in ,

მაიკო სიხარულიძე – „სხვა გზა არ არის“

„სხვა გზა არ არის“ – წარმატებული მარკეტერები, დიზაინერები, სტარტაპერები და კრეატიული სფეროს წარმომადგენლები გვიყვებიან თავიანთი ცხოვრების ყველაზე რთული ეპიზოდის შესახებ, რომელიც წარმატებით გადალახეს და იმაზე უფრო ძლიერები და წარმატებულები გახდნენ, ვიდრე ამ რთულ ეპიზოდამდე იყვნენ. პროექტის მიზანია, მოტივაცია მივცეთ იმ ადამიანებს, რომლებიც ახლა გადიან კარიერაში რთულ პერიოდს.

ამჯერად რუბრიკის სტუმარია მაიკო სიხარულიძე, რომელსაც PR-სა და მარკეტინგის სფეროში მრავალწიანი გამოცდილება აქვს. ის რამდენიმე მსხვილი კომპანიის, მათ შორის, კინოთეატრების ქსელის “კავეა” და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის პიარის სამსახურის ხელმძღვანელია.

მის მიერ მონათხრობი ამბავი ნამდვილად სამაგალითოა. ჩვენ კი, უბრალოდ ასე დავახასიათებდით – ეს არის ამბავი, რომელიც აუცილებლად უნდა წაიკითხოთ.

მაიკო სიხარულიძე: 36 წლის ვარ და 20 წელია ამ სფეროში ვარ, ვიმუშავე კერძო და საჯარო სექტორში მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში (ახლაც ვმუშაობ) და რთული გამოცდილებების სია, იმდენად გრძელია, შემიძლია ლიტერატურულ ნაშრომად ვაქციო. ჩემი სამსახურებიდან და იქ ჩემი პოზიციიდან გამომდინარე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ყველა “რთული გამოცდილება” ერთმანეთზე უფრო დიდი და სარისკო გამოწვევა იყო. იყო ასობით უძინარი ღამე, ნერვიულობა, ცრემლი, შიშიც კი, შედეგის მოლოდინში, იმ გადაწყვეტილების გამო, რომელიც შენ მიიღე და მაშინ, როდესაც რისკების გადაზღევის შესაძლებლობები ფორსმაჟორის გამო ფაქტობრივად ფანტასტიკის სფერო იყო და ენდე მხოლოდ ალღოს, ინტუიციას და განვლილ გამოცდილებას.

გამოწვევები მართლაც მრავლად მქონდა და მიყვარს გზა, რომლითაც მოვედი დღემდე.

მიუხედავად მრავალფეროვანი და მრავალმხრივი სირთულეებისა და განსხვავებული ხედვის მქონე არაერთ ხელმძღვანელთან ან დამკვეთთან მუშაობისა განვლილი წლების მანძილზე, ჩემი პროფესიული ცხოვრების ერთ-ერთ ყველაზე რთულ პერიოდად რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში მუშაობას ვიხსენებ. წყალდიდობების, ზვავების და სხვა მსგავსი სტიქიური მოვლენების შედეგად, ჩამტვრეული ხიდები, წაღებული გზები, დატბორილი სახლები და ადამიანები, რომლებიც შველას ელიან… იქვეა, მედია, რომელიც იღებს მასალას, ელის გადამოწმებულ ინფორმაციას… შენს წინ თითქმის ყოველდღე ცოცხლდება ჰოლივუდური ფილმების სცენები და არის ვითარება, როდესაც წამები რეალურად წყვეტს ადამიანების მომავალს. ამ დროს, ოპერატიულობას, სწორი ანალიზისა და შესაძლო რისკების გათვლის უნარს, მობილიზებულობასა და დაბალანსებულობას, პრინციპული მნიშვნელობა აქვს… მიჭირს, რომელიმე ერთი ისტორია გამოვყო და რაც მთავარია, ამ ისტორიებს სხვა პერსონაჟებიც ჰყავს, მე არ ვარ მხოლოდ, ამიტომ… 

ყოფილა ვითარება, როდესაც მიფიქრია, ახლა მხოლოდ ღმერთის სასწაულის იმედიღა დარჩა და მე რომ ღმერთის სასწაულად ვთვლიდი ის მომხდარა, რეალურად მომხდარა…

დაბრკოლებების გადალახვას აუცილებლად სჭირდება უნარები, ცოდნა და გამოცდილება, რომელიც 24/7-ზე, თავდაუზოგავ, გამეტებულ და გადამეტებულ შრომასთან ერთად მოდის მხოლოდ!

წარმატების მისაღწევად აუცილებელია ნება უფლის. იღბლიანი უნდა იყო და უნარი გქონდეს რომ მიხვდე, ეს შენი შანსია, რომელიც სწორად და სწორედ ახლა უნდა გამოიყენო, ზოგჯერ საკუთარი თავის მეტისმეტად “გამეტების” ხარჯზეც კი!

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

გინახავთ მოწყენილი მონა ლიზა? – Midea-ს კრეატიული რეკლამა

მოემზადე, პირველი Drive in კინოთეატრი თბილისში იხსნება