„სხვა გზა არ არის“ – წარმატებული მარკეტერები, დიზაინერები, სტარტაპერები და კრეატიული სფეროს წარმომადგენლები გვიყვებიან თავიანთი ცხოვრების ყველაზე რთული ეპიზოდის შესახებ, რომელიც წარმატებით გადალახეს და იმაზე უფრო ძლიერები და წარმატებულები გახდნენ, ვიდრე ამ რთულ ეპიზოდამდე იყვნენ. პროექტის მიზანია, მოტივაცია მივცეთ იმ ადამიანებს, რომლებიც ახლა გადიან კარიერაში რთულ პერიოდს.
რუბრიკის სტუმარია 29 წლის ლაშა ბაკურაძე, კომპანია „ქარდის“ დამფუძნებელი.
ჩემი კარიერა იწყება 18 წლის ასაკში სადაზღვევო აგენტის პოზიციაზე ერთ-ერთ სადაზღვევო კომპანიაში, მას შემდეგ ამავე კომპანიაში სამჯერ დავწინაურდი. 25 წლის ასაკში უკვე 360-კაციან განყოფილებას ვხელმძღვანელობდი და ამ ყველაფრით ძალიან ვამაყობდი. ჩემი ცხოვრების ყველა წარმატება ოჯახის შექმნა თუ უბრალოდ ბედნიერი წუთები, იმ დროისათვის ყველაფერი სამსახურს უკავშირდებოდა და ეს ყველაფერი ბუნებრივი პროცესი იყო, თუმცა ერთ მშვენიერ დღეს გამოვიდა ისე, რომ ჩემი და კომპანიის გზები გაიყო. პირველ ეტაპზე, აბსოლუტური ქაოსი დატრიალდა ჩემს გონებაში, რადგან შვიდი წლის განმავლობაში ამ ყველაფრით ვცხოვრობდი, ვცვლიდი ადამიანების ცხოვრებას დადებითისკენ, ვასაქმებდი უამრავ ადამიანს და იმდენად მიყვარდა ის გარემო, ძალიან გამიჭირდა გააზრება, რომ ამ ყველაფრის გარეშე უნდა მეცხოვრა. ერთდროულად სიბრაზე, წყენა, მომავლის ბუნდოვანება და საკუთარ თავზე ბრაზი მიტევდა.
ასე გავიდა დაახლოებით ორი კვირა. ორი კვირის თავზე დავჯექი და საკუთარ თავს ვუთხარი, რომ ემოციები, რაც იმ წუთისთვის მოსვენებას არ მაძლევდა, ერთად შემეკრიბა და ისევ საქმისკენ მიმემართა. ალბათ, ეს იმ დროისთვის საუკეთესო გადაწყვეტილება იყო, რაც კი შეიძლებოდა მიმეღო.
პირველ რიგში, საკუთარი ფიქრების კომპიუტერში გადატანა დავიწყე. ჩამოვწერე, რას ვაკეთებდი შვიდი წლის განმავლობაში. შემდეგ მივხვდი, რომ რასაც სხვისთვის ვაკეთებდი, შეიძლებოდა, ზუსტად იგივე ფორმით მეკეთებინა, ოღონდ უკვე ჩემთვის. დავწერე ბიზნესგეგმა და დავიწყე პარტნიორების მოძიება. დაახლოებით 15 ბიზნესმენთან თუ კომპანიასთან მქონდა შეხვედრა, აქედან ერთ-ერთი და, ჩემი აზრით, საუკეთესო ადამიანებისგან შემდგარი გუნდისგან მივიღე თანხმობა და დავაფუძნეთ კომპანია „ვაისი“, რომელსაც ყველა სადაზღვევო კომპანიასთან აქვს ხელშეკრულება გაფორმებული და უკვე ყველა მათგანის პროდუქტს ყიდის.
მას შემდეგ ოთხი წელი გავიდა და „ვაისი“ ამაყად აგრძელებს განვითარებას, ხოლო ჩემს საყვარელ საქმიანობად სტარტაპების კეთება იქცა. მივხვდი, რომ ყველაზე დიდ სიამოვნებას მანიჭებს ახალი იდეის სისრულეში მოყვანა, კომპანიის ფეხზე დაყენება და გადაბარება, შემდეგ ისევ ახლის შექმნა და ასე. დღესაც მთელი ჩემი ენერგია ახალი სტარტაპისკენ არის მიმართული. კომპანიის სახელია „ქარდი“ და გპირდებით, ამ სახელს ხშირად გაიგებთ.
იმედი თუ დაგიკარგავთ…
იმედი დამიკარგავს. ალბათ, ადამიანების უმეტესობას ჰქონია ეს განცდა, თუმცა ჩემს ცხოვრებაში უცნაური ფორმით მოვიდა. ერთ მშვენიერი დღეს გადავწყვიტე, რომ დავიღალე და დასვენება მჭირდებოდა. პირველი ერთი კვირა კარგი იყო, თუმცა დეპრესია მოვიდა არსაიდან და რამდენიმე თვეს გასტანა, სწორედ მაშინ იყო უიმედობის განცდა.
როგორ შეძელით დაბრკოლებების გადალახვა?
ზოგადად, ყველა დაბრკოლების გადალახვას მხოლოდ საკუთარ თავთან საუბრითა და მოტივირებით ვახერხებ. აქაც ასე იყო. შეგრძნება მქონდა, რომ დავიშალე და ახლიდან ავაწყვე საკუთარი თავი, მაგრამ მთავარია, რომ ავაწყვე. ზოგადად, ვფიქრობ, რომ ყველა სიტუაციიდან, ცუდიდანაც და კარგიდანაც გამარჯვებული რომ გამოხვიდე, აუცილებელია, ხშირად დასვა კითხვა, რატომ და რაც შეიძლება ბევრ რამეში დაინახო საკუთარი ბრალეულობა.
რას ურჩევთ იმ ადამიანებს, რომლებიც ახლა არიან მძიმე დაბრკოლებების წინაშე?
ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რომ ნებისმიერი მდგომარეობა წარმავალია. თუ თქვენ ახლა დაბრკოლებებით აღსავსე გზის გავლა გიწევთ, ერთი წუთით გაჩერდით, ღრმად ჩაისუნთქეთ, საკუთარ თავს უთხარით, რომ თქვენ ამას შეძლებთ და ამ სიტუაციიდან გამარჯვებული გამოხვალთ, რადგან სხვა გზა არ არის !
Loading…