შესაძლოა, გაგიკვირდეთ, მაგრამ კომპანია Apple City-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი, გენერალური მენეჯერი ბაჩი ბიბილაშვილი პანდემიის პერიოდში მომხმარებელს საკურიერო სერვისით თავად ემსახურებოდა. გარდა ამისა, Apple City იმ იშვიათ კომპანიებს შორის არის, რომელმაც თვითიზოლაციის დროს თანამშრომლებს ხელფასები შეუნარჩუნა და სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფ ოჯახებსაც დაეხმარა.
რა გამოცდილება შესძინა და როგორ გადალახა კომპანიამ პანდემიის მძიმე პერიოდი, Venue.-ს ბაჩი ბიბილაშვილი ესაუბრა.
კორონავირუსის პანდემიამ გავლენა მოახდინა არა მხოლოდ მცირე არამედ დიდ ბიზნესებზეც, კონკრეტულად თქვენს კომპანიაზე როგორ აისახა?
მარტი-აპრილში გაყიდვები, რა თქმა უნდა, 50-60%-ით შემცირდა. საკმაოდ ძლიერი დარტყმა იყო, აგვირია გეგმები, თუმცა პარტნიორებთან, ბანკებთან და მომწოდებლებთან ყველა მოლაპარაკება შედეგიანად დასრულდა, რისთვისაც მადლობა თითოეულ მათგანს,
როგორც ვიცი, პანდემიის პერიოდში, მიუხედავად იმისა, რომ თქვენი თანამშრომლები არ მუშაობდნენ, მათ ხელფასები მაინც შეუნარჩუნეთ, ეს გადაწყვეტილება, ბუნებრივია, ძალიან დასაფასებელია, თუმცა კომპანიის ფინანსურ მდგომარეობაზე როგორ აისახება?
მნიშვნელოვანია სტაფთან მსგავსი დამოკიდებულება, რადგან გრძელვადიანი თანამშრომლობის დროს ადამიანური ფაქტორი ძალიან მნიშვნელოვანია. ფინანსურად გავუმკლავდით ამ პრობლემას და შედეგად უფრო მოტივირებული სტაფი მივიღეთ, რომელიც, რა თქმა უნდა, აფასებს მსგავს გადაწყვეტილებებს. ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანია არა საკუთარ თავზე, არამედ თანამშრომლებზე და თითოეულ ადამიანზე ფიქრი, სწორედ ამიტომ თბილისის მერის, ბატონი კახი კალაძისა და „წითელი ჯვრის“ წამოწყებულ პროექტშიც 200 შეჭირვებულ ოჯახს ჩვენმა კომპანიამ პირველადი მომხმარების პროდუქტი გადასცა, რითაც ძალიან მოხარულები ვართ. კარგად გახსოვთ, უამრავი ბიზნესკომპანია თუ უბრალო ადამიანები იყვნენ ჩართული ამ კეთილ საქმეში.
ასევე ვიცით, რომ თქვენ და თქვენმა პარტნიორმა თავად შეითავსეთ ასე ვთქვათ, კურიერის ფუნქცია და მომხმარებლებს პირადად აწვდიდით პროდუქციას, როგორ და რის საფუძველზე მიიღეთ ეს გადაწყვეტილება?
რაც შეეხება პროდუქციის მიწოდებას, ეს ჩვენთვის უმნიშვნელო, უჩვეულო და ცოტა არ იყოს, სახალისოც იყო, დაცარიელებულ ქუჩებში ელექტროსკუტერებით მიწოდების სერვისი, პლუს ამას ტრანსპორტი საერთოდ აკრძალული იყო და ვერ ხერხდებოდა ვერც საკურიერო მომსახურებით პროდუქციის მიტანა, ამიტომ მარტივად მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, რადგან ჩვენს მომხმარებელს ვერ დავტოვებდით „ვაშლების” გარეშე.
პოსტპანდემიურ პერიოდში ბევრ კომპანიას მოუწია პროდუქციისა და მომსახურების ფასის გაზრდა, როგორ ფიქრობთ, მსგავსი გადაწყვეტილება გამართლებულია იმ ფონზე, როცა მოქალაქეების გარკვეულმა ნაწილმა სამსახური დაკარგა, ხოლო ნაწილს ხელფასის რაოდენობა შეუმცირდათ?
ზოგმა ხელოვნურად გაზარდა ფასები, ზოგს მოუწია, გაეზარდა მომსახურება, თუმცა ეს ძალიან ინდივიდუალურია და ცუდია, თუ რომელიმე კომპანიამ თვითნებურად გაზარდა მომსახურების ან პროდუქციის ფასი. ჩვენთან მსგავსი არაფერი ხდება, მაქსიმალურად ვცდილობთ, პროდუქციაზე ფასი არ გავზარდოთ. ჯერ ჯერობით არც ერთ პროდუქტზე ან მომსახურებაზე ფასი არ გაზრდილა.
რა გასწავლათ პანდემიის პერიოდმა და მიღებული გამოცდილებების საფუძველზე, შეცვლით თუ არა კომპანიის მართვის სტილს ან მომხმარებელთან ურთიერთობის მეთოდებს?
პანდემიის დროს ძალიან დიდი როლი ითამაშა სწორედ ადამიანურმა ურთიერთობებმა. ძალიან ბევრი სწორი ნაბიჯი გადავდგით და ყურადღება მოგებაზე ან ფინანსურ კეთილდღეობაზე არ გაგვიმახვილებია. ამ დროს სიმშვიდის შენარჩუნება და მაქსიმუმის გაკეთება იყო საჭირო იმისთვის, რომ ათასობით სახლში მჯდომ ადამიანს დროულად ჰქონოდა შეკვეთილი პროდუქცია.
რას ურჩევთ იმ კომპანიებს, რომლებიც პოსტპანდემიურ კრიზისში იმყოფებიან, როგორ უნდა გამოვიდნენ ამ მძიმე მდგომარეობიდან?
რაც შეეხება კომპანიებს, რომლებიც კრიზისში იმყოფებიან, ძალიან რთულია, რამე ვურჩიო, (თავს შევიკავებ) ამიტომ ვუსურვებ გამძლეობას და ვიმედოვნებ, რომ ყველა ერთად დავამარცხებთ ვირუსს და ჩავდგებით ცხოვრების ნორმალურ რიტმში.
Loading…