in

#სტარტაპი „ქარდი“ – ფასდაკლების ბარათი ავტო-მოტო ​მფლობელებისთვის

თუ ავტომობილის მოვლაში ყოველთვიურად საკმაოდ სოლიდური თანხის დახარჯვა გიწევთ, თქვენს პრობლემას „ქარდი“ მოაგვარებს. ეს არის ფასდაკლების ბარათი ავტო-მოტო მფლობელებისთვის. მასში გაერთიანებულია 150 კომპანიის 15-მდე სერვისი.

კონკრეტულად რა სერვისებს სთავაზობს მომხმარებელს „ქარდი“, Venue.-ს კომპანიის დამფუძნებელი ლაშა ბაკურაძე ესაუბრა.

რა არის თქვენი სტარტაპი და როდის დაიწყო მუშაობა?

„ქარდი“ არის ფასდაკლების ბარათი ავტო-მოტო მფლობელებისთვის. ის აერთიანებს 15 მიმართულების 150 კომპანიის ფასდაკლებას, თუმცა პარტნიორების სია მზარდია და ყოველდღიურად გვემატება ფასდაკლებები. თუ თქვენ გაქვთ „ქარდი“, საწვავს ასხამთ ფასდაკლებით, რეცხავთ ნახევარ ფასად, ყიდულობთ ნაწილებს, აზღვევთ ავტომობილს და ა.შ. ბარათი ორი კვირაა გაყიდვაშია, თუმცა უკვე კარგი გამოხმაურება გვაქვს, მათ შორის კმაყოფილი კლიენტებიც, რაც ყველაზე მეტად გვახარებს

როგორ მუშაობს სტარტაპი, რა მექანიზმით?

CarDiscount.ge არის ჩვენი ვებგვერდი, სადაც მომხმარებლებს შეუძლიათ როგორც ბარათის შეძენა, ასევე პარტნიორებისა და შეთავაზებების ნახვა. მას შემდეგ, რაც მომხმარებელი ბარათს შეიძენს პარტნიორ კომპანიებში, წვდომა ექნება ფასდაკლებაზე და შეუძლია ყოველდღიურად ისარგებლოს. გარდა ამისა, ბარათს ყიდიან ჩვენი გაყიდვების მენეჯერები, რომლებიც თბილისში სხვადასხვა ლოკაციაზე არიან წარმოდგენილი.

როგორ მიხვედით ამ სტარტაპის იდეამდე?

სტარტაპის იდეა უკავშირდება პანდემიასა და მოსალოდნელ რისკებს კომპანიებისთვის. მოგეხსენებათ პანდემიის შემდგომ ყველა კომპანია ელოდებოდა ბრუნვის შემცირებას. ჩვენი ბარათი ასეთ კომპანიებს აძლევს საშუალებას, პირიქით გაზარდონ გაყიდვები, უფრო ფართო აუდიტორიას გააცნონ თავიანთი პროდუქტი, ხოლო მომხმარებლისთვის კი გამოვიდა იდეალური შეთავაზება, რადგან ავტომფლობელებს ყოველდღიურად ბევრად ნაკლები თანხის დახარჯვა მოუწევთ და უკეთეს სერვისსაც მიიღებენ.

კომპანიები მარტივად წამოვიდნენ თანამშრომლობაზე?

კომპანიების 98% ძალიან კარგად შეგვხვდა და ყველა მათგანი ჩვენი პარტნიორია, თუმცა იყო რამდენიმე კომპანია, რომელიც ამბობდა, რომ ფასდაკლებას არ გააკეთებს, რადგან ისედაც ბევრი კლიენტი ჰყავს ან ჩვენთან არ ითანამშრომლებს, რადგან სტარტაპი ვართ. ყველა ასეთ კომპანიას ვეტყვი, რომ მუდმივი არაფერია და თუ სიახლის მიმართ მიმღებლობა არ ექნებათ, შეიძლება, ერთ დღეს გაკვირვებულები დარჩნენ მათი შედეგებით, ვისაც სიახლის მიმღებლობა აღმოაჩნდა.

რამდენი კომპანია და რა სერვისები იქნება ხელმისაწვდომი?

პირველ ეტაპზე 150 კომპანიის 15 სერვისია ხელმისაწვდომი: 

* ავტოსერვის ცენტრები (ავტომობილის შეკეთება)

* ავტომობილის ნაწილების ცენტრები

* ზეთის შეცვლის ცენტრები

* ავტოგასამართი სადგურები (ბენზინი)

* ავტოსამრეცხაოები

* ავტოტუნინგ ცენტრები

* დაზღვევა 

* ევაკუატორის მომსახურება

* ნასვამი მძღოლების მომსახურება

* ქარდ ასისტანსი (როდესაც არ გაქვთ დრო, თქვენს ავტომობილს ჩვენ მივხედავთ, თანაც უფასოდ) 

* გაზის სამონტაჟო ცენტრები

* ფირის გადაკვრის ცენტრები 

* საპორტო მომსახურება (როდესაც ავტომობილი ჩამოდის, საზღვარგარეთიდან მისი გამოყვანა და ტრანსპორტირება დანიშნულების ადგილამდე)

* ოფიციალური ცენტრების მომსახურება

* ახალი ავტომობილების გაყიდვების ცენტრები 

რა ეღირება ბარათი?

ბარათის ღირებულება წელიწადში 100 ლარი ან ყოველ თვე 10 ლარია. თუმცა განსაკუთრებული პირობა მოქმედებს სოლო მომხმარებლებისთვის და თვის ბოლოდან ექსკლუზიურ ფასად შეძლებენ შეძენას.

რა სირთულეები შეგხვდათ სტარტაპზე მუშაობის პერიოდში?

ძირითადი სირთულე კადრების აყვანას, მათ ტრენინგსა და შენარჩუნებას უკავშირდება, რადგან გაყიდვები ყველასთვის არ არის, თუმცა ამას რომ მიხვდეს ადამიანი, უნდა სცადოს გაყიდვა. 

ვინ არის თქვენი მთავარი კონკურენტი?

ისე გამოვიდა, რომ კონკურენტი არ გვყავს, რადგან პირველი კომპანია ვართ ამ მიმართულებით კონკრეტულად ამ სფეროში, რაც კიდევ უფრო მეტად უსვამს ხაზს ჩვენ საჭიროებას. 

რით არის თქვენი სტარტაპი გამორჩეული? რა არის ის ნიშა, რაც პროექტის ინდივიდუალურობას უსვამსხაზს?

სტარტაპი გამორჩეულია იმით, რომ გაძლევთ საშუალებას, შეამციროთ ყოველდღიური ხარჯები, რა თანხასაც გადაიხდით ბარათში, 10 იმდენს და კიდევ უფრო მეტს დაზოგავთ ყოველდღიურად. ბარათის მფლობელებს ემსახურება „ქარდ ასისტანსი“, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ თქვენ ვერ მოიცლით, გამოგვიძახებთ, თქვენს ავტომობილი წავიყვანთ და შეკეთებულს გიბრუნებთ ისე, რომ ამ მომსახურებაში თანხას არ იხდით. „ქარდ ასისტანსი“ ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტია ჩვენს ბარათში.

რა არის აუცილებელი იმისთვის, რომ სტარტაპი წარმატებული გახდეს?

პირველ რიგში, იდეა, მეორე რიგში, რწმენა, მესამე რიგში კი რუტინული ყოველდღიური დაუღალავი მუშაობა. 

დაფინანსება მოიპოვეთ თუ საკუთარი ხარჯებით დაიწყეთ საქმიანობა?

ჩვენი სტარტაპი 100% ჩვენი ინვესტირებით განხორციელდა, თუმცა მომავალში საგრანტო კონკურსებში მონაწილეობას ვგეგმავთ. 

აპირებთ თუ არა ბიზნესის გაფართოებას?

აუცილებლად, რუსთავი, ქუთაისი და ბათუმი გვაქვს მიზანში. სექტემბრის დასაწყისში აუცილებლად უნდა ვიყოთ სამივე მათგანში. 

რა გჭირდებათ იმისთვის, რომ ბიზნესი გააფართოვოთ?

ფინანსები და კადრები, ბუნებრივია, თუმცა ის რაც დაგეგმილი გვაქვს, აუცილებლად გავაკეთებთ. 

თქვენი გეგმა რა არის მოკლევადიან და გრძელვადიან პერიოდში?

მოკლევადიან პერიოდში აუცილებელია, რომ ბევრი ბარათი გაიცეს, ხოლო გრძელვადიან პერიოდში – მობილურ აპლიკაციას ველოდებით, სადაც ადამიანები და კომპანიები ერთამანეთს მარტივად დაუკავშირდებიან.

რა რჩევას მისცემდით იმ ადამიანებს, რომლებიც ახლა იწყებენ თავიანთი იდეის სტარტაპად გადაქცევას?

ასეთ ადამიანებს ვეტყვი, რომ არ არსებობს იმაზე უკეთესი დრო, ვიდრე აქ და ახლა, რადგან ჩვენ ვართ ის ხალხი, ვინც ხვალინდელ ეკონომიკასა და დღის წესრიგს ვქმნით, ამიტომ მხრებში გაიმართეთ, საკუთარი თავის ირწმუნეთ და წინ წარმატებებისა და წარუმატებლობებისკენ, რადგან ამ გზაზე ორივეს ნახავთ. მთავარია, არ გვეშინია და ყველაფრიდან ვსწავლობთ!

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

კლუბი საკუთარ მანქანაში – გერმანიაში პირველი კლუბური საღამო მოეწყო

საორსულე ტანსაცმელი Mommy, Mommy-ისგან – ახალი ქართული სტარტაპი