„ქერია ეითემი“ ქართული სტარტაპია, რომელიც, მოცემულ ეტაპზე, ძიძების გადამზადებითა და დასაქმებითაა დაკავებული. საქართველოში სერტიფიცირებული ძიძის კულტურა სწორედ მათი დამსახურებაა.
სტარტაპის შესახებ მეტი დეტალის გასაგებად კომპანიის დამფუძნებელსა და დირექტორს – მანანა პაჭკორიას გავესაუბრეთ:
რა პროდუქტზე მუშაობს თქვენი სტარტაპი?
“ქერია ეითემი” (career 8M ) – პროფესიული კონსულტირებისა და დასაქმების ცენტრი – სტარტაპ კომპანიაა, რომლის მთავარი საქმიანობა ოჯახში მომსახურე პერსონალის, მათ შორის, ძიძების შერჩევა, გადამზადება და დასაქმებაა.
როგორ გაჩნდა სტარტაპის იდეა?
„ძიძების გადამზადებისა და დასაქმების ცენტრის“ დაარსების იდეა გაჩნდა მაშინ, როცა მეგობრის ბავშვი ბაღში წავიდა და ძიძა დარჩა სამსახურის გარეშე. ეს პიროვნება იმდენად ყურადღებიანი, მოწესრიგებული და სანდო ძიძაა, ყველა ერთხმად ვუწევდით რეკომენდაციას. ამიტომ გადავწყვიტეთ, ქალების ერთ-ერთ აქტიურ ჯგუფში დაგვეპოსტა, თუ ვინმე ეძებდა ძალიან კარგ ძიძას, აუცილებლად განეხილა ჩვენი კანდიდატურა. ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა ჩვენს განცხადებას, რაც იმაზე მიანიშნებდა, რომ კარგ ძაძაზე მოთხოვნა მზარდი იყო.
რადგან ძიძის პროფესიული სტანდარტი ჯერ არ არსებობს, ამიტომ კარგი ძიძის შერჩევა მშობლის მოთხოვნებსა და კრიტერიუმებზე არის დაფუძნებული. რამდენად გათვალისწინებულია ამ შემთხვევაში ბავშვის უფლებები და საჭიროება. ჰიგიენის დაცვისა და ფიზიკური უსაფრთხო გარემოს გარდა, აუცილებელია ბავშვს შევუქმნათ შესაბამისი ასაკობრივი, განმავითარებელი გარემო. ბევრმა მშობელმა არ იცის, არა თუ ძიძამ, რას ნიშნავს ასაკობრივი განვითარების ეტაპები და თავისებურებები, არ ფლობენ პირველადი სამედიცინო დახმარების ელემენტარულ უნარებს. ამიტომ დავიწყეთ ძიძების პროფესიული უნარების მხარდამჭერი სატრენინგო მოდულების მომზადება სამედიცინო, ფსიქოლოგიური და ბავშვთა უფლებების მიმართულებით. უფასოდ გადავამზადეთ ძიძების რამდენიმე ნაკადი, რის შემდეგ გაჩნდა მოთხოვნა სერტიფიცირებულ ძიძებზე, ასე ჩამოვყალიბდით დასაქმებისა ცენტრად.
რამდენი ადამიანი მუშაობთ პროექტზე?
პროექტზე მუშაობს 4 ადამიანი და პერიოდულად 2-3 სტაჟიორი.
რას ნიშნავს თქვენი სტარტაპის სახელწოდება?
„ქერია ეითემი“ – ინგლისური სიტყვიდან (career 8 move) მომდინარეობს და კარიერის 8 ნაბიჯს ნიშნავს. ჩვენი რწმენით, ადამიანმა თავისი პროფესიული ცხოვრების განმავლობაში კარიერის 8 ეტაპი უნდა გაიაროს. ისევე, როგორც ერიკ ერიქსონის თეორიაში ადამიანი გადის ფსიქო-სოციალური განვითარების 8 სტადიას. ჩვენ, როგორც პროფესიული კონსულტირებისა და დასაქმების ცენტრი, ვეხმარებით ნებისმიერი ასაკის ადამიანს (ამ ეტაპზე ძიძებს) კარიერული ნაბიჯების გადადგმასა და გამოწვევების დაძლევაში.
რა სირთულეები შეგხვდათ იდეის განხორციელებისას?
ყველაზე მნიშვნელოვანი სირთულე, რაც იდეის განხორციელებისას შეგვხდა, ეს იდეის მიმართ ჩვენ ირგვლივ მყოფი ადამიანების უნდობლობა იყო. სირთულე შეგვხვდა მაშინაც, როცა ამ სფეროში დასაქმებული პირებს ვთავაზობდით გადამზადებას, მათთვის ეს იყო სიახლე და არ ჰქონდათ მზაობა. რადგან იდეის განხორციელება მოხალისეობრივ საწყისებზე დავიწყეთ, კაპიტალის უქონლობაც ერთგვარი შემაფერხებელი ფაქტორი იყო.
როგორ მოიზიდეთ ფინანსები?
როგორც აღვნიშნე, იდეის განხორცილება სრულიად მოხალისეობრივ საწყისებზე და საკუთარი სახსრებით დავიწყეთ. ორჯერ გავაკეთეთ განაცხადი გრანტის მოპოვების თაობაზე, მაგრამ დაგვიწუნეს იდეა, როგორც არა ინოვაციური და არა საჭიროებებზე გათვლილი. ერთი წლის წინ, როცა დავიწყეთ ძიძების მასიური (100-მდე ძიძა გადამზადდა) გადამზადება, ამ იდეის ხორცშესხმით, მართლაც პირველები ვიყავით ბაზარზე, სერტიფიცირებული ძიძის თემას მედიასაშუალებებიც გამოეხმაურნენ. ამ ეტაპზე სტარტაპის შემოსავლის წყარო გადამზადება და დასაქმებაა.
რას ურჩევდით დამწყებ სტარტაპერებს?
სტარტაპერებს უამრავი გამოწვევის გადალახვა უწევთ და ეს არის განვითრების ნაწილი, ამიტომ ვურჩევდი, რომ არ გაჩერდნენ. თუ რაღაც არ გამოდის, ან მეთოდი შეცვალონ ან გუნდში შესაბამისი უნარები გაიუმჯობესონ. ვისაც უყვარს მრავალფეროვანი საქმის კეთება, ესწრაფვის სიახლეებს და რისკების არ ეშინია, აუცილებლად დაიწყოს სტარტაპთან შეჭიდება.
გყავთ თუ არა კონკურენტი ადგილობრივ ბაზარზე?
ჩვენ ვაერთიანებთ რამდენიმე სერვისს – ეს არის პროფესიული კონსულტირება, გადამზადება და დასაქმება, რის გამოც ჩვენი მიდგომები სრულიად განსხვავებულია. ამ ეტაპზე სტარტაპი შესაძლოა მხოლოდ ოჯახში მომსახურე პერსონალის შერჩევას ემსახურება, თუმცა სამომავლოდ რეკრუტირებას სხვადასხვა სპეციალობებზეც დაიწყებს. ცალკეული მიმართულებებს თუ ავიღებთ, აქ ჩვენი კონკურენტები დასაქმების და გადამზადების ცენტრებია.
ჯანსაღი კონკურენცია ყოველთვის კარგია, ამიტომ ვცდილობთ, დიდი ყურადღება მივაქციოთ კანდიდატების მოძიებისა და შერჩევის პროცესს და სტანდარტებთან შესაბამისობაში მოვიყვანოთ. ამ მხრივ მუდმივი კონსულტაციები გვაქვს ეიჩარ ექსპერტებთან. მომსახურების შედეგი, ხარისხი და ზრუნვა ჩვენი პრიორიტეტია და ამით ვცდილობთ კონკურენტუნარიანები ვიყოთ ბაზარზე.
რა არის საჭირო რომ სტარტაპი წარმატებული იყოს?
წარმატების მიღწევა შესაძლოა ძალიან ადვილი იყოს, მაგრამ მისი შენარჩუნება – მიღწეულით გაგრძელო სვლა – უფრო ძნელია. ამიტომ სტარტაპს სჭირდება მუდმივი განახლება, რომ შეძლოს საკუთარი ადგილის დამკვიდრება თავისი უნიკალური ღირებულებით. შექმნას სარგებელი თუნდაც ადამიანების მცირე ჯგუფისთვის და ამით გააუმჯობესოს მათი ცხოვრება.
Loading…