in

გიორგი გაგლოშვილი – „სხვა გზა არ არის“

გიორგი გაგლოშვილი

„სხვა გზა არ არის“ – წარმატებული ადამიანები სხვადასხვა სფეროდან გვიყვებიან თავიანთი ცხოვრების ყველაზე რთული ეპიზოდის შესახებ, რომელიც წარმატებით გადალახეს და იმაზე უფრო ძლიერები და წარმატებულები გახდნენ, ვიდრე ამ რთულ ეპიზოდამდე იყვნენ.

პროექტის მიზანია, მოტივაცია მივცეთ იმ ადამიანებს, რომლებიც ახლა გადიან კარიერაში რთულ პერიოდს.

გაგლოს ფეისბუქ-გვერდს თუ მოინახულებთ, ასე გაგეცნობათ – ანიმატორი, მხატვარი, დიზაინერი, ილუსტრატორი, რა გინდა სულო და გულო… სინამდვილეში კი „გაგლო“ გიორგი გაგლოშვილია და მისი ანიმაციური პერსონაჟები ერთხელ მაინც გექნება სოციალურ ქსელში თვალმოკრული. მასაც, ჩვენი რუბრიკის სხვა სტუმრებივით, სჯერა, რომ თუ იმ საქმისთვის გაჩნდი, რასაც აკეთებ, დაბრკოლებებს არ უნდა შეუშინდე – სხვა გზა არ არის!

თავიდან…

ზოგადად, როდესაც რაიმე საქმეს ხელს კიდებ და გადაწყვეტილი გაქვს კონკრეტული მიმართულებით იყო პროფესიონალი, ვერ გაექცევი სირთულეებს, მძიმე დღეებს, შემოქმედებით კრიზისა და ჩავარდნებს. მაგრამ ეს ყველაფერი, საბოლოოდ, მიმართულია იმისკენ, რომ უკეთ გამოიწრთო როგორც პროფესიონალი, განვითარდე და ახვიდე ახალ სიმაღლეებზე. ამ გზაზე კი ძალიან რთულია თავდაჯერებულობის, მოტივაციის და იმედის შენარჩუნება.

მე პირადად, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ჩავარდნა და უნაყოფო პროექტი მქონია, არასდროს დამიკარგავს მოტივაცია. კი, იმ მომენტში თითქოს გინდა, ხელი ჩაიქნიო და თავი დაანებო ყველაფერს, მაგრამ ეგ დროებითია. ახლაც მყავს 3-4 პერსონაჟი, რომლებიც „მიტოვებულები“ არიან, მოხდა ისე, რომ ვეღარ გავაგრძელე, ვეღარ დავასრულე მათზე მუშაობა, თუმცა ეს არ გამხდარა ჩემი შეჩერების არც საბაბი და არც საფუძველი.

თუ რაღაც საქმისთვის ხარ გაჩენილი და გრძნობ, რომ ეს შენი ნაწილია, ვერანაირი დაბრკოლება და იმედგაცრუება ვერ შეგაჩერებს.

საქმის სიყვარული უპირველესია ყველგან და ყველაფერში. ძალიან ბანალური ვიქნები, მაგრამ მართლაც ასეა, რომ თუ შენი საქმე არ გიყვარს და მისი კეთებით სიამოვნებას არ იღებ, არაფერი გამოვა, ჯობია, თავი დაანებო და ისეთი საქმე მოძებნო, რომლის კეთებაც სიამოვნებას მოგანიჭებს, რომლის კეთების დროსაც საათები წუთებივით გავა. და, შესაბამისად, გზად რა დაბრკოლებაც არ უნდა შემოგხვდეს, თუ შენი საქმე გიყვარს, ყოველთვის გადალახავ.

გზაგასაყარი

არიან ადამიანები, რომლებსაც ჰგონიათ, რომ უყვართ თავისი საქმე, მაგრამ ხანდახან ენთუზიაზმსა და მოტივაციას კარგავენ და ხელს ჩაიქნევენ. რეალურად ამ დროს ადამიანი გზაგასაყარზეა და შეიძლება მცირე ჩავარდნისა და იმედგაცრუების გამო საყვარელ საქმეზე თქვას უარი. ასეთ ადამიანებს ვეტყოდი, რომ თუ მცირე დაბრკოლებებმა შეგაჩერათ და გზის გაგრძელების სურვილი მოგიკლათ, კარგად დაფიქრდით, ნამდვილად იმ საქმეს ემსახურებით, რომელიც გიყვართ? 

როცა საქმე პროფესიის არჩევას ეხება, კარგად უნდა დაფიქრდეს ადამიანი, რისი კეთება უყვარს. უნდა ჩაუღრმავდეს საკუთარ თავს, საკუთარ შინაგან ხმას მოუსმინოს და არა გარშემომყოფებს.

რა არის მთავარი წარმატებისთვის?

ძალიან ბევრი ადამიანი ამბობს, რომ წარმატების მისაღწევად მთავარია დაუღალავი შრომა და მიზანსწრაფულობა. მაგრამ, ჩემი აზრით, ეს არასწორი ფორმულაა. პირველ რიგში, უნდა მონახო გზები. დაფიქრდე და გააანალიზო, ღირს თუ არა ეს საქმე ყოველდღიურ შრომად. სხვანაირად რომ ვთქვათ, მთავარი არ არის მიზანსწრაფული ხარ თუ არა. მთავარია, მიზნის სწორად შერჩევა იცოდე.

ასე რომ, ჩემი აზრით, წარმატების მისაღწევად სწორი მიზანი და დაუღალავი შრომაა საჭირო. შეიძლება გაგიჩნდეთ კითხვა. როგორ უნდა მიხვდეს ადამიანი, სწორი მიზანი აქვს არჩული თუ , – არ ვიცი, ვფიქრობ, ეგ წლებსა და გამოცდილებას მოაქვს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0
კატები პატრონის ხმას ცნობენ

კატები პატრონის ხმას ცნობენ, თუმცა ყურადღებას არ აქცევენ – კვლევა

საქართველო დღეს „დედამიწის საათის“ მსოფლიო კამპანიას შეუერთდება