Develops.ge ათვლას 2019 წლიდან იწყებს, ეს არის პირველი ვებ-პლატფორმა საქართველოში, სადაც წარმოდგენილია ტექნოლოგიურ უზრუნველყოფასთან დაკავშირებული კომპანიები და კერძო პირები, რომლებსაც წარმოდგენილი აქვთ დეტალური აღწერა მათი საქმიანობის, უნარების, პროექტებისა და შეფასებების შესახებ, რაც დაგეხმარებათ მარტივად იპოვოთ თქვენთვის სასურველი კომპანია ან კერძო პირი, რომელიც გაგიწევთ ტექნოლოგიურ უზრუნველყოფას.
გარდა ამისა, იხილავთ ტექნოლოგიურ უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ ვაკანსიებს და პროექტებს. სულ მალე კი, შეძლებთ დისტანციურად განახორციელოთ თქვენთვის სასურველი პროექტი, თქვენ მიერ არჩეულ კომპანიასთან ერთად, რაც დაგეხმარებათ დაზოგოთ დრო, ენერგია და სახსრები.
სტარტაპის შექმნის იდეაზე, გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზე ვესაუბრეთ კომპანიის დამფუძნებელ ლუკა ხალაძეს.
– ლუკა, როგორ მიხვედით სტარტაპის იდეამდე?
– Develops.ge-ის იდეა შექმნა პრობლემამ, როდესაც თავად მინდოდა დამეკვეთა ვებ გვერდი IT კომპანიისათვის ან კერძო პირისათვის, თუმცა მათი შერჩევა არამარტო ჩემთვის, არამედ უამრავი ადამიანისათვის დიდ პრობლემას წარმოადგენდა, ვინაიდან არ არსებობდა პლატფორმა, სადაც მარტივად ვნახავდი თითოეული მათგანის შესაძლებლობებს და გავაკეთებდი სწორ არჩევანს, სწორედ ეს გახდა ის იდეის ინსპირაცია, რამაც მიგვიყვანა იმ წარმატებამდე, რისი წარმოდგენა, არც შეგვეძლო.
– რა პრინციპით შეარჩიეთ სახელი?
– პლატფორმის სახელი გვსურდა დაგვეკავშირებინა მის ფუნქციონალთან, სფეროსთან და იმ მიზანთან, რისთვისაც მას უნდა ემსახურა. ვებ-პლატფორმის მიზანია განუვითაროს შესაძლებლობები – ერთის მხრივ ტექნოლოგიურ უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ კომპანიებს და კერძო პირებს, ხოლო მეორეს მხრივ, ნებისმიერ პირს, ვინც ეძებს ტექნოლოგიურ უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ კომპანიას ან კერძო პირს.
– რამდენი ადამიანი მუშაობს ამ პროექტზე?
თავდაპირველად მუშაობა დავიწყე მე, თუმცა მას შემდეგ, რაც დამატებით შევიძინე გუნდის ახალი წევრი, მომეცა მოტივაცია გადამედგა ის ნაბიჯები, რამაც მოგვიტანა ის წარმატება, რამაც Develops.ge-ის ახალი მიზანი და მოტივაცია გაუჩინა.
– რა სირთულეები შეგხვდათ სტარტაპზე მუშაობის პერიოდში?
– სირთულეები იყო, არის და იქნება, მაგრამ ჩვენ ვიყენებთ ჩვენებურ მიდგომას – პრობლემას ვუყურებთ, როგორც აუცილებელ განვითარებას. რეალურად, მხოლოდ პრობლემას მოაქვს წარმატება, თუ ამ ყველაფერს შევხედავთ, როგორც უკვე განხორციელებულ ნაბიჯს.
– ვინ არის თქვენი მთავარი კონკურენტი?
ჩვენ კონკურენტებად რეგიონში არც თუ ისე ბევრი ვებ-პლატფორმა მოიაზრება, ვინაიდან მათი ძირითადი მიმართულება უბრალოდ კომპანიების და კერძო სპეციალისტების შესახებ ინფორმაციის წარმოდგენაა, ჩვენს შემთხვევაში ეს მთავარ მიზანს აღარ წარმოადგენს, ჩვენ უკვე ვმუშაობთ განახლებულ პლატფორმაზე, სადაც არა მარტო ტექნოლოგიურ უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ კომპანიებს იხილავთ, არამედ შეგეძლებათ დისტანციურად განახორციელოთ ნებისმიერი პროექტი, რომელიც დაკავშირებული იქნება ტექნოლოგიურ უზრუნველყოფასთან.
– რა არის აუცილებელი იმისთვის, რომ სტარტაპი წარმატებული გახდეს?
– ვფიქრობ, რომ სტარტაპი წარმატებულია იმის მიხედვით, თუ რა მიზანი გააჩნდა მის დამფუძნებელს იდეის განხორციელების დროს, სტარტაპის წარმატება იდეის ავტორის ხელშია.
– როგორ ფიქრობთ, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი სტარტაპის დაწყების დროს: იდეა, ადამიანური რესურსი თუ დაფინანსება?
– ყველაზე მნიშვნელოვანი ვფიქრობ, იდეაა, ვინაიდან სწორედ იდეის გენიალურობამ შესაძლებელია არც მოითხოვოს ადამიანური რესურსი ან დაფინანსება.
– დაფინანსება მოიპოვეთ თუ საკუთარი ხარჯებით დაიწყეთ საქმიანობა?
– თავდაპირველად საკუთარი ხარჯებით ვახდენდით პლატფორმის ფუნქციონირების გამართვას, თუმცა მას შემდეგ, რაც გავიარეთ აქსელერაციის პროგრამა UG Startup Factory-ში, მოვლენები იმაზე სწრაფად განვითარდა, ვიდრე ველოდით. გარდა იმისა, რომ დაგვეხმარნენ ახალი მიზნის შემუშავებაში, რაც გულისხმობს იმას რომ ვებ-პლატფორმაზე შესაძლებლობა მიეცემა ნებისმიერ პირს ნახოს ტექნოლოგიურ უზრუნველყოფასთან დაკავშირებული კომპანია, რომელთანაც დისტანციურად ითანამშრომლებს და განახორციელებს პროექტს, ასევე, მივიღეთ დაფინანსება საქართველოს უნივერსიტეტის მხრიდან, რაც საშუალებას გვაძლევს სულ მალე წარგიდგინოთ ვებ-პლატფორმა, რომელიც რეგიონში პირველი იქნება და ამავდროულად უამრავ ადამიანს დაეხმარება მარტივად მოძებნონ სასურველი კომპანია – მათი პროექტის განსახორციელებლად.
– აპირებთ თუ არა ბიზნესის გაფართოებას?
– ვებ-პლატფორმის განვითარებისათვის ვაპირებთ ჩვენ მეზობელ სახელმწიფოებში არსებულ IT კომპანიებს შევთავაზოთ გაიარონ რეგისტრაცია და მიიღონ უფრო მეტი შეთავაზება, როგორც იმავე ქვეყნის, ასევე სხვა ქვეყნის მომხმარებლების მხრიდანაც.
– რა გჭირდებათ იმისთვის, რომ ბიზნესი გააფართოვოთ?
– ვებ-პლატფორმის გასაფართოებლად ვფიქრობთ, დაგვჭირდება გუნდის ის წევრები, რომლებიც გაგვიზიარებენ მათ შესაძლებლობებს, რათა ერთად გავხადოთ პლატფორმა უკეთესი.
– თქვენი გეგმა რა არის მოკლევადიან და გრძელვადიან პერიოდში?
– ჩვენ უკვე გვაქვს მზად ვებ-პლატფორმის პროტოტიპი და სულ მალე დავიწყებთ მის განხორციელებას, რასაც დასჭირდება დიდი ენერგია და შრომა.
– რა რჩევას მისცემდით იმ ადამიანებს, რომლებიც ახლა იწყებენ თავიანთი იდეის სტარტაპად გადაქცევას?
– არ შეხედოთ პრობლემას, როგორც დაბრკოლებას, შეხედეთ მას როგორც განხორციელებულ წარმატებას და მიხვდებით, რომ პრობლემა თქვენი იდეის დახვეწაში დაგეხმარებათ.
Loading…