in , ,

63 დღე საგანგებო რეჟიმში – ნინუცა კაკაბაძის ფოტოპროექტი

63 დღე საგანგებო რეჟიმში – ნინუცა კაკაბაძის ფოტოპროექტი. გმირები ხან ტყეში სოკოს კრეფდნენ, ხან აცტეკები იყვნენ და ხანაც გონიოზე ისვენებდნენ. 

ნინუცა ფოტოპროექტის შესახებ

“21 მარტს საინფორმაციო საშუალებით გავიგეთ, რომ ქვეყანაში გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა, რა თქმა უნდა, როგორც თითქმის ყველა, ჩვენც სახლში გამოვიკეტეთ.

ყოველდღიური რუტინული ცხოვრებისგან თავის დასაღწევად, მომივიდა ახალი იდეა, სადაც შესაძლებელი იქნებოდა სახლში ყოფნა ცოტათი გაგვეხალისებინა და ამ ქმედებით, არამარტო ჩვენი თავი, არამედ სხვებიც გაგვემხნევებინა.

თავიდან ამ ფოტოებს მხოლოდ ჩვენი საახლობლო წრის გასამხიარულებლად ვქმნიდით. საჯაროდაც არ გვქონდა ალბომი, მხოლოდ, ფეიბუქ-მეგობრებს ჰქონდათ საშუალება ენახათ, მაგრამ შემდგომ უკვე ხალხის იმხელა გამოხმაურება მოჰყვა, მოგვთხოვეს კიდეც, რომ ალბომი საჯარო გაგვეხადა.”, – ნინუცა კაკაბაძე. 

ახალი თემები

– ყოველდღიურ რეჟიმში ახალი თემების მოფიქრება საკმაოდ რთული პროცესი ყოფილა, ამიტომ წინასწარ ვწერდი ხოლმე იდეებს, რაც თავში მომივიდოდა, ღია ვიყავით ყველასთვის, ნებისმიერს შეეძლო მოეწერა რაიმე ახალი იდეა და თუ მოგვეწონებოდა იმ თემას ვიღებდით. არაერთი ფოტო გადაგვიღია მსგავსი რეკომენდაციით.

საგანგებო რეჟიმი, დღე 62, „ქეიფი კარანტინში“

გამოხმაურება სოციალურ ქსელში

– ერთი შეხედვით, დასაწყისში ჩვეულებრივი საოჯახო ალბომი, ალბათ, უფრო იმიტომ გადაიქცა არაჩვეულებრივად, რომ ხალხის საოცარი ინტერესი გამოიწვია. გვწერდნენ ფოტოს როდის დავდებდით, მეგობრები გვეხმარებოდნენ და გვიგზავნიდნენ კურიერით სხვადასხვა რეკვიზიტებს, გვაწვდიდნენ თემებს, გვგულშემატკივრობდნენ და ყველაფერმა ამან ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და მოტივაცია შეგვმატა, შემდგომ ფოტოებს უფრო დიდი შემართებით ვიღებდით. 

ფოტოგადაღების პროცესი

ყველაზე რთული გადაღების პროცესში იყო ბავშვის გაჩერება. გამომდინარე აქედან, მინიმუმ 25-30 კადრს ვიღებდით, რომ იქიდან ერთი ამოგვერჩია. ხან ვქრთამავდით ტკბილეულით, ხან თხოვნით, რომ როგორმე ერთ ადგილას გაგვეჩერებინა, აბსოლუტურად საპირისპირო ხდებოდა ძაღლთან, ერთი სიტყვაც კი საკმარისი იყო მისთვის, რომ ადგილიდან არ განძრეულიყო.

იდეები და თემატური სცენები

– თავიდან გვქონდა იდეა, რომ სულ ერთ ფონზე არ გადაგვეღო და გადაგვეღო სახლის სხვადასხვა კუთხეში, მაგრამ შემდეგ კარგად რომ ჩამოვყალიბდით ერთი და იგივე სივრცე ზუსტად ის იყო, რაც იზოლაციას კარგად ასახავდა, უბრალოდ თემატურად გავამრავალფეროვნეთ… მე მგონი, ზუსტად ეს სივრცე იყო ამ ფოტოპროექტის მთავარი გასაღები.

საყვარელი ფოტო

– 63 დღის განმავლობაში ყოველდღე ვიღებდით თითო ფოტოს, შესაბამისად ალბომში 63 ფოტოა. ცოტა რთულია გამოარჩიო ამდენ ფოტოში ერთი, მაგრამ მაინც ჩემი საყვარელი კადრი, ალბათ, ფიროსმანის მოტივებზე გადაღებული ფოტოა, ან ჯამბაზების ამპლუაში რომ ვართ, ან გონიოში ზღვაზე…. 

– და ბოლოს, როგორია საგანგებო რეჟიმის დასრულება? რამ მოგცა ამ პროექტმა?

– ​ამ პროექტმა იზოლაციის პერიოდში სახლში გატარებული რუტინული დღეები საგრძნობლად შეცვალა, ყოველდღე რაღაც ახლით ვინტერესდებოდით. მაგალითად, ერთ დღეს თუ ჩვენი ჰობი ტყეში სოკოების მოძიება და ამოცნობა იყო, მეორე დღეს ზღვაზე გონიოში ვისვენებდით.

ხან აცტეკები ვიყავით, ხანაც ტბაზე სათევზაოდ მივდიოდით და მოკლედ, ვფიქრობ, მშვენიერი სახალისო და გასართობი ფოტოსესია გამოგვივიდა.

ყველაზე მეტად ის მახარებს, რომ ამ პანდემიის პერიოდში ეს ყველაფერი ხალხს პოზიტიურ განწყობას უქმნიდა, ახალისებდა და მათგანაც დადებითი ენერგია მოდიოდა, რაც ამ რთულ პერიოდში ყველას ძალიან გვჭირდებოდა.

ყველა ფოტოს სანახავად გადადით ნინუცა კაკაბაძის ფეისბუქ-ალბომში.

ამ რუბრიკის სხვა სტატიები შეგიძლიათ, იხილოთ ბმულზე.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0
ვოისის ლოგო

საქართველოს პირველ არხზე „ვოისი“ იწყება

გუგლის ფოტო

Google საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს