რუსკა რობიტაშვილი ბუნებასა და ხელოვნებაზე უზომოდ შეყვარებული ადამიანია. არაჩვეულებრივად ხატავს და ასეთივე წარმატებით მუშაობს გრაფიკულ დიზაინზე საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის. როგორ იქმნება პირველი არხის გადაცემების შეფუთვები, ლოგო და რამდენი ადამიანი მონაწილეობს პროდუქტის შექმნაზე, რომელიც საბოლოოდ ტელეეკრანზე ინაცვლებს – ამ ყველაფერს რუსკასთან ინტერვიუდან გაიგებთ.
რუსკა, როგორც ვიცით, კარგად ხატავ, გაქვს არაჩვეულებრივი ნამუშევრები, როდის მიხვდი, რომ ეს იყო შენი მოწოდება და როდის გადაწყვიტე, რომ სწორედ სამხატვრო აკადემიაში უნდა ჩაგებარებინა?
ბავშვობაში არ გამოვირჩეოდი მხატვრობის განსაკუთრებული ნიჭით, სწავლის გაგრძელებას ეკონომიური განხრით ვაპირებდი. სკოლის ბოლო წელს რადიკალურად შევცვალე არჩევანი და გადავწყვიტე, აკადემიაში ჩაბარება, რადგან გატაცებული ვიყავი კომპიუტერული გრაფიკის შესწავლით და პროგრამებში მუშაობა განსაკუთრებულ სიამოვნებას მანიჭებდა. 2009 წელს ჩავაბარე სამხატვრო აკადემიაში მულტიმედია დიზაინის ფაკულტეტზე, სწავლის პარალელურად ვმუშაობდი აუთსორსზე გრაფიკულ-დიზაინერად. შემდეგ ხატვის მაგისტრატურაზე გავაგრძელე სწავლა, რადგან ვფიქრობდი, რომ ხატვა დამეხმარებოდა ტექნიკის დახვეწასა და გაუმჯობესებაში.
გრაფიკული დიზაინი და მხატვრობა ცხადია, ჰგავს ერთმანეთს, მაგრამ ალბათ, მაინც განსხვავებული იქნება ნახატისა და გრაფიკული პროდუქტის შექმნის პროცესი. მოგვიყევი რა სხვაობა და მსგავსებაა მათ შორის და შენ რომელი უფრო განიჭებს სიამოვნებას?
ორივე შემოქმედებითი პროცესია და დიდ ძალისხმევას მოითხოვს, განსაკუთრებით რთულია დამკვეთის იდეების გათვალისწინებით გემოვნებიანი პროდუქტის შექმნა და ამავდროულად, ინდივიდუალიზმის შენარჩუნება. ვხატავ მაშინ, როცა ძლიერი ემოცია მოდის, მაქვს შესაფერისი გარემო და დრო. ფერწერა სრულ თავისუფლებას მანიჭებს, მაშინ როცა გრაფიკული დიზაინის შექმნისას ვცდილობ გავითვალისწინო ბევრი კომპონენტი, რაც გარკვეულწილად ჩარჩოებში მაქცევს, მაგრამ მუშაობის პროცესში იბადება ახალი იდეები, შესაბამისად, შედეგიც შესაძლოა, სრულიად განსხვავდებოდეს თავდაპირველი ჩანაფიქრისგან. საბოლოო ჯამში, შეიძლება
ითქვას, რომ მუშაობის პროცესი ორივე შემთხვევაში თავისი ინდივიდუალიზმით ხასიათდება, ძალიან საინტერესოა, ერთმანეთს ავსებს და დიდ სიამოვნებას მანიჭებს. ინსპირაციისთვის ვცდილობ, ბევრი ვიმოგზაურო, ვილაშქრო, გადავიღო ფოტოები, მიღებული შთაბეჭდილებები და ემოციები კი შემდგომში მეხმარება ნამუშევრების შექმნაში.
როგორც ვიცით, საზოგადოებრივ მაუწყებელში მუშაობ დიზაინერად, აქამდე რას უკავშირდებოდა შენი კარიერა, რით იყავი დაკავებული?
თუ არ ჩავთვლით აუთსორსზე შეკვეთებს, პირველი სამსახური მაგისტრატურის პირველ კურსზე დავიწყე გამომცემლობაში, გრაფიკულ დიზაინერად. იქიდან გამომდინარე, რომ ვსწავლობდი, მოქნილი გრაფიკი ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის, თავისუფალი დრო საერთოდ არ მქონდა და სულ გადარბენაზე ვიყავი. შემდეგ სარეკლამო კომპანიაში გადავედი რამოდენიმე წლით, დღეს პირველ არხზე ვარ გრაფიკულ დიზაინერად, ტელევიზიის სპეციფიკა ჩემთვის უცხო იყო, მაგრამ ძალიან საინტერესო აღმოჩნდა.
უშუალოდ საზოგადოებრივ მაუწყებელში რისი კეთება გიწევს?
საქართველოს პირველ არხზე ვქმნი ტელევიზიის გრაფიკულ ვიზაულს/სტილს, ეს მოიცავს როგორც ბეჭდვით, ისე ტელე და ვებნამუშევრების შექმნას, მათ შორის სხვადასხვა გადაცემის ვიზუალურ შეფუთვას. მინდა, აღვნიშნო, რომ აქ დამხვდა პროფესიონალთა გუნდი, რომელიც დამეხმარა ტელევიზიის სპეციფიკასთან ადაპტაციაში, მათგან ბევრი რამ ვისწავლე.
საინტერესოა, როგორია მაუწყებლის პროდუქტებზე მუშაობის პროცესი, როგორ იქმნება მაგალითად, რომელიმე პროექტის ლოგო, რამდენი ადამიანია ამაში ჩართული და როგორ მუშობს ზოგადად ეს მექანიზმი?
მუშაობის პროცესი ძალიან საინტერესოა, რაშიც ბევრი განსხვავებული პროფესიის ადამიანია ჩართული. პირველად იდეა იბადება, ეწყობა პროექტის კონსტრუქცია, შემდეგ იქმნება ვიზუალური მხარე. ჩემთან მოდის ინფორმაცია, თუ რის შესახებ არის მაგალითად, ესა თუ ის გადაცემა, დღის რა მონაკვეთში გადის ეთერში, რას მოიცავს მისი კონცეფცია, ან მაყურებლის რომელ სეგმენტზეა გათვლილი. შემდეგ ვიწყებ სამუშაო ვერსიების შექმნას, ვითვალისწინებ მსგავსი ტიპის შოუებისა და გადაცემების ვიზუალს, რომ არ იყოს მსგავსება, პროექტის ხელმძღვანელთან და რეჟისორთან ვათანხმებ ვიზუალური მხარის ყველა დეტალს, ბევრი ნიუანსია ყურადსაღები. გასათვალისწინებელია, როგორ გამოჩნდება ფერი ეკრანზე, ფონტი რომ მარტივად კითხვადი და აღსაქმელი იყოს. საბოლოო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ სანამ ეკრანზე მოხვდება სატელევიზიო პროდუქტი, მის შექმნაში ბევრი
ადამიანის უდიდესი შრომა და ძალისხმევაა ჩადებული, თუმცა სასურველი შედეგის მიღწევა უდიდესი სიამოვნებაა.
რამდენად საინტერესო და აზარტულია ლოგოს დიზაინზე ან ბანერზე მუშაობა? ეს ხომ მთლიანად შემოქმედებითი პროცესია, ამიტომ რაიმე ასე ვთქვათ, რიტუალი ხომ არ გაქვს, მაგალითად, განმარტოება და სიმშვიდეში ყოფნა, მუსიკა ან რაიმე მსგავსი, რაც გეხმარება მუშაობაში?
ნამდვილად გარემოს დიდი მნიშვნელობა აქვს, ჩემი კომფორტის ზონა ბუნება, ყვავილები და მუსიკაა. სამუშაო სივრცე სხვადასხვა მცენარეებით გავალამაზე, ცოტათი მაინც შევქმენი ჩემთვის იდეალური გარემო. რა თქმა უნდა, მარტო ყოფნასაც თავისი მხარეები აქვს მუშაობის პროცესში, ასეთ დროს უკეთ ვკონცენტრირდები, თუმცა მიყვარს თანამოაზრესთან ერთად იდეაზე მუშაობა, განხილვა, მსჯელობა. ამ დროს შესაძლოა, ბევრად უფრო განსხვავებული და საინტერესო აზრებიც დაიბადოს.
იმის გათვალისწინებით, რომ გემოვნებაზე ძალიან ბევრს დაობენ, მინდა გკითხო ასეთი რამ. როდესაც პროდუქტზე მუშაობას დაასრულებ, ღამეებს გაათენებ, დარწმუნებული ხარ, რომ ძალიან მაგარი პროდუქტი შექმენი და ამ დროს „დამკვეთი“, შენი უფროს ან ვინმე შემფასებელი ამ ნაშრომს გაკორექტირებინებს, მაგალითად, ფერს გაცვლევინებს ან ფონტის ზომას, ეს რა შეგრძნებაა? როგორ პასუხობ ხოლმე შენიშვნებს, როგორ აღიქვამ?
რა თქმა უნდა გამოწვევაა, როდესაც ძალიან დიდი შრომა და ენერგია ჩავდე პროდუქტში, მივედი საბოლოო შედეგამდე, რომელსაც დამკვეთს ვაჩვენებ და ამ დროს მთხოვენ მის დაკორექტირებას, პირველი რეაქცია მაინც პროტესტია, მაგრამ მსჯელობისა და განხილვის შედეგად სასურველ შედეგს ვიღებთ. თუმცა კომპეტენტური პირისგან, რომლის აზრიც ჩემთვის მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელია, ძალიან ადეკვატურად ვიღებ რჩევას, პირიქით, ეს შესაძლებლობაა განვითარების, რადგან სულ სწავლის პროცესში ვარ და ყოველი მომდევნო ნამუშევარი მეტ გამოცდილებას და ცოდნას მაძლევს.
რა არის აუცილებელი იმისთვის, რომ კარგ გრაფიკულ დიზაინერად ჩამოყალიბდე?
ამისათვის აუცილებელია გამოცდილების შეძენა, სწავლა, საკუთარ თავზე მუშაობა, ბევრი ძიება და განვითარების სურვილი.
რა აყალიბებს გრაფიკული დიზაინერის გემოვნებას?
უპირველესად ალბათ სწავლა, მრავალფეროვანი ინფორმაციის მოძიება და გაცნობა სხვადასხვა ტენდენციების, რა თქმა უნდა, საინტერესო დაკვეთა და კარგ გუნდთან ერთად მუშაობა.
ქართველი გრაფიკული დიზაინერებიდან ვის ნამუშევრებს გამოარჩევდი?
გამოვარჩევდი ანა მიმინოშვილის ნამუშევრებს, კარგ ილუსტრაციებს და დიზაინებს ქმნის, ასევე მომწონს ნინო ლეკვიშვილის შემოქმედება.
ისევ მხატვრობის თემას რომ დავუბრუნდეთ, რომელი მხატვარია შენთვის შთაგონების წყარო?
ბავშობიდან ფიროსმანის ნამუშევრებზე ვიზრდები, მისი სახლ-მუზეუმის ხშირი სტუმარი ვიყავი, მომწონდა მხატვრის პრიმიტიული ნამუშევრები, რომლებიც დიდ სიმბოლურ დატვირთვას ატარებდა. ფრესკული ნამუშევრებიდან გამოვარჩევ ატენის სიონის მოხატულობას, რამაც გავლენა მოახდინა დიდი ქართველი მხატვრის, მერაბ აბრამიშვილის შემოქმედებაზეც, ვისითაც ყოველთვის აღფრთოვანებული ვარ. აბსტრაქციები და სკულპტურა მომწონს გერმანელი მხატვრის ანსელმ კიფერის, პოპ არტის წარმომადგენლებიდან გამოვარჩევ ამერიკელ ხელოვანს, რობერტ რაუშენბერგს, ენდი უორჰოლს, მისი ნამუშევრები ჩემი, როგორც მხატვარ-დიზაინერის შთაგონების წყაროა.
რა არის შენი როგორც მხატვრის/დიზაინერის ოცნება? რას გინდა ყველაზე მაქსიმუმს რომ მიაღწიო ცხოვრებაში და აკეთებ თუ არა რაიმეს ამ კონკრეტული მიზნის მისაღწევად?
სულ რაღაცის ძიებაში ვარ, საკუთარი თავით ბოლომდე არასოდეს ვარ კმაყოფილი. მინდა, ვიპოვო ჩემი თავი მხატვრობაში, დავხვეწო ტექნიკა და მივაგნო საკუთარ ხელწერას. რაც შეეხება კომპიუტერულ გრაფიკას, ბოლო პერიოდში მოუშენ დიზაინით დავინტერესდი, გავიარე ლოგო მოუშენის კურსები „ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში”, სადაც მივიღე საბაზისო ცოდნა. მინდა, უფრო სიღრმისეულად შევისწავლო გრაფიკის მოძრაობა და სამომავლოდ ჩემი შექმნილი დიზაინები მოძრავი გავხადო.
Loading…