ექსკლუზიური ინტერვიუ Miami Ad School Europe-ის აღმასრულებელ დირექტორთან. Venue-სთან ინტერვიუში მან ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა.
„Miami Ad School-ის ქართველი სტუდენტები გამოირჩევიან შრომისმოყვარეობით, დისციპლინითა და თავაზიანობით – ასე აფასებს Miami Ad School Europe-ის აღმასრულებელი დირექტორი საბინე ჯორჯი ქართველ სტუდენტებს.
Venue-სთან ინტერვიუში მან ისაუბრა Miami Ad School Tbilisi-სთან თანამშრომლობაზე, კრეატიულ ინდუსტრიასა და თავის კარიერაზე – რატომ დატოვა კომპანია Google-ი თითქმის 14-წლიანი მუშაობის შემდეგ.
ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი კარიერაში
ვფიქრობ, ჩემი კარიერის თითოეული ეტაპი ძალიან მნიშვნელოვანი იყო. პატარა სააგენტოში მუშაობით დაწყებული, Google-ით დამთავრებული, სადაც 14 წელი გავატარე და მოვედი აქამდე – ვარ ანტრეპრენერი, რომელიც კრეატიული ინდუსტრიის წარმომადგენელ ორ სკოლას მართავს.
მნიშვნელობა არ აქვს, რამდენჯერ დამარცხდები, მთავარია, არ გაჩერდე და თითოეული სირთულე წარმატებით გადალახო
Google-ის დატოვება
ამ გადაწყვეტილებას მიღებამდე ძალიან დიდხანს ვფიქრობდი. Google-ში მუშაობის ბოლო ორი წლის განმავლობაში მქონდა განცდა, რომ ამ კომპანიაში გავაკეთე ყველაფერი, რისი გაკეთებაც მინდოდა, მივიღე ძალიან დიდი გამოცდილება, შევხვდი უამრავ ნიჭიერ ადამიანს, მაგრამ 13 წლის თავზე მივხვდი, რომ ძალიან დავიღალე და Google-ში საკუთარი თავი ამოვწურე.
„ვიყავი. შევასრულე. შევიყვარე და დავტოვე“. ეს არის ფრაზა, რომელიც კომპანიიდან წამოსვლისას გამოსამშვიდობებელ წერილში დავწერე.
Google-ის დატოვება მარტივი არ ყოფილა, მაგრამ ეს გადაწყვეტილება მიკარნახა ჩემმა კრეატიულმა მისწრაფებებმა, რომელთა დასაკმაყოფილებლად აუცილებელი იყო რაღაც ახლის დაწყება.
Miami Ad School-ი
ახლა ეს არის ჩემი ცხოვრება. ვიდრე მმართველი დირექტორი გავხდებოდი, მანამდე Miami Ad School-ის ჰამბურგის ფილიალში ლექტორად ვმუშაობდი. შეგიძლიათ, ჩათვალოთ, რომ ვიდრე Miami Ad School-ის ბოსი გავხდებოდი, იქამდე ამ სკოლის ფანი ვიყავი.
Miami Ad School-ში მოხვედრა
კიც და არაც. ზოგიერთისთვის ეს ძალიან რთულია. თუ ვერ ბედავ იყო კრეატიული და განსხვავებული და ხელს არ უწყობ შენს გონებაში ორიგინალური იდეების დაბადებას, მაშინ ცხადია, სკოლაში მოხვედრა რთული იქნება.
ზოგიერთი სტუდენტისთვის MASE-ში მოხვედრა ძალიან მარტივია, რადგან კრეატიულობა ბუნებრივად მოდის და აპლიკაციის შევსების პროცედურაც ძალიან სახალისო ხდება!
რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ Miami Ad School-ში წარმატებული სტუდენტი იყო?
უნდა იყო ცნობისმოყვარე, მიზანსწრაფული, დაიცვა დისციპლინა და შეინარჩუნო ენთუზიაზმი. მნიშვნელობა არ აქვს, რამდენჯერ დამარცხდები ან რამდენად ბევრი დაბრკოლება შეგხვდება, მთავარია, არ გაჩერდე, ეცადო და თითოეული სირთულე წარმატებით გადალახო.
როგორ ფიქრობთ, მაგალითად, იურისტს ან ექიმს თუ შეუძლია, გახდეს წარმატებული არტ დირექტორი, თუ ეს თვითნაბადი ნიჭია?
ჩვენ გვყავს სტუდენტები, რომლებიც მანამდე იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლობდნენ, მაგრამ შემდეგ გააანალიზეს, რომ იურისპრუდენცია არ იყო მათი შესაფერისი. ჰამბურგის ფილიალში გვყავს სტომატოლოგი ნიგერიიდან, რომელსაც დოქტორის ხარისხი აქვს. ასე რომ, თქვენს კითხვაზე ჩემი პასუხია დიახ!
ყველა ადამიანში არის კრეატიულობის ნიჭი და მნიშვნელობა არ აქვს, რა პროფესიის ხარ. ყოველთვის შეგიძლია, დაიწყო მოგზაურობა კრეატიულ ინდუსტრიაში, რისთვისაც გჭირდება Miami Ad School-ის მსგავსი სკოლა, რომელიც შენს ნიჭს განავითარებს და წარმატებული არტ დირექტორის ან ქოფირაითერისთვის საჭირო უნარებს შეგძენს.
ყველა ადამიანში არის კრეატიულობის ნიჭი და მნიშვნელობა არ აქვს, რა პროფესიის ხარ. ყოველთვის შეგიძლია, დაიწყო მოგზაურობა კრეატიულ ინდუსტრიაში
ქართველები ძალიან მჭიდროდ ვართ დაკავშირებული Miami Ad School-თან და ვამაყობთ ქართველი კურსდამთავრებულებით, რომლებიც საქართველოში ძალიან წარმატებული არტ დირექტორები არიან. როგორ აფასებთ MASE-ს ქართველ სტუდენტებს?
შეიძლება ითქვას, რომ საქართველოსთან არაფორმალური კავშირები გვაქვს, რადგან ბევრი საოცარი სტუდენტი გვყავდა ამ ულამაზესი ქვეყნიდან. სულ ცოტა ხნის წინ კი დავიწყეთ ოფიციალური თანამშრომლობა Miami Ad School Tbilisi-თან, როგორც Miami Ad School Europe-ის ნაწილთან.
ეს თანამშრომლობა არ შედგებოდა, დარწმუნებული რომ არ ვყოფილიყავით, რომ ქართველი სტუდენტები თავისი ცოდნით ნამდვილად ამდიდრებენ Miami Ad School-ს. თითოეული ადამიანი ინდივიდუალურია, ამიტომ რთულია ყველა სტუდენტზე განაზოგადო ერთი შეფასება, თუმცა დანამდვილებით შემიძლია ვთქვა ქართველ სტუდენტებზე, რომ ისინი გამოირჩევიან შრომისმოყვარეობით, დისციპლინითა და თავაზიანობით.
როგორც უკვე აღნიშნეთ, თბილისში გახისნა Miami Ad School Tbilisi. რა მოლოდინი გაქვთ MAST-თან დაკავშირებით, რა წვლილის შეტანა შეუძლია სკოლას ქართული სარეკლამო ინდუსტრიის განვითარებაში?
გიორგი პოპიაშვილი ძალიან ბევრს მუშაობდა MAST-ის გახსნაზე და ჩვენ ძალიან ახლო კომუნიკაციაში ვიყავით მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. ვიცი რამდენად დიდი ძალისხმევა გასწია გიორგიმ MAST-ის დასაარსებლად და ამიტომ დარწმუნებული ვარ, სტუდენტები, რომლებიც სწავლის მესამე კვარტალში გერმანიაში ჩამოვლენ, კარგად იქნებიან მომზადებული და ადვილად მოახდენენ ადაპტირებას ახალ გარემოში.
დარწმუნებული ვარ, ჩვენი კოლაბორაცია ორივე მხარისთვის ძალიან ნაყოფიერი და სარგებლის მომტანი იქნება.
გერმანიაში სარეკლამო ბაზარი უფრო დიდია და ეკონომიკაც ძლიერი, მაგრამ საქართველო ძალიან კრეატიული ქვეყანაა უზარმაზარი გონებრივი რესურსით, რომელიც სწორედ კრეატიული ინდუსტრიისკენ არის მიმართული.
ხომ არ გეგმავთ საქართველოში ჩამოსვლას და Miami As School Tbilisi-ს პირველ სტუდენტებთან შეხვედრას?
როგორც იცით, ჩემი გვარია George, ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველო „ჩემი ქვეყანაა“. საქართველოში ჩამოსვლა იმაზე ბევრად ადრე მინდოდა, ვიდრე MAST-ი დაარსდებოდა ან მე გავხდებოდი Miami Ad School Europe-ის მმართველი.
ულამაზესი ქვეყანა მთებით, ღვინით, საინტერესო არქიტექტურითა და მდიდარი კულტურით გამორჩეული და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია – საოცარი ხალხით, აუცილებლად ვესტუმრები!
ახლა ამის განსაკუთრებული მიზეზიც მაქვს – MAST-თან თანამშრომლობა. მოუთმენლად ველოდები პანდემიის დასრულებასა და ცხოვრების ჩვეულ რეჟიმზე გადასვლას, რომ საქართველოში ჩამოსვლა შევძლო.
ექსკლუზიური ინტერვიუ Miami Ad School Europe-ის აღმასრულებელ დირექტორთან საკმაოდ გულწრფელი და საინტერესო გამოვიდა. საბინე ჯორჯი მოუთმენლად ელოდება პანდემიის დასრულებას, რომ საქართველოში ჩამოსვლა შეძლოს.
Loading…