in

მადონა ჯუღელი – “უნდა ეცადო რომ პაციენტთან გამჭირვალე იყო”

მასთან ინტერვიუს ჩაწერა ადვილი არ იყო. რამდენიმედღიანი ლოდინის შემდეგ როგორც იქნა პაციენტების რიგი გავარღვიე და მადონა ჯუღელსაც შევხვდი. ინტერვიუ დილის 9 საათზე დაიწყო. 10-ზე უკვე პირველ პაციენტს ელოდებოდა, ამიტომ დროში უნდა ჩავტეულიყავი.

არის ხოლმე მომენტები, როცა გგონია რომ რიგით რესპონდენტთან მიდიხარ და ინტერვიუდან აღფრთოვანებული ბრუნდები, მადონა ჯუღელი სწორედ ასეთი შემთხვევაა.

ექიმი გინეკოლოგი მადონა ჯუღელი “სამედიცინო კორპორაცია ევექსის” ქსელში შემავალ კლინიკა “კარაპს მედლაინში” მუშაობს. ის საოფისე გინეკოლოგიის მიმართულებას ხელმძღვანელობს. წარმატებული და ძლიერი ქალბატონი, ასეთია ჩვენი რესპოდენტი, რომელთან დაგეგმილი ინტერვიუ პროფაილს დაემსგავსა.

“უნდა შეეცადო, რომ პაციენტთან გამჭირვალე იყო”.

ეს სიტყვები მადონა ჯუღელს ეკუთვნის. მისთვის პაციენტი პრობლემებით დახუნძლული ადამიანი არ არის, ის მეგობარია, რომელსაც დახმარების ხელს უწვდის.

კარიერის აწყობა მარტივი არ ყოფილა, თუმცა პროფესიისადმი სიყვარულმა ყველა პრობლემის გადალახვა ასწავლა. სწავლა დღემდე არ შეუწყვიტავს. ფიქრობს, რომ ეს ერთადერთი რამაა, რაც მთელი ცხოვრება უნდა აკეთო.

მადონა ჯუღელი: ჩემს გარემოცვაში მყოფი ადამიანების უმეტესობა სამედიცინო სფეროში მოღვაწეობდა. დედა ეკონომისტი გახლდათ, თუმცა მასაც წლების განმავლობაში ჯანმრთელობის სამინისტროში წარმატებული კარიერა ჰქონდა. კარგად იცნობდა მედიცინის დარგში არსებულ პრობლემებს. იმ პერიოდში ყველა სტრუქტურა მოსკოვიდან იმართებოდა. მახსოვს, დედას ხშირად უწევდა ე.წ. გოს-პლანში ჩასვლა ბიუჯეტის დასამტკიცებლად. სწორედ ამ გარემოცვის დამსახურებაა ექიმობა რომ გადავწყვიტე. განსაკუთრებით კი ჩემი ძმის _ მედიცინის დოქტორის, მეან-გინეკოლოგის სევერიან ჯუღელის, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა ჩემს განათლებაში, ის იყო ჩემი მამაც, ძმაც და მეგობარიც, რადგან მშობლები მუშაობდნენ და ფაქტობრივად, ძმა მზრდიდა.

მისი კარიერული წინსვლის საწყისები ჟორდანიას სახელობის რეპროდუქციის ინსტიტუტს უკავშირდება. შემდეგ უკვე უცხოური განათლება ერთვება, რომელმაც მის განათლებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა.

მადონა ჯუღელი: ჟორდანიას სახელობის რეპროდუქციის ინსტიტუტი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სკოლა იყო და დიდ ინტერესსაც იწვევდა. სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის დასრულებისთანავე, ოჯახის გადაწყვეტილებითა და მხარდაჭერით, ინტერნატურა სწორედ აქ გავიარე. მე და თამარ ხომასურიძე პირველი ინტერნები ვიყავით, ვინც ინსტიტუტში ამ სტატუსით შევაბიჯეთ. ჩემი მასწავლებლები იყვნენ აპოლონ მესხი, თენგიზ ბოლქვაძე, ქეთი ჩიქოვანი… ის ადამიანები, ვინც დიდი როლი შეასრულეს ჩემს გაზრდაში.ისევ ოჯახის ხელშეწყობით სწავლის გაგრძელება საზღვარგარეთ გადავწყვიტე და 90-იან წლებში, შვედეთში, ჯერ ქ. უმეოს საუნივერსიტეტო კლინიკაში მივიღე დიპლომისშემდგომი განათლება, შემდგომ კი  ქ. უფსალას საუნივერსიტეტო კლინიკის რეპროდუქტოლოგიის განყოფილებაში ავიმაღლე კვალიფიკაცია. კურსი ვრცელი იყო და არა ერთ ნოზოლოგიას მოიცავდა, მაგრამ  განსაკუთრებით საშვილოსნოს ყელის პათოლოგიის დიაგნოსტიკითა და მართვის საფუძვლებით დავინტერესდი. სტიმული ამ რთული გზის გასავლელად ჩაჩავას ინსტიტუტის დირექტორმა პალიკო კინტრაიამაც მომცა, რადგან მას სჯეროდა, რომ მე ამას შევძლებდი, კიდევ უფრო გავიზრდებოდი, როგორც პროფესიონალი და საჭირო ცოდნით აღჭურვილი დავბრუნდებოდი საქართველოში.

მის პროფესიულ არჩევანზე ერთმა უცაბედმა შემთხვევამაც დიდი როლი ითამაშა.

მადონა ჯუღელი: ჩემს გამზრდელ ბებიას ყოველგვარი კლინიკის გარეშე საშვილოსნოს ყელის კიბო განუვითარდა და ბებო ამ დაავადებით გარდაიცვალა. ჩემს პროფესიულ არჩევანში, ალაბათ, ესეც იყო ჩაქსოვილი. მიმდინარე ძიებისა და გამოკვლევების შედეგად არაერთხელ დადასტურდა, რომ ეს დაავადება 100%-ით თავიდან აცილებადია. სხვა არც ერთ ონკოლოგიურ პათოლოგიას არ აქვს პროვენციის ასეთი შესაძლებლობა. თუ კოლკოსკოპიისა და პაპ-ტესტის საშუალებით ადრეულად დაისვა კიბოს წინარე დაავადებების დიაგნოზი, ქალი თავიდან აიცილებს ონკოლოგიურ დაავადებას.

სწორედ ამიტომ, აუცილებელია ქალბატონებმა წელიწადში ერთხელ მაინც ჩაიტარონ კვლევა და თავი დაიცვან ამ დაავადების განვითარებისგან.

2016 წელს ქ. ლიონში ქალბატონი მადონა ჯუღელი მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციამ რეგიონალურ ტრენერად აირჩია. ასე რომ აზერბაიჯანში, რუსეთში, სომხეთსა და ყაზახეთშიც კოლპოსკოპიური დიაგნოსტირების საერთაშორისო სერტიფიკატის ფლობის მსურველმა სპეციალისტებმა სწორედ ქალბატონ მადონას ტრენინგები უნდა გაიარონ.

კითხვაზე, რატომ მაინცდამაინც “სამედიცინო კორპორაცია ევექსი”, მადონა ჯუღელი ასე გვპასუხობს:

„ძალიან ბევრს ჰქონდა კითხვა, მადონა იყო ჟორდანიას ვაკის ფილიალის დირექტორი, ჰქონდა აბსოლუტურად ყველანაირი შესაძლებლობები, ფინანსურიც და ტექნიკურიც. მაგრამ მე წამოვედი აქ. მე მინდა ვთქვა, რომ “ევექსს” აქვს ძალიან დიდი შესაძლებლობა. მას აქვს ძალიან კარგი მენეჯმენტი და ის ზრუნავს ექიმების განვითარებაზე და ბუნებრივია პაციენტებზე. ეს ყველაფერი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია“.

გარდა ამისა, მადონა ჯუღელი საქართველოს კოლკოსკოპიის ფედერაციის პრეზიდენტია.

მადონა ჯუღელი: ეს ორგანიზაცია ჰუმანიტარულ ღონისძიებებს ატარებს საქართველოს დედაქალაქსა და რეგიონებში – წელიწადში რამდენჯერმე საშვილოსნოს ყელის კობოს პრევენციის საშუალებებზე ტრენინგებს მართავს. უნდა აღვნიშნო, რომ ფინეთი ამ მხრივ სამაგალითოა მსოფლიოსთვის. ამ ქვეყანამ შეძლო და საზოგადოების ინფორმირებულობის საშუალებით მაღალ დონეზე აიყვანა პრევენციის კულტურა, შესაბამისად, აქ საშვილოსნოს ყელის პათოლოგიის პროცენტული მაჩვენებელი სხვა ქვეყნებთან შედარებით ყველაზე დაბალია. იმედი მაქვს, საქართველოშიც მივაღწევთ ამ ნიშნულს.

წარმატებული კარიერის მთავარი გასაღები პროფესიის სიყვარული და პაციენტებისადმი დამოკიდებულებაა. ულევი ენერგია და შრომისმოყვარეობა, რომელიც პაციენტების დადებითი ემოციებით ივსება.

მადონა ჯუღელი: რა არის ჩემი წარმატების გასაღები? – მე ვფიქრობ, ძალიან დიდი სურვილი, რომ პაციენტს შევხედო არა როგორც ჩივილებს, არამედ, მასთან ვიყო მისი ცხოვრების მეგზური, წარსულის, აწმყოსი და მომავლის. ხშირად ფიქრობენ, რომ ექიმი, რომელიც დღეს არის წარმატებული, მას უფრო ფინანსური პოზიციები აინტერესებს. მე ხშირად მაქვს ამაზე ლაპარაკი. ძალიან ბევრი შრომა ჩავდე, რომ აქამდე მოვსულიყავი. ფინანსური ფაქტორები რაც მაქვს, ის თავისთავად მოდის და მოვა. ცხოვრებაში კანონზომიერებაა, გასცემ და მოდის. უნდა შეეცადო რომ გამჭირვალე იყო პაციენტთან. მუდმივად უნდა გაიზარდო და ისწვალო. თუ ამას არ აკეთებ, მატარებელი წავა და შენ ბაქანზე დარჩები.

საკუთარი კლინიკის გახსნაზე უფიქრია, მაგრამ ამის სურვილი არ აქვს. არ უნდა მენეჯერი გახდეს და ამით საყვარელ საქმიანობას, ექიმობას შეელიოს.

მადონა ჯუღელი: კიდევ ერთი ფაქტორია, ექიმი მიაღწევს თავის ნიშანს, ჰყავს თავისი პაციენტები და მერე ცდილობს, რომ თავისი ოფისი გახსნას. მე ვერ გეტყვი, რომ ამ თემაზე არ მიფიქრია, მაგრამ თუნდაც აქაც ხდება ერთი რამ. თუ შენ აკეთებ შენს საკუთარს, უნდა დაემშვიდობო პრაქტიკას. აქ ნაწილობრივ კომერციულად იქცევა ხოლმე შენი საქმიანობა. ფაქტობრივად ექიმის სტატუსს, თვითგანვითარებას კარგავ.

ექიმის ამპლუიდან გამოსვლა უჭირს. ის ყველგან ექიმია, ოჯახში და მეგობრებთან ფინჯან ჩაიზეც კი. ეს არაა მხოლოდ პროფესია, ეს მისთვის მდგომარეობაა, რომელსაც დიდი სიყვარულით ატარებს.

მადონა ჯუღელი: როდესაც სახლში მიდვივარ, არ ვლაპარაკობ და არ ვყვები არაფერს. ისე ვიღლები, რომ ჩემი მეტყველება იკარგება. ვზივარ ჩუმად და ვკითხულობ სამეცნიერო სტატიებს. “ევექსის” მეშვეობით მომეცა საშუალება მქონდეს წვდომა იმ ახალ სამეცნიერო ინფორმაციებზე, რომელიც უცხოურ მედიაში ქვეყნდება. ექიმის ამპლუიდან ვერ გამოვდივარ ვერც სახლში და ვერც მეგობრებთან, რადგან სულ პაციენტებზე ვფიქრობ და მათ პრობლემებს განვიხილავ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

ონლაინკურსები, რომელთაც დარგის ვარსკვლავები უძღვებიან

TikTok-ის პოპულარულობა დღითიდღე იზრდება