტის შემდეგ, რა მოლოდინი გაქვთ?
შეიცვალა რადიკალურად, გამიცნო ხალხმა და მიგზავნიდნენ ძალიან დიდ ემოციებს, რომელიც მაძლიერებს ახლაც კი. მგონია, მე დავამტკიცე, რომ ძლიერი მზარეული ვარ, რომელსაც აქვს პოტენციალი, გახდეს ერთ-ერთი საუკეთესო შეფი არა მხოლოდ საქართველოში.
4. პროექტს რომ გადახედოთ, ყველაზე დასამახსოვრებელი რომელი ტური იყო თქვენთვის და რატომ?
თუ არ ჩავთვლით ფინალს, ნახევარფინალი იყო ყველაზე მძიმე, ყველაზე რთული და ყველაზე აშკარა, რომ არასდროს უნდა დანებდე და ყოველთვის იპოვი გამოსავალს. ძალიან რთული დავალებები იყო და მგონია, რომ ღირსეულად გავართვი თავი, თუნდაც ჩავარდნა მქონოდა.
5. თქვენი აზრით, რომელი იყო „მასტერშეფში“ თქვენ მიერ მომზადებული ყველაზე კარგი კერძი?
ალბათ, ნაყინი, რადგან მან მე ფინალში მომაპოვებინა საგზური და დამაჯერა, რომ მართლა ძლიერი კონკურენტი ვიყავი ყველასთვის.
6. თქვენს სამომავლო გეგმებზე მოგვიყევით, რას აპირებთ უახლოეს პერიოდში და ასევე გვითხარით გრძელვადიან გეგმებზე, რისი მიღწევა გსურთ ამ სფეროში?
სამომავლო გეგმები ძალიან ბევრია და საინტერესო. ვფიქრობ, მივცე საკუთარ თავს მეტი თავისუფლება და დავიწყო მოგზაურობა და შესწავლა ყველა კულტურის. მინდა, მივიღო პროფესიული განათლება კულინარიის განხრით ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ სასწავლებელში მსოფლიოში, მაგრამ ყველამ ვიცით, რომ ჩემი პროფესია გამოცდილებასა და ფანტაზიას ეყრდნობა და მის დახვეწაში დამეხმარება ბევრ სხვადასხვა ადგილზე საკუთარი თავის გამოცდა. მინდა, გავაცნო ჩვენი კულტურა მსოფლიოს და ვაჩვენო, თუ რა შესაძლებლობები აქვს ჩვენს პატარა ქვეყანას რეალობაში.
Loading…