რაც დრო გადის, ტექნოლოგიური ერა მით უფრო სწრაფად ვითარდება. წლევანდელი წელი მრავალმხრივი განვითარების ეტაპს აყალიბებს და გვაიძულებს, ფეხი ავუწყოთ ციფრულ ეპოქას.
დავიწყოთ განათლებით – 2-3 წლის წინ ყველასთვის წარმოუდგენელი იქნებოდა, სახლში, მეტიც – ზოგჯერ საწოლიდან წამოდგომის გარეშე უნივერსიტეტის ან სკოლის დამთავრება, გამოცდების ჩაბარება, ლექტორებთან და მასწავლებლებთან ურთიერთობა და განათლების ამ ფორმით მიღება. დღეს კი ეს აღარავის უკვირს. შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ დისტანციურად სწავლა მსოფლიოს მასშტაბით თანამედროვე განათლების განუყოფელ ნაწილად იქცა.
განათლებასთან ერთად უნდა აღინიშნოს – დისტანციური სამუშაო პირობები, რომელმაც განვითარებადი და განვითარებული ყველა ქვეყანა მოიცვა. კომპანიების აბსოლუტური უმრავლესობა მობილურისა და კომპიუტერის ეკრანებს მიღმა აგრძელებს მუშაობასა და თანამშრომლებთან ურთიერთობას. ვიდეოზარები, ვირტუალური კონფერენციები, საინფორმაციო დისტანციური შეხვედრები, თათბირები და სხვა – ყველაზე დიდი დატვირთვით აპლიკაცია Zoom-მა შეითავსა, რომელიც 2011 წელს ამერიკაში შეიქმნა. Zoom-ის გარდა, ანალოგიურ ფუნქციას ასრულებს Microsoft-ის, GoToMeeting-ის, Google Hangouts-ისა და სხვა აპლიკაციები.
სახლში ყოფნამ ახალი მოთხოვნილება გააჩინა – საკურიერო სერვისების გააქტიურება და უკონტაქტო მიწოდების პრინციპი. Meintuan არის პირველი ჩინური მიმწოდებელი კომპანია, რომელმაც მომხმარებლებს დრონით მიტანის სერვისი შესთავაზა – შემდეგ კი სხვა კომპანიებმაც მიბაძეს:
მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის განვითარების ხანა ეპიდვითარების ეტაპებს დაემთხვა – 5G და 6G ტექნოლოგიის მასშტაბურმა აფეთქებამ საქართველოში კომიკური სიტუაცია შექმნა. ევროპაში 5G ერთერთი პირველი კომერციული ქსელი შვეიცარიაში გაეშვა, 2019 წლის აპრილში, „Swisscom”-ის (ოპერატორი) და “Ericsson“-ის თანამშრომლობის შედეგად. ქსელი ფარავს ყველა ძირითად დასახლებულ პუნქტს. ამ ეტაპზე 5G-ს სარგებელი აქცენტირებულია სოფლის მეურნეობის ეფექტიანობის გაზრდაში, სატრანსპორტო საშუალებების ავტონომიურ მართვაში, სწრაფ და უხარვეზო ონლაინ ვიდეო სტრიმინგში, ვირტუალური რეალობის პროექტირებასა და გეიმინგში.
დიდ ბრიტანეთში 5G ესტაფეტას სათავეში ჩაუდგა 2 ოპერატორი – Vodafone და O2. ისინი ახორციელებენ რამდენიმე სატესტო პროექტს, რომლის პარალელურად აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა 5G ქსელის გაფართოებაზე მთელი ქვეყნის მასშტაბით.
Vodafone-ის მიერ უზრუნველყოფილი 5G ქსელი ემსახურება გლაზგოს უნივერსიტეტს, რომელიც გეგმავს ამ ტექნოლოგიის საშუალებით სხვადასხვა კვლევების ჩატარებას ჯანდაცვის, ენერგეტიკის და მომავლის ქალაქების მოდელირების პროექტებში.
O2-ს მიერ 5G სატესტო პროექტები მიმდინარეობს O2 Aრენა-ზე, სადაც მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნება მონაწილეობა მიიღოს ვირტუალური და აუგმენტური რეალობის, ე.წ. ლაივ სთრიმინგის დემონსტრირებაში.
თანამედროვეობის კიდევ ერთ მიღწევად თვითმართვადი მანქანები შეიძლება ჩაითვალოს. ამ მიმართულებით ერთ-ერთ უკანასკნელ სიახლეს Apple გვაწვდის პროექტით „Project Titan“:
ხოლო „მერსედესი“ 2021 წლის S-კლასის თვითმართვად ავტომობილს წარადგენს:
ამგვარ ავტომობილებთან ერთად არ უნდა დაგვავიწყდეს რობოტიკის მიმართულების აყვავება ტექნოლოგიურ ცხოვრებაში – ხელოვნური ინტელექტი, რომელიც სრულად ცვლის თითოეული ადამიანის ცხოვრების წესსა და შესაძლებლობებს. აქამდე ხელოვნური ინტელექტის წარმოება, ასე თუ ისე, მონაცემთა მეცნიერებსა და დოქტორებზე იყო შეზღუდული. დღეს ამაზონი და „მაიკროსოფტი“ AI ხელსაწყოებს ყველა დეველოპერისთვის ხდის ხელმისაწვდომს, „გუგლის“ გზამკვლევები კი პროგრამირების ცოდნას არც კი მოითხოვს.
დაველოდოთ, რა სიახლეებს შემოგვთავაზებს 2021 წელი და კიდევ რით იქნება გამორჩეული – ციფრული სამყაროს უზრუნველსაყოფად.
Loading…