თამუნა კაპანაძე მსოფლიოს უდიდესი კომპიუტერული ტექნოლოგიების კორპორაციის Microsoft-ის თანამშრომელი გახდა. ის კორპორაციაში პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერის (Software Development Engineer) პოზიციაზე იმუშავებს. თამუნამ Microsoft-ში მოსახვედრად შერჩევის საკმაოდ რთული ეტაპი გაიარა, რომლის შესახებაც ის დეტალურად ესაუბრა Venue.-ს.
ვიცით, რომ საკმაოდ დიდი ხანია, პროგრამირების სფეროში ხარ, თუმცა გვითხარი, ბოლო პერიოდის განმავლობაში სად და რა პროექტებზე მუშაობდი?
ბოლო პერიოდში ვმუშაობდი თავდაცვის სამინისტროში და სისტემებსა და ჯიპა-ს პროექტებზე. ამას გარდა, ვმუშაობდი რამდენიმე Freelance პროექტზე, მათ შორის არის ილიას უნივერსიტეტის ენის კორპუსის პროექტი.
როგორ მოხდა შენი გადაკვეთა Microsoft-თან, რა ეტაპები გაიარე, სანამ მათ გუნდში მოხვდებოდი?
Linkedin-ზე დამეკონტაქტა რეკრუიტერი და შემომთავაზა, რომ გასაუბრება გამევლო ერთ-ერთ ვაკანსიაზე.
მქონდა რამდენიმეეტაპიანი გასაუბრება. პირველ ეტაპზე მქონდა 30-წუთიანი სატელეფონო გასაუბრება, ეს ეტაპი იყო ყველაზე მარტივი, არაფერი სანერვიულო. ორივე მხარე გავეცანით ერთმანეთს, მე მოვყევი ჩემს background-ს, რა გამოცდილება მაქვს, რა ტექნოლოგიებზე მიმუშავია, ხოლო კომპანიის წარმომადგენელმა მოკლედ ისაუბრა კომპანიისა და შემოთავაზებული ვაკანსიის შესახებ.
მეორე ეტაპზე მქონდა ორსაათიანი Coding interview” ონლაინ რეჟიმში და ამ ინტერვიუს წარმატებით გავლის შემდეგ, მქონდა ე.წ. Insight interview პრაღაში, რაც გულისხმობდა ოთხსაათიან გასაუბრებას ოთხ სხვადასხვა თემაზე, ოთხ სხვადასხვა გამსაუბრებელთან.
რა ემოცია იყო, როდესაც გასაუბრების შედეგები გაიგე და მიხვდი, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კომპანიის ნაწილი გახდი?
გასაუბრების საღამოსვე მომწერა რეკრუიტერმა, რომ წარმატებით გავიარე გასაუბრება. იქიდან გამომდინარე, რომ სულ მინდოდა დიდ კომპანიაში მუშაობა, ზე-ძალიან გამიხარდა – მთელს პრაღას ესმოდა ჩემი ყვირილი.
რისი კეთება მოგიწევს Microsoft-ში, პრაღაში აპირებ გადაბარგებას თუ ონლაინ იმუშავებ?
სხვა პროექტებთან ერთად, მომიწევს Skype-ზე მუშაობა. პანდემიის გამო. საწყის ეტაპზე რემოუთად ვიმუშავებ და შემდეგ ვაპირებ გადაბარგებას.
ზოგადად, რას ნიშნავს ეს წარმატება შენთვის? ქალი დეველოპერები საქართველოში შედარებით ახალი ხილია, შენი ასეთი წარმატება კი ბევრი გოგონასთვის დიდი მოტივაციის წყარო იქნება. რას ეტყვი მათ?
ვეტყოდი იმას, რომ ძალიან ბევრი იშრომონ საკუთარი მიზნების მისაღწევად და ყველაფერი თავისუფლად გამოსვლადია.
და ბოლოს, როგორია შენი უახლოესი გეგმები კარიერული თვალსაზრისით?
ამ ეტაპზე, ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დიდი კარიერული მიღწევაა Microsoft-ში მუშაობა, თუმცა მიმაჩნია, რომ სამომავლოდ არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ აქ მუშაობის განმავლობაში მაქსიმალურად განვავითარო ჩემი შესაძლებლობები.
Loading…