in

„მზის სახელით“ – დედის გარდაცვალების შემდეგ შექმნილი საქველმოქმედო ფონდი

„მზის სახელით“ – ასე ეწოდება საქველმოქმედო ფონდს, რომელიც 27 წლის ნატა კიკაძემ, დედის გარდაცვალების შემდეგ, ლეიკემიით დაავადებული ადამიანების, ასევე მოხუცებისა და სოციალურად დაუცველი ოჯახების დასახმარებლად შექმნა. ნატა დარწმუნებულია, რომ როდესაც ადამიანი მძიმე დაავადებას ებრძვის, მის დასახმარებლად ჩარიცხულ ერთ ლარსად უდიდესი მნიშვნელობა აქვს. 

ფონდის საქმიანობასა და სამომავლო გეგმებზე Venue.ge ნატა კიკაძეს ესაუბრა.

საიდან გაჩნდა ფონდი დაარსების იდეა და რა იქნება მისი საქმიანობის მთავარი მიმართულება?

ფონდის დაარსებამდე იყო ფეისბუქ ჯგუფი „გადამირჩინე დედა“, რომელიც 2021 წლის 26 აგვისტოს შევქმენი, როცა დედას დიაგნოზი გავიგე, ეს იყოს მწვავე ლეიკემია. ახლა კი საქველმოქმედო საქმიანობას განვაგრძობთ ახალი სახელწოდებით – „მზის სახელით“.

ფონდის საქმიანობას რაც შეეხება, პირველ რიგში, მინდა, ლეიკემიით დაავადებულ ყველა ადამიანს დავუდგე გვერდში. დღეს ლეიკემიის დამარცხება შესაძლებელია, ოღონდ მკურნალობა ძალიან დიდ თანხებთანა არის დაკავშირებული. თუ თანხა არ გაქვს, განწირული ხარ. გარდა ლეიკემიით დაავადებული პაციენტებისა, ძალიან მინდა, დავეხმარო მოხუცებსა და გაჭირვებულ ოჯახებს.

როგორ აპირებთ ფონდში თანხების მობილიზებას?

ფონდში თანხების მობილიზება მარტივი არ არის, მაგრამ არც შეუძლებელი. ჩემს ჯგუფში 15 000  ადამიანია, აქედან, დაზუსტებით შემიძლია გითხრათ, რომ 80% მიცნობს და მენდობა. თანხების შეგროვებისას მთავარი ნდობაა. ყველაფერი უნდა იყოს გამჭირვალე და ჯგუფის თითოეული წევრისთვის მარტივად დასანახი. ამ ყველაფერში, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, დიდი გამოცდილება მაქვს.

მოგვიყევით დედაზე და მის დაავადებაზე, როდის შეიტყო, რამდენი ხანი ებრძოდით ამ დაავადებას და რა გზა გაიარეთ?

ჩემი მზე დედიკო 2021 წლის 23 აგვისტოს შევიყვანეთ კლინიკაში. ( შეგნებულად არ დავასახელებ) მთელ ტანზე ჰქონდა სისხლჩაქცევები, დიდი შავი ლაქები, ამ დროს არც წარმომედგინა, რომ რაღაც საშიშ და ვერაგ სენს უნდა „დავმეგობრებოდით“. აიღეს ბიოფსია და 26 აგვისტოს, მახსოვს, შესვენებაზე ვიყავი, დავრეკე კლინიკაში, მზევინარის პასუხები ხომ არ მოსულა-თქო, მაშინვე მითხრეს, მზევინარს მწვავე ლეიკემია აქვს. ამ პასუხის შემდეგ  არ მახსოვს, რა მოხდა. თანამშრომლებმა მომიყვანეს გონს. საქართველოში ექიმმა პირდაპირ მითხრა, ეს ისეთი  დაავადებაა, დღეს ან ხვალ დაიღუპებაო. ამ სიტყვების გაგონებიდან 2 დღეში დედა აღმოჩნდა თურქეთში, ისე რომ დიაგნოზიც არ იცოდა, რა იყო. ჯგუფი წასვლამდე 2 დღით ადრე გავხსენი. ტელეფონი არ გაჩერდა, პოსტის დადებიდან ორ დღეში შეგროვდა გამგზავრების, საჭირო ანალიზებისა და მკურნალობის ერთი თვის თანხა, რაც დაახლოებით 40 000 აშშ დოლარს შეადგენდა, ეს იყო ნიშანი, რომ მე არ უნდა დავნებებულიყავი და გამეგრძელებინა გზა, რომელსაც დავადექი.

რამდენად მნიშვნელოვანი იყო იმ პერიოდში საზოგადოების თანადგომა როგორც მორალურად, ისე ფინანსურად?

თურმე, ადამიანებს რა ძალა ჰქონიათ, ასე დავიწყებდი ამ კითხვაზე პასუხის გაცემას. უნდა გენახათ, როგორ იბრძოდნენ დედაჩემის სიცოცხლის გადასარჩენად საერთოდ უცხო ადამიანები, ისინიც, ვისთანაც მხოლოდ გამარჯობის თქმით შემოვიფარგლებოდი. ამზადებდნენ პოსტებს, ყიდდნენ საყვარელ ნივთებს, მხატვრები, მწერლები, პოეტები საკუთარ ნამუშევრებს იმეტებდნენ, დედიკოს მოსწავლეები სკოლის ნივთებს არ ყიდულობდნენ და თითოეული თეთრი ირიცხებოდა ჩემს ანგარიშზე. ქუჩა-ქუჩა დადიოდნენ, ხალხს ეხვეწებოდნენ, ავტობანზე მოსწავლეების დიდი არმია იდგა და მანქანებს აჩერებდნენ, ახლაც გული მიჩერდება იმ კადრების დანახვისას, რაც მათ გამოიარეს. უცხო თუ ნაცნობი გაერთიანდა მზის ისევ ასანთებად. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ დედის გადარჩენა მხოლოდ ჯგუფმა შეძლო, რომ არა ეს ხალხი, იმ 1 წელსაც ვერ ვაცოცხლებდი დედას. მათ გარეშე მე ვერაფერს გავხდებოდი.

თურმე, ადამიანებს რა ძალა ჰქონიათ…

დაგარწმუნათ თუ არა საზოგადოების თანამდგომამ იმაში, რომ ადამიანის დასახმარებლად ჩარიცხულ ერთ ლარსაც კი დიდი მნიშვნელობა აქვს?

ხალხი რიცხავდა იმას, რაც შეეძლოთ და რაც ჰქონდათ, იყო 0,86 თეთრი, არასოდეს დამავიწყდება დანიშნულება – „მაპატიე მეტი არ მაქვს“. ყოველთვის მეგონა, როცა დახმარებას ითხოვდნენ და მე მცირე თანხით ვეხმარებოდი, ეს არაფერს ნიშნავდა, მაგრამ, აი, ახლა მე თამამად ვიტყვი, რომ თითოეული ადამიანის 1 ლარს სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია.

რას ეტყოდით იმ ადამიანებს, რომლებიც ახლა გადიან ამ მძიმე გზას?

დღეს ძალიან ბევრი ადამიანი იბრძვის სიცოცხლისთვის, თითოეულთან მინდა, სათითაოდ მივიდე, ჩავეხუტო  და ვუთხრა, რომ შეუძლებელი არაფერია.

ლეიკემია ნამდვილად დამარცხებადია, ყველა დიაგნოზს დავამარცხებთ, თუ ვიქნებით პოზიტიურები, სიმსივნის პირველი მტერი სწორედ ესაა

გვითხარით ფონდის სამომავლო გეგმების შესახებ

რაც შეეხება ჩემს ფონდს, ძალიან მინდა ბევრ ადამიანს დაუდგეს გვერდით. როცა სიმსივნეს ებრძვი, თანხები მნიშვნელოვანი კი არა – უპირველესია. სამწუხაროდ, სახელმწიფოს ძალიან ცოტა ლიმიტი აქვს ასეთი პაციენტების დაფინანსებისთვის, ჩვენ კი იმ 1 ლარით ყველას ერთად შეგვიძლია ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა. ფონდში აქტიურად ჩატარდება მარათონები, იქნება ეს მცირეთანხიანი, მაგრამ ყველას ჩართულობით საბოლოოდ კარგ შედეგებამდე მივალთ. აქვე მინდა, აღვნიშნო, რომ მე მარტო არ ვარ, მყავს ძალიან  ბევრი პატარა მეგობარი, რომლებიც მზად არიან ნებისმიერი სახის დახმარება გამიწიონ.

საბოლოოდ ერთს დავამატებ, ჩვენი გვერდში დგომითა და მზის სახელით, ყველა ადამიანის გადარჩენას შევძლებთ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

re:educate − სივრცე, სადაც მსოფლიოში ყველაზე მოთხოვნადი ტექპროფესიები შეისწავლება

28 წლის მარიამ მაღლაკელიაძე ნიუ ჯერსის უნივერსიტეტის ასოცორებული პროფესორი გახდა