in

#სტარტაპი „დელივერით“ – მიტანის სერვისი, რომელიც სხვა სტარტაპებს ეხმარება

„დელივერით“ – იგივე Deliver it, ქართული სტარტაპია, რომელიც კოვიდპანდემიის დროს შეიქმნა. მოგეხსენებათ, ამ პერიოდმა მიტანის სერვისი გაააქტიურა – ბიზნესიდეაც სწორედ საზოგადოების საჭიროებებს მოერგო.

რა პროდუქტზე მუშაობს თქვენი სტარტაპი?

ჩვენი სტარტაპის საქმიანობა არის მიწოდების სერვისი თბილისის მასშტაბით, მომხმარებლებს ვთავაზობთ სწრაფ მომსახურებას, ხელმისაწვდომი ტარიფებით.

მიტანის სერვისი - ამანათები

როგორ გაჩნდა სტარტაპის იდეა?

იდეა გაჩნდა მაშინ, როდესაც, ქვეყანაში შექმნილი ვითარების მიუხედავად, მაღაზიებსა თუ უკვე არსებულ მიწოდების სერვისს გაუჭირდა მოსახლეობის მოთხოვნის დაკმაყოფილება.

რამდენი ადამიანი მუშაობთ პროექტზე?

მიტანის სერვისი დავიწყეთ სამმა ადამიანმა, თუმცა ნელ-ნელა ჩვენი გუნდი იზრდება და, იმედი გვაქვს, რომ ეს რიცხვი წლის ბოლოს გაათმაგდება.

ჩვენ გვერდში ვუდგავართ სხვა სტარტაპებს და მათთვის სპეციალურად დაბალი ტარიფი გვაქვს. ამით ვეხმარებით მათაც და მათ მომხმარებლებსაც, რომ შეღავათიან ფასად მიიღონ სასურველი ნივთი. უკვე გვყავს რამდენიმე პარტნიორი მაღაზია და ყოველი ახალი შეკვეთა გვიხარია, რადგან ვხედავთ, რომ მათი ბიზნესიც იზრდება, მათი წარმატება კი ჩვენს წარმატებასაც ნიშნავს.

რას ნიშნავს თქვენი სტარტაპის სახელწოდება?

ჩვენს სტარტაპს სახელი მისი სიმარტივიდან გამომდინარე შევურჩიეთ. ბევრს ვფიქრობდით ბარბარიზმის გამოყენებაზე, თუმცა უკვე იმდენად არის ყოველდღიურობაში სიტყვა „დელივერით“ გამჯდარი, რომ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებაში ხელი აღარ შეუშლია.

რა სირთულეები შეგხვდათ იდეის განხორციელებისას?

სირთულე თან ახლავს ყველა ახალ წამოწყებას, ამ შემთხვევაში ჩვენთვის გამოცდილების ნაკლებობა იყო, ამიტომ გადავწყვიტეთ თავად გვეკეთებინა ყველა საქმე, რათა მიღებული გამოცდილებით ისევ სამომავლო სირთულეები აგვეცილებინა თავიდან.

რას ურჩევდით დამწყებ სტარტაპერებს?

რისიც სწამთ, ის აუცილებლად გამოუვათ, ამიტომ აქციონ იდეა შესაძლებლობად.

გყავთ თუ არა კონკურენტი ადგილობრივ ბაზარზე?

ადგილობრივ ბაზარზე კონკურენტები გვყავს, თან არაერთი, თუმცა ეს ჩვენთვის გამოწვევაა, რათა კონკურენციას გავუძლოთ და მომხმარებელს საუკეთესო შევთავაზოთ.

რა არის საჭირო, რომ სტარტაპი წარმატებული იყოს?

წარმატებული სტარტაპისთვის აუცილებელია ბევრი შრომა და მომხმარებლის მოსმენა. ის თვითონ გეტყვის, როგორ განვითარდე და როგორ მიაღწიო წარმატებას.

გაეცანით ქართველი სტარტაპერების ისტორიებს

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

ექსკლუზიური ინტერვიუ Miami Ad School Europe-ის აღმასრულებელ დირექტორთან

Friends-ის პერსონაჟების ჩაცმის სტილი, რომელიც დღესაც პოპულარულია