in

#სტარტაპი „ნეონ გალერი“ – როგორ უნდა აანთო შენი ფიქრები ნეონურად

„ნეონ გალერი“ პირველი წამოწყებაა, რომელმაც ქართველ მომხმარებელს ბიუჯეტური განათებები და ოთახის დეკორაცია შესთავაზა. ნეონების იდეა სალომე და ნინუცა ხვადაგიანებს ეკუთვნის. მათი აზრით, პროდუქტის საშუალებით შეგიძლიათ თქვენი აზრები და გრძნობები გამოხატოთ, თქვენთვის ძვირფას ადამიანს რაიმე მნიშვნელოვანი უთხრათ ან სულაც – საკუთარ თავს ორიგინალურად შევახსენოთ სამოტივაციო ფრაზა… სანამ ინტერვიუს გაეცნობოდეთ, აქვე გიზიარებთ „Neon Gallery“-ის Instagram ან Facebook გვერდებს.

რა პროდუქტზე მუშაობს თქვენი სტარტაპი?

ჩვენ ნეონის ბიუჯეტურ განათებებზე ვმუშაობთ და, ძირითადად, შიდა ინტერიერისა და სხვადასხვა ღონისძიებისთვის ვამზადებთ დეკორაციებს. 

როგორ გაჩნდა სტარტაპის იდეა?

სიმართლე რომ გითხრათ, ეს იდეა მოულოდნელად გაგვიჩნდა. ინტერნეტში შემთხვევით აღმოვაჩინეთ მასალა, რომლითაც საკუთარი ოთახისთვის პირველი ნეონი დავამზადეთ. მალევე გადავწყვიტეთ, რომ სხვებისთვისაც შეგვეთავაზებინა და იდეამაც გაამართლა. ინსტაგრამის საშუალებით ბევრმა მეგობარმა და უცნობმა ადამიანმა გვთხოვა, მათთვისაც დაგვემზადებინა შიდა ინტერიერისა და სხვადასხვა ღონისძიებისთვის დეკორაცია.

რამდენი ადამიანი მუშაობთ პროექტზე?

ჯერჯერობით მხოლოდ ორნი ვმუშაობთ, ამიტომ სამუშაოსაც ყოველთვის შეძლებისდაგვარად ორად ვინაწილებთ. 

რას ნიშნავს თქვენი სტარტაპის სახელწოდება?

სტარტაპის სახელწოდება ნეონების გალერეაა, რაც სწორად ასახავს ჩვენი სოციალური მედიის გვერდებს. ჩვენს „გალერეაში“ ძალიან ბევრი ნიმუში შეგიძლიათ ნახოთ და საკუთარი დიზაინისთვისაც შთაგონება იპოვოთ.

რა სირთულეები შეგხვდათ იდეის განხორციელებისას?

სირთულეებს რაც შეეხება, ფინანსები, მასალები და მათი მომარაგება თავდაპირველად საკმაოდ რთული იყო, რადგან ყველაფერი ნულიდან დავიწყეთ. ჩვენი აზრით, ჯერ ისევ სწავლისა და განვითარების პროცესში ვართ. ბარიერები ახლაც ბევრია, თუმცა ნელ-ნელა ვვითარდებით და ჩვენი მიზანიც სწორედ ეს არის. გვინდა, საკუთარი სტარტაპი ყოველთვის განვავითაროთ, პროდუქცია გავაუმჯობესოთ და, რაც მთავარია, გამოწვევების მიუხედავად, დაწყებული საქმე არ შევწყვიტოთ. მომხმარებელს ვპირდებით, რომ „ნეონების გალერეა“ ყოველთვის მრავალფეროვანი იქნება. უამრავი გეგმა გვაქვს, ამიტომ არ ვჩერდებით.

როგორ მოიზიდეთ ფინანსები და რას ურჩევდით დამწყებ სტარტაპერებს?

თავდაპირველად ყველაფერი საკუთარი ფინანსებით დავიწყეთ. პირველი ინვესტიცია 50 ლარს არ აღემატებოდა, უფრო ნაკლებიც კი შეიძლებოდა ყოფილიყო. უბრალოდ, როდესაც რაღაც ძალიან გინდა, ცდილობ, გააკეთო. რაც მთავარია, არ ჩერდები და საბოლოოდ ყველაფერი გამოგდის. მხოლოდ სტარტაპებს არ ვგულისხმობთ, რა თქმა უნდა, ცხოვრებაშიც ხომ ასეა?! ამიტომ, ყველას ვურჩევთ, საყვარელი საქმიანობა დაიწყონ და ეცადონ, პროცესით ისიამოვნონ. შესაძლოა, ხშირად გზაზე არსებული სირთულეების გადალახვა სასიამოვნოდ სულაც არ მოგეჩვენოთ, მაგრამ, მთავარია, ეს გამოწვევები მიიღოთ და მათ გაუმკლავდეთ. მოგიწევთ იმ აზრთან შეგუებაც, რომ ხშირად იქნება ქაოსი, თუმცა დასახული მიზნის მიღწევისას მიხვდებით, რომ ეს ყველაფერი ამად ღირდა. საკუთარი შრომის შედეგს რომ დაინახავ, ისევ გააგრძელებ საყვარელ საქმეს და აღარ გაჩერდები, რადგან პრობლემები აღარ შეგაშინებთ. 

გყავთ თუ არა კონკურენტი ადგილობრივ ბაზარზე?

პირდაპირი კონკურენტები არ გვყავს, რადგან ბაზარზე მსგავსი მასალით მხოლოდ ჩვენ ვმუშაობთ. თუმცა შევხვედრივართ სხვა გვერდების პოსტებსაც ნეონებზე. სიმართლე რომ გითხრათ, თავიდან უცნაური შეგრძნება იყო, როდესაც აღმოვაჩინეთ, რომ ჩვენი იდეით სხვებიც დაინტერესდნენ. მაშინ, როდესაც სხვებმა პოტენციალი დაინახეს ჩვენი იდეის გაუმჯობესების, ჩვენ მეტი სტიმული მოგვეცა ბევრი პროექტისა და იდეის ფრთაშესხმისათვის. გვსურს, აღნიშნული სფერო და ბაზარი მრავალფეროვანი გავხადოთ. 

მასალა მოამზადა ფატი გუგბერიძემ

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

ინოვაციური ბალიში, რომელიც კომფორტულად ჩაძინებაში თავად გეხმარება

„სივრცე ქალური საუბრებისთვის“, სადაც კაცები არ დაიშვებიან