in

დემეტრე დათიაშვილი – „სხვა გზა არ არის“

„სხვა გზა არ არის“ – წარმატებული მარკეტერები, დიზაინერები, სტარტაპერები და კრეატიული სფეროს წარმომადგენლები გვიყვებიან თავიანთი ცხოვრების ყველაზე რთული ეპიზოდის შესახებ, რომელიც წარმატებით გადალახეს და იმაზე უფრო ძლიერები და წარმატებულები გახდნენ, ვიდრე ამ რთულ ეპიზოდამდე იყვნენ. პროექტის მიზანია, მოტივაცია მივცეთ იმ ადამიანებს, რომლებიც ახლა გადიან კარიერაში რთულ პერიოდს.

​რუბრიკის დღევანდელი სტუმარია Betterfly-ის პროდუქტის მარკეტერი, დემეტრე დათიაშვილი. მისი ისტორია ერთი ამოსუნთქვით იკითხება. გვიყვება ყველაფერზე – კარიერაზე, წარმატებაზე და იმ გამოწვევებზე, რომელმაც მისი ხედვები შეცვალა. წინ, უდავოდ საინტერესო რჩევები გელოდებათ. ასე რომ, დაიწყეთ… 

​ბაკალავრზე სწავლა რომ დავიწყე, მალევე მივხვდი, რომ საერთაშორისო ურთიერთობები ჩემი სფერო აღარ იყო, რაღაც უფრო განსხვავებული უნდა მეპოვნა, სხვა გზა არ იყო…

Ჩემს მეგობრებთან ერთად დავიწყე Humans of Tbilisi, სადაც ქუჩაში მოსიარულე ნებისმიერ ადამიანს ვაძლევდით საშუალებას თავის სათქმელი ათასობით ადამიანისთვის ეთქვა, ნებისმიერ თემაზე, დაწყებული პირადი საიდუმლოებებით, დამთავრებული პოლიტიკური შეხედულებებით. Საბოლოოდ, ამ პროექტმა ძალიან გაამართლა, 2014 წელს ფეისბუქზე 30 ათასი მომწონებელი გვყავდა. Შემდეგ დავიწყეთ Humans of Tbilisi-ს ვიდეო პროექტზე მუშაობა, რომელმაც არ გაამართლა. Სხვა გზა არ იყო, ამ კუთხით თითქოს ამოწურული მქონდა ჩემი თავი და რამე ახალი უნდა მეცადა. ერთ-ერთ დიდ პროდაქშენის გუნდში დავიწყე ფრილანსერ ლოკაციის მენეჯერობა, რომ უფრო უკეთ გამეგო რეკლამის კეთება როგორ ხდებოდა, მაგრამ ამაოდ, აშკარად ცოტა სხვა მიმართულება ავიღე და 1-წლიანი თანამშრომლობის შემდეგ წამოვედი, მიუხედავად ამისა, იქ ყოფნამ გადამაწყვეტინა, რომ ეს იყო სფერო, რაც მაინტერესებდა და გადავწყვიტე, მაგისტრატურა მარკეტინგის კუთხით გამეგრძელებინა.

Სხვა გზა არ იყო, ვერ დავრჩებოდი უბრალოდ საერთაშორისო ურთიერთობების ბაკალავრად, ჩემი ახალი მიზნისთვის უნდა მიმეღწია.

ამ სრულ პროცესში იმედი არასოდეს დამიკარგავს, ყოველთვის ვიცოდი და მჯეროდა, რომ დასახულ მიზანს აუცილებლად მივაღწევდი. დავიწყე ForSet-ში 3-თვიანი სტაჟირება, მაგრამ ამ საოცარმა გუნდმა ერთ თვეში უკვე ჩამომართვა ჩემი სტაჟიორის სტატუსი და კომუნიკაციების გუნდის სრულფასოვანი და დამოუკიდებლი წევრი გავხდი. ამის პარალელურად ჩემს შეყვარებულთან – ნუცასთან ერთად გადავწყვიტე მაგისტრატურაზე ვილნიუსის უნივერსიტეტში წასვლა. მოვამზადეთ ყველა საბუთი, და ჩავირიცხეთ ვილნიუსის უნივერსიტეტში მაგისტრატურაზე, მე მარკეტინგის და ინტეგრირებული კომუნიკაციების ფაკულტეტზე, ნუცა საერთაშორისო პროექტების მართვაზე. მინდოდა რომ მაქსიმუმი მიმეღო უნივერსიტეტისგან, ამიტომაც მეორე სემესტრში ერასმუსის სტიპენდიანტი გავხდი და ბელგიაში, ბრიუსელში KU Leuven-ში სწავლის გრანტიც მივიღე, ბოლო სემესტრში ისევ დავბრუნდი ვილნიუსში, ავიღე დიპლომი და ახალი გამოწვევების ძებნა დავიწყე.

მინდოდა ისევ ბელგიაში დაბრუნება და ასეც მოხდა. მე და ნუცა, ორივე მიგვიღეს ბრიუსელში სტაჟირების პროგრამაზე, მე მარკეტინგის სტრატეგად, ერთ-ერთ დიდ სარეკლამო სააგენტოში Serviceplan Benelux-ში და ნუცა პროექტების ასისტენტად Women Political Leaders-ში, დამატებით კიდევ მივიღეთ ერასმუსის „ინთერნშიფის“ გრანტი და წავედით. უკვე თებერვალში გადავცხოვრდით ბრიუსელში, მაშინ არ ვიცოდით, რა ელოდა მსოფლიოს, ყველაფერი იდეალურად მიდიოდა, გვქონდა გეგმები რომ „ინთერნშიფის“ შემდეგ კიდევ დავრჩებოდით ბელგიაში, ვიმუშავებდით და განვითარდებოდით, მაგრამ კორონავირუსმა ყველაფერი თავდაყირა დააყენა…

სხვა გზა არ იყო, 18 მარტს გამოვფრინდით საქართველოში, რადგან ბელგიაში სიტუაცია ყოველდღე უფრო და უფრო უარესდებოდა, ჩამოიშალა ყველა გეგმა, რაც მომავალ 2 წელიწადზე გვქონდა გაწერილი. თბილისში კარანტინში ყოფნის დროს მივიღე მეილი, რომ ჩვენი კომპანია გაურკვეველი პერიოდით იხურებოდა და დისტანციურადაც ვეღარ ვიმუშავებდი. მიუხედავად ამ ყველაფრისა და არეული გეგმებისა, სხვა გზა არ მქონდა, უმუშევრად ვერ გავჩერდებოდი, მეორე დღესვე დავიწყე საქართველოში სამსახურის ძებნა, მეორე დღესვე ორი ინტერვიუ მქონდა, შემდეგ კიდევ 3 და ჯამში 10-მდე ინტერვიუ გავიარე. ეს პერიოდიც ცუდად დამემთხვა, საქართველოში კომენდანტის საათი შემოიღეს, აიკრძალა ყველაფერი, კომპანიებს სტაბილურობის შეგრძნება გაუქრათ და არავინ მპასუხობდა. მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი რა იყო პასუხების დაგვიანების მიზეზი, თავიდან მაინც ვნერვიულობდი, მაგრამ ეს ყველაფერი რომ გადამელახა ჩემსავე პროექტზე დავიწყე მუშაობა – ნუცასთან ერთად, დავხვეწეთ იდეა, ყველაფერი მაქსიმალურად გავმართეთ და ახლა უკვე ფინანსების მოძიების ეტაპზე ვართ, რომ ოქტომბერში უკვე ბაზარზეც გამოვჩნდეთ. ამით იმის თქმა მინდა, რომ არც ამ უპასუხობის პერიოდში დამიკარგავს იმედი, და მთელი ერთი თვე სხვა შესაძლებლობებისკენ მივმართე ჩემი ენერგიები და შედეგიც მალე გვექნება. ერთი თვის თავზე 3 კომპანია დამიკავშირდა, კიდევ გვქონდა პატარა ინტერვიუები და საბოლოო ჯამში Betterfly-ში პროდუქტის მარკეტერის პოზიციაზე გადავწყვიტე დამეწყო მუშაობა, უკვე ერთი თვე სრულდება, რაც აქ ვარ და ბედნიერი ვარ, რომ იქ ვარ, სადაც სულ მინდოდა ვყოფილიყავი.

თუ ჩემი “ინტერვიუს” კითხვისას რამე პატარა „დრაივი“ მაინც იგრძენით, ეგეც დაიჭირეთ, ხელი მოკიდეთ და არსად წასვლის საშუალება არ მისცეთ, ეცადეთ რომ ყველა სიტუაციას “ახალი შესაძლებლობის” კუთხით შეხედოთ, თუ ესეც არ გამოვა, უბრალოდ, ის მაინც ეცადეთ რომ დაბრკოლებებმა უარი არ გათქმევინოთ მიზნებზე. ცხოვრების ყოველ ეტაპზე დაისახეთ მიზნები და ამოცანები, რომ უკეთ გაიგოთ, რა გინდათ, ეს ბევრად გაგიმარტივებთ გასავლელ გზას.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

როგორ დავიცვათ თავი კიბერშეტევისგან

Spot Dog-ი სახლში: რობოტი ძაღლი Boston Dynamics-ში შეგიძლია უკვე სახლისთვის შეიძინო