in

#ლიდერიქალები ინტერვიუ რეჟისორ ბასა ფოცხიშვილთან

ძლიერი და წარმატებული ქალების ამბები Venue.ge-ის ახალ რუბრიკაში #ლიდერიქალები. რა დაბრკოლებების გადალახვამ მოუწიათ, როგორ შეძლეს წინააღმდეგობების დაძლევა და რომელი სტერეოტიპები დაანგრიეს. ქალები, რომლებიც ქმნიან უკეთეს სამყაროს და იბრძვიან სხვა ქალების უფლებებისთვისაც. ვეცდებით, ვიპოვოთ და გაგაცნოთ ასეთი ქალები, რათა თქვენც დარწმუნდეთ საკუთარ თავში და მიხვდეთ, რომ შეუძლებელი არაფერია.

რუბრიკის პირველი სტუმარია რეჟისორი ბასა ფოცხიშვილი – პროფესიონალი, თავდაჯერებული, არაერთი ცნობილი ნამუშევრის ავტორი. Venue.ge-ისთან ინტერვიუში კარიერის გარდა, საუბრობს მამაზე, რომელმაც ბასას ცხოვრებაში დიდი როლი ითამაშა. რეჟისორი ფიქრობს, რომ წარმატების მისაღწევად აუცილებელია ნიჭი და თუ ადამიანმა, განსაკუთრებით კი ქალმა, მიზანი დაისახა, მას ვერავინ შეაჩერებს.

ბასა, რა არის ის განსაკუთრებული თვისება, განმასხვავებელი ნიშანი, რაც ლიდერ ქალად გაყალიბებთ? 

ვფიქრობ, ეს არის პროფესიონალიზმი. რეჟისორის ერთ-ერთი დამახასიათებელი თვისებაა, იყო ლიდერი. შენ ხარ მთავარი გმირი, რომელიც გადასაღებ მოედანზე აერთიანებს სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს. არის კიდევ რაღაც თვისება, რომელიც ვიღაცას აქვს, ვიღაცას – არა.

რატომ დაუკავშირეთ თქვენი კარიერა რეჟისურას?

ზოგადად, რეჟისურა საინტერესოა, მაგრამ რის გამო ავირჩიე, ზუსტად ვერ ვიხსენებ. მე-8 კლასიდან ვიცოდი, რომ რეჟისორი გავხდებოდი. ძალიან საინტერესოა, მიუხედავად იმისა, რომ დამღლელი და შრომატევადია, მაინც კარგია, ოღონდ მაშინ მე ეს არ ვიცოდი.

თუ იყო იმ პერიოდში რაიმე სტერეოტიპი, რომლის დანგრევაც მოგიწიათ?

იმ დროს ქალი რეჟისორი ძალიან ცოტა იყო, მაგრამ ვინც იყო, იყო ძალიან განსაკუთრებული და კარგი. ზოგადად, იმ დროს კინოში ძალიან ცოტა ადამიანი მუშაობდა და მით უმეტეს ქალი. სხვათაშორის, ამას ახლაც აქცევენ ყურადღებას. მე ვფიქრობ, რომ მნიშვნელობა არ აქვს, ქალია თუ კაცი, მთავარია, რეჟისორი იყოს კარგი. როცა სოფია კოპოლას ფილმს ვუყურებ, არ ვფიქრობ იმაზე, რომ ის ქალი რეჟისორის გადაღებულია, ან როცა ვუყურებ ტარანტინოს, არ ვფიქრობ, რომ კაცის გადაღებულია. მთავარია, კარგ ფილმს ვუყურებ და არის კარგი რეჟისორის გადაღებული. მახსოვს, რამდენიმე წლის წინ მოწვევა მივიღე ნიუ-იორკის Reel Venus Film Festival-იდან, სადაც მხოლოდ ქალები მონაწილეობდნენ, გამიკვირდა რატომ იყო ეს გამოყოფილი. ფრიდა კალოც ძალიან მაგარი მხატვარია და ბასკიაც, შესაბამისად, სქესს დიდი მნიშვნელობა არ აქვს.

როცა სოფია კოპოლას ფილმს ვუყურებ, არ ვფიქრობ იმაზე, რომ ის ქალი რეჟისორის გადაღებულია, ან როცა ვუყურებ ტარანტინოს, არ ვფიქრობ, რომ კაცის გადაღებულია

რა დამახასიათებელი თვისება უნდა ჰქონდეს რეჟისორს იმისთვის, რომ თავის სფეროში წარმატებული იყოს?

პირველი, რაც აუცილებელია, არის ნიჭი. უნდა ჰქონდეს ტალანტი, განათლება, რადგან რეჟისურა მოიცავს: მხატვრობას, მუსიკას, დრამატურგიას, განათებას, ქორეოგრაფიას. ასევე აუცილებელია, ჰქონდეს ლიდერის თვისება. სხვა შემთხვევაში ჯგუფს ვერ ამუშავებ. გადასაღები მოედანი ერთ დიდი შემოქმედებითი ჯგუფია, რომელიც ერთ ადამიანს მიჰყავს და ეს თვისება, რომ დაიმორჩილო ჯგუფი, აუცილებელია.

რამდენად დიდი გავლენა აქვს ნამუშევარზე რეჟისორის ხასიათს?

ეს ხდება მექანიკურად. როგორიც არის ადამიანი, ისეთივეა თავისი ნამუშევარი. ეს ხდება თავისით, ქვეცნობიერის დონეზე. გაცნობიერებული არც გაქვს. რაც ხარ, იმას აკეთებ.

ახლა რომ გითხრან, გადაიღე ფილმი განწყობაზე, როგორ ფილმს გადაიღებდით?

მხიარულს, ძალიან მხიარულს. იცი, რატომ? იმიტომ რომ სიცოცხლის ყველაზე მაგარი და მომხიბვლელი ნაწილია მხიარულება, როცა ადამიანებს ერთმანეთი უყვართ. ახლა მით უმეტეს ყველა ისეთი ჩაკეტილები აღმოვჩნდით. არ შემიძლია, წავიდე და ვნახო ახალი ქალაქი, ახალი ქვეყანა, რაღაც ახალი, ეს არის ძალიან დამთრგუნველი. ახლა რომ წარმოვიდგენ, რა ხდება იტალიის სანაპიროზე… ბევრ ხალხს გადავიღებდი. ეს ბევრი ხალხი ერთად ყოფილა ძალიან მაგარი. ახლა ვეღარ ცეკვავს ათასობით ადამიანი ერთად, მაგრამ ამდენი რომ ერთად ცეკვავს, არის ძალინ მაგარი, როცა ერთმანეთთან ახლოს არიან, უყურებენ ერთმანეთს და ისე ცეკვავენ. ამას გადავიღებდი.

თქვენი ბოლო დროის გახმაურებული ვიდეოა „სსუ” , რომელიც მამას მიუძღვენით. მიუძღვის თუ არა მას წვლილი თქვენს სარეჟისორო კარიერაში?

მამას ძალიან უყვარდა კინო, ძალიან კარგი ფილმები ჩამოჰქონდა ხოლმე. ძალიან პატარა ასაკიდან მთელი ღამეები ფილმებს ვუყურებდით, განსაკუთრებით თუ ახალი გამოსული იყო. ხშირად ნათარგმნიც კი არ იყო. მახსოვს, ერთხელ მამას ჰკითხეს – გოგო რეჟისორი? ამაზე გაბრაზდა, რა მნიშვნელობა აქვს, გოგო იქნება თუ ბიჭიო.

როცა მამამ გაიგო, რომ რეჟისურაზე ვაბარებდი, ასეთი რამ მითხრა: ან მაგარი უნდა იყო, ან საერთოდ არ უნდა იყო

ვიდეოში კითხულობთ მამას ლექსებს. რა პრინციპით აარჩიეთ ლექსები, რატომ ისინი და რატომ არა სხვა?

ეს იყო ძალიან სპონტანური, ძალიან ბევრი ლექსია, რომელზეც გული მწყდება. ეს ლექსები მე მიყვარს, მორისსაც უყვარდა. ყველაფერში უნდა იყოს ზომიერება. უნდა დაგრჩეს დაუკმაყოფილებლობის განცდა, რომ გინდოდეს კიდევ გააკეთო რამე.

რატომ მორისის სახლი და არა სხვა სივრცე?

ეს გაკეთდა პანდემიის პერიოდში. მამაჩემის სახლში დავპატიჟე ის ადამიანები, თითქოს ის იყო მასპინძელი და არა – მე. იქ მოსვლა ყველას უყვარს. როცა ვკითხულობ, სად მოხვალთ ჩემთან სტუმრად, მპასუხობენ – ლარსზე. იქ მუდამ მხიარულება იყო, მუდამ საინტერესო გარემო. ნებისმიერ ადგილას არის დამახასიათებელი სული.

თუ გადაგიღიათ რაიმე ისეთი, რამაც თქვენი ცხოვრება შეცვალა?

რა თქმა უნდა, „ვაგონი მიჰქრის”, რომელმაც ერთ საღამოს პოპულარობა მოიპოვა და დღემდე მოსდევს ეს. ყველაფერი კარგი არ გამოდის. არის ცუდიც, მაგრამ ვცდილობ, იყოს დასამახსოვრებელი. კარგი ცვლის აუცილებლად, იღებ კმაყოფილებას. ახლანდელი ვიდეოთიც ძალიან კმაყოფილი ვარ, სწორად გაიგო ხალხმა, ტელეფონი არ ჩერდებოდა, ძალიან ბედნიერი ვიყავი. ახლა ცუდ ხასიათზე ვარ, მინდა ისევ გავაკეთო რამე.

დღემდე არის პროფესიული სტერეოტიპები შემორჩენილი, რას ეტყოდით ქალებს, რომლებიც ვიღაცის აზრის გამო უკან იხევენ?

თუ ქალი ვინმეს აზრის გამო უკან იხევს, ესეიგი მას ის არ უნდოდა. თუ ადამიანს უნდა რამე, მით უმეტეს ქალს, მას ვერავინ გააჩერებს. წინ რომ ჯარი დაუყენო, გადააბიჯებს და მაინც ბოლომდე მიიყვანს საქმეს. რაც გინდა, აუცილებლად გააკეთებ. თუ ეს ასე არ ხდება, ესეიგი თავის თავში აქვს პრობლება და არა გარემოში.

მასალა მოამზადა ნუცა უგულავამ

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

როგორ დავუმალოთ შეყვარებულს Messenger-ში სხვებთან მიმოწერა – აპლიკაციის ახალი ფუნქცია

iHomePedia – ვირტუალური რეალობა, რომელიც შენი სახლის პოვნაში გეხმარება