როგორც ამბობს, არასდროს შეშინებია, რომ რაღაც ახალი ეცადა და ესწავლა. ალბათ, სწორედ ამიტომაცაა, რომ მსოფლიოს ერთ-ერთ მთავარ ქალაქში – პარიზში, დამოუკიდებლად დაიწყო ცხოვრება, სტიპენდიით სორბონის უნივერსიტეტში მაგისტრატურაზე ჩაირიცხა და ახლა ერთ-ერთი დიდი კომპანიის თანამშრომელია. პარიზში ცხოვრება არცთუ ისე მარტივია, მაგრამ მისთვის განსაკუთრებით საინტერესო, რადგანაც უამრავი შესაძლებლობაა საკუთარი უნარების გამოსავლენად და ახალი გამოცდილების მისაღებად.
– შენ და საფრანგეთი – როგორ დაიწყო ყველაფერი?
– ყოველთვის მინდოდა სწავლა უცხოეთში გამეგრძელებინა. საფრანგეთი ბავშვობიდან მიზიდავდა თავისი კულტურით, ღირებულებებითა და ყოველდღიურობით. მართლაც, მოვიპოვე საქართველოსა და საფრანგეთის მთავრობების გაერთიანებული სტიპენდია და მაგისტრატურაზე ჩავაბარე სორბონის უნივერსიტეტში.
– სწავლის დასრულების შემდეგაც პარიზში დარჩი და დასაქმდი. რას საქმიანობ ახლა?
– ვმუშაობ დიდი ფრანგული კომპანიის – SEGULA Technologies-ის კომუნიკაციების დეპარტამენტში. ეს კომპანია 30-ზე მეტ ქვეყანაში ახორციელებს თავის საქმიანობას. არის ინჟინერიის, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების ერთ-ერთი შემქმნელი, ხელისშემწყობი და დამნერგავი ისეთ სექტორებში, როგორებიცაა ყველა სახის ტრანსპორტი, ნავთობი, ბუნებრივი აირი, განახლებადი ენერგია, ფარმაცევტიკა და სხვა. მომდევნო სეზონიდან კი კონტრაქტს ვაფორმებ Sanofi-სთან, რომელიც არის გლობალური ლიდერი ჯანმრთელობის დაცვის სფეროში. მე ვიქნები ერთ-ერთი საერთაშორისო პროგრამის ხელშემწყობი ასისტენტი 80 ქვეყანაში. პროგრამა ძალიან ცოტა ხანია არსებობს და ეხება ონლაინსივრცის გამოყენებას ჯანდაცვაში.ამავდროულად არ ვწყვეტ სწავლას. მსოფლიო ისე სწრაფად და საინტერესოდ ვითარდება, მგონია, რომ ამ გზით უკეთ მოვახერხებ, არ ჩამოვრჩე ამ განვითარებას.
– რამდენად განსხვავდება იქ არსებული გარემო და იყო თუ არა რთული ადაპტაცია/თავის დამკვიდრება?
– უზომოდ რთულია უცხოელისთვის საფრანგეთში ცხოვრება. უპირველეს ყოვლისა, ადმინისტრაციული კუთხით. საფრანგეთში თითოეული საბუთის მიღებას და განახლებას დიდი დრო და მოთმინება სჭირდება. ოფისებში თუ მათ გარეთ მომუშავე ხალხს დამსაქმებელი ძალიან უწყობს ხელს, რათა თანამშრომლებს დრო დარჩეთ სამსახურის მიღმა. არის ბევრი შვებულების დღე და დადებითად აღიქმება სახლიდან მუშაობა. იერარქია კომპანიის სტრატეგიული ხედვის ჩამოყალიბებასა და მის აღსრულებას უფრო ემსახურება, ვიდრე ადამიანთა კლასიფიკაციას. ასევე ძალიან დადებითად აღიქმება ყველანაირი სპორტი. მაგალითად, კარანტინის დაწყებამდე მე და ჩემი უფროსი – ლაურა, რომელიც კომპანის კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელია 30 ქვეყანაში, შუადღის შესვენებებზე ერთად დავდიოდით ახლომდებარე სპორტდარბაზში და ერთი საათი ვვარჯიშობდით. მე ვიტყოდი, რომ საფრანგეთში უფრო მარტივად ისტრესება ადამიანი, ვიდრე საქართველოში, თუმცა აქ მეტი საშუალებაა, რომ ეს სტრესი დაივიწყო და საყვარელი საქმიანობით გადაფარო.
– ევროკავშირის, და არამარტო, უამრავი ტრენინგი გაქვს ჩატარებული. ამაზე რომ მომიყვე.
– Erasmus+ ევროკავშირის პროგრამაა, რომელშიც 2013 წლიდან ვარ ჩართული და წარმოიდგინეთ ჩემი გაოცება, როდესაც აღმოვაჩინე, რომ ის ნაკლებად ცნობილი იყო ფრანგებისთვის. ამის გაგების შემდეგ არაერთხელ ვეცადე, ეს პროგრამა მეტად ხელმისაწვდომი გამეხადა ახალგაზრდებისთვის, მათ შორის, ვიმუშავე სხვადასხვა ქალაქის მერიებთან. რამდენიმე წლის წინ, პარიზში დავაარსე ორგანიზაცია, რომელიც დღეს 30-ზე მეტ მოხალისეს ითვლის საფრანგეთის სხვადასხვა ქალაქში. ორგანიზაციის ძირითადი საქმიანობა Erasmus + პროექტებია. არაერთი ტრენინგი გავაკეთეთ ჩვენი არაჩვეულებრივი კოლეგების მონაწილეობით საფრანგეთში, ტუნისში, მაროკოსა და იტალიაში, მათ შორის, საქართველოში. აქ ჩვენი პარტნიორი გამოცდილი ორგანიზაცია Caynex-ია, რომელსაც არაერთი საინტერესო ლოკალური თუ ევროპული პროექტი ჩაუტარებია. მასთან თანამშრომლობითა და კოორდინირებით მომავალშიც ჩატარდება ორი ტრენინგი. წელს დავიწყეთ 2-წლიანი პროექტი- FEMME მიგრანტი ქალებისთვის, რომელთაც სურთ საკუთარი კომპანიების დაფუძნებისა და მართვისთვის საჭირო უნარ-ჩვევების შეძენა.
– რას ნიშნავს შენთვის წარმატება?
– წარმატება ჩემთვის შინაგანი წონასწორობა და ჰარმონიაა. როდესაც ბედნიერი ხარ და მაინც წინ მიიწევ, ანუ ჩემთვის ცოდნისა და შემეცნებისკენ მუდმივი სწრაფვაა წარმატება. მთავარია, რომ არასოდეს არავის შევადაროთ ჩვენი გზები, რადგან ყველა ადამიანი ინდივიდუალური და უნიკალური ნიჭის მატარებელია.
ყველას უნდა ჰქონდეს განვითარების და თავის წარმოჩენის შესაძლებლობა. მე მაგალითად, 18 წელი ვცდილობდი ველოსიპედის ტარების სწავლას და 2018 წელს მოვახერხე. ეს უდიდესი წარმატება იყო, თუმცა ალბათ, სხვა ადამიანს ამაზე გაეღიმება.
წარმატებაა სამყაროში არსებული ცოდნის ათვისება და მისი სასარგებლოდ გამოყენება, ასევე საკუთარი გამოცდილების სახით ახალი ცოდნის შექმნა. ჩვენ ყველანი წარმატებულები ვართ ან შეგვიძლია, ვიყოთ, მთავარია, ის საქმე ვიპოვოთ, რაც სხვაზე უკეთ გამოგვდის. არასოდეს შემშინებია, რაიმე ახალი მეცადა და მესწავლა და მგონია, რომ ესეც წარმატებაა.
– რამდენიმე ენას ფლობ – ამაზეც რომ მითხრა. საიდან, როგორ და თუ აპირებ, დამატებითი ენების შესწავლას?
უცხო ენები ჩემი გატაცებაა. მგონია, რომ ენების სწავლით ახალ სამყაროს ვსწავლობ, სხვა ხალხის უკეთ მესმის. მშობლიურის გარდა სამი ენა ვიცი, ფრანგული, ინგლისური და რუსული. კარგად მესმის იტალიურიც. ახლა ესპანური დავიწყე, რადგან სულ მინდოდა და მომდევნო ორი თვე შედარებით თავისუფალი მაქვს ამისთვის. ამასთან, ძალიან მინდოდა ფრანგული კულტურის გაზიარება ქართველებისთვის და ამის საშუალებად ფრანგული ენის სწავლება მივიჩნიე. რამდენიმე თვეა YouTube-ზე გავაკეთე არხი „ვისწავლოთ ფრანგული ანისთან ერთად” და ვდებ გაკვეთილებს. სხვათაშორის, უკვე 20 ათას ნახვაზე მეტი მაქვს და გულს მიხარებს ეს ფაქტი.
– როგორია შენი სამომავლო გეგმები/მიზნები – მომავალში სად წარმოგიდგენია თავი?
– ჩემი მიზნები ასაკთან ერთად იცვლება, რადგან ზოგ მათგან უკვე მივაღწიე, ზოგი კი – ფორმას ან შინაარსს იცვლის. სიმართლე გითხრათ, ჩემი მიზნები არც მატერიალურია და არც ძალიან კონკრეტული. ჩემი მიზანია, ჩემი ცხოვრების მანძილზე მაქსიმალური ცოდნა, თავგადასავლები და გულწრფელი ადამიანები „შევაგროვო”. მიმაჩნია, რომ ადამიანად ყოფნა რთული მისიაა და ის მხოლოდ მეორე ადამიანის დახმარებით მსუბუქდება. ურთიერთობები გვაფიქრებს, გვზრდის და უკეთესს გვხდის.
რაც მეტად ვიზრდები ასაკითაც და გამოცდილებითაც, მეტად მტკივა სხვების პრობლემები. მეტად მინდება ადამიანებს ვუსმინო და მეტი პასუხისმგებლობის გრძნობა მიჩნდება.
საოცნებო სამსახური არ მაქვს, რადგან სხვადასხვა სფეროში მიმუშავია და ყველა სამსახური თავისებურად საინტერესოა. ალბათ, ის უფრო მნიშვნელოვანია, ვისთან ერთად ვართ, ვიდრე სად ვართ.
უბრალოდ, მინდა, იმაზე მეტი ვიცოდე, ვიდრე გუშინ, იმაზე საინტერესო ცხოვრება მქონდეს, ვიდრე ადრე და იმის უნარი მქონდეს, რომ სასარგებლო ვიყო, სხვებს რაიმე ვასწავლო და გავუზიარო. წარმატებები და შედეგები კი, თავისთავად მოდის ამ პირობებში.
ინტერვიუ მოამზადა ნატალია ჯალაღონიამ
Loading…