თუ საყვარელი ადამიანისთვის ორიგინალური საჩუქარი გსურთ, შესაძლოა, სწორედ „ლილესი“ იყოს ადგილი, რომელიც ამაში დაგეხმარებათ. ეს არის ქართული სტარტაპი, რომელსაც სათავეში უდგას ლილე მაღლაფერიძე. ულამაზეს საყელოებს, წინდებსა და თმის აქსესუარებს პროფესიონალი მქარგველების დახმარებით ამზადებენ.
როგორ დაარსდა „ლილესი“, რა სირთულეები შეხვდა ლილეს ბრენდის შექმნის პროცესში და რას გეგმავს კომპანიის განსავითარებლად. უნიკალური ქართული პროდუქტის ავტორს Venue.-ს ინტერვიუდან გაიცნობთ.
რა არის თქვენი სტარტაპი და როდის დაიწყო მუშაობა?
სტარტაპი ლილესი არის ხელით ნაქარგი საყელოები, წინდები, თმის აქსესუარები, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს უნიკალურ, ხელით შექმნილ ქართულ პროდუქტს. საქმიანობა დავიწყეთ 2017 წლის აპრილიდან.
რა მექანიზმით მუშაობს თქვენი სტარტაპი, დეტალურად რომ აღგვიწეროთ
საწყის ეტაპზე, იქმნება საყელოს ესკიზი, სასურველი გამოსახულებით, შემდეგ მოდელი მუშავდება, ხდება სასურველი ფერებისა და ნაქარგის სტილის განსაზღვრა, იქარგება და გადაეცემა სამკერვალო სახელოსნოს.
გაყიდვის არხს წარმოადგენს ფეისბუქ და ინსტაგრამ გვერდები. გვაქვს მხოლოდ ონლაინგაყიდვები. სამიზნე აუდიტორიას წარმოადგენს ხელით ნაკეთი ნივთების მოყვარული ადამიანები.
როგორ მიხვედით ამ სტარტაპის იდეამდე?
ხელით მოქარგული საყელოები ჩემი პირველი სტარტაპ პროექტია. მომწონს აქსესუარები, განსაკუთრებით როცა ეს ხელით არის შექმნილი, ამიტომ რამდენიმე წლის წინ, როცა გადავწყვიტე, მცირე ბიზნესსაქმიანობა დამეწყო, ერთ-ერთ მთავარ კრიტერიუმს წარმოადგენდა დაბალბიუჯეტური ბიზნესიდეის მოფიქრება, რომელიც საშუალებას მომცემდა, შექმნილი პროდუქტი გამეტესტა და დავკვირვებოდი მომხმარებელთან უკუკავშირს. ბავშვობაში ვქარგავდი და ეს პროცესი იმდენად სასიამოვნო იყო და შედეგი ლამაზი, გადავწყვიტე დავკავშირებოდი რამდენიმე ქალბატონს, რომელთა ნამუშევრები მაღალი ხარისხით გამოირჩეოდა და ერთად გვემუშავა საყელოების იდეაზე.
რა სირთულეები შეგხვდათ სტარტაპზე მუშაობის პერიოდში?
მთავარ სირთულეს წარმოადგენდა გაყიდვები. საქმიანობის საწყის ეტაპზე ნაკლებია ცნობადობა. შესაბამისად, რთულია გაყიდვა. ინფლუენსერებმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს ცნობადობის ზრდაში, რაც ავტომატურად აისახა გაყიდვებზე, ასევე ეფექტური იყო ფეისბუქ რეკლამა.
რით არის თქვენი სტარტაპი გამორჩეული? რა არის ის ნიშა, რაც პროექტის ინდივიდუალურობას უსვამს ხაზს?
ხელით შექმნილ ნივთს ახასიათებს ის უნიკალურობა, რაც მას აუცილებლად გამოარჩევს სხვა ნივთებისგან. საყელოს ინდივიდუალობას ჰმატებს ასევე პერსონალური საყელოების შეთავაზება – სასურველი სახელით მოქარგული, რაც ძალიან მოთხოვნადია.
რა არის აუცილებელი იმისთვის, რომ სტარტაპი წარმატებული გახდეს?
ვფიქრობ, როცა ბიზნესსაქმიანობას იწყებ, ყველაზე მნიშვნელოვანია, შექმნა უნიკალური პროდუქტი მინიმალური დანახარჯებით. ძალიან საინტერესო წიგნია ამ მიმართულებით ამერიკელი მწერლის ერიკ რისის – The Lean Startup. ჩემი რეკომენდაცია იქნებოდა ადამიანები, რომლებიც გეგმავენ, ჩართული არიან ამ ტიპის პროცესებში, საქმიანობის დასაწყისში აუცილებლად გაეცნონ ამ წიგნს.
დაფინანსება მოიპოვეთ თუ საკუთარი ხარჯებით დაიწყეთ საქმიანობა?
საქმიანობა საკუთარი ფინანსური რესურსით დავიწყე.
აპირებთ თუ არა ბიზნესის გაფართოებას?
დიახ. წინა წლებთან შედარებით, გავზარდეთ საყელოების დასახელება. რამდენიმე თვის წინ შევქმენით წინდებისა და თმის აქსესუარების ხაზი. გვაქვს ძალიან საინტერესო გეგმები მომავალშიც.
რა გჭირდებათ იმისთვის, რომ ბიზნესი გააფართოვოთ?
პირველ რიგში, კვალიფიციური ადამიანური რესურსები, რომელთა მოძიება საკმაოდ რთულია და ფინანსური მხარდაჭერა.
თქვენი გეგმა რა არის მოკლევადიან და გრძელვადიან პერიოდში?
მოკლევადიან პერიოდში – წინდებისა და თმის აქსესურების ხაზის განვითარება. გრძელვადიან პერიოდში etsy.com-ის პლატფორმაზე შესვლა.
რა რჩევას მისცემდით იმ ადამიანებს, რომლებიც ახლა იწყებენ თავიანთი იდეის სტარტაპად გადაქცევას?
აუცილებლად სჯეროდეთ თავიანთი თავის, ნაკლები ყურადღება მიაქციონ ნეგატიურ შეფასებებს, გაითვალისწინონ კომპეტენტური კრიტიკა. ასევე აუცილებლად წაიკითხონ ამერიკელი მწერლის ერიკ რისის – The Lean Startup.
Loading…