ძლიერი და წარმატებული ქალების ამბები Venue.ge-ის ახალ რუბრიკაში #ლიდერიქალები. რა დაბრკოლებების გადალახვამ მოუწიათ, როგორ შეძლეს წინააღმდეგობების დაძლევა და რომელი სტერეოტიპები დაანგრიეს. ქალები, რომლებიც ქმნიან უკეთეს სამყაროს და იბრძვიან სხვა ქალების უფლებებისთვისაც. ვეცდებით, ვიპოვოთ და გაგაცნოთ ასეთი ქალები, რათა თქვენც დარწმუნდეთ საკუთარ თავში და მიხვდეთ, რომ შეუძლებელი არაფერია.
სალომე ადამია 2012 წლიდან მუშაობს მშვიდობის მშენებლობისა და ახალგაზრდული პოლიტიკის მიმართულებით სხავდასხვა ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის ქოლგის ქვეშ. ამჟამად ხელმძღვანელობს ორგანიზაციას „მშვიდობის ინსტიტუტი პროგრესისთვის (PIP)“, არის ბერტა ფონ ზუტნერის მშვიდობის პრემიის ავტორი და დამფუძნებელი, რამდენიმე საგამომცემლო და მედიაპროექტის იდეის ავტორი. კვლევის ინტერესები/სამუშაო თემები: კონფლიქტის ტრანსფორმაცია, საზოგადოებრივი მშვიდობის მშენებლობა, სამშვიდობო განათლება, აქტივიზმი, მემარცხენე ფემინისტური მოძრაობები, გენდერული დემოკრატია.
სალომე, შენ შესახებ ბევრმა ადამიანმა უკვე იცის, რადგან აქტიურად ხარ ჩართული სხვადასხვა სამოქალაქო აქტივობაში, ვინც არ გიცნობს, მათთვის მოგვიყევი, ვინ არის და რას საქმიანობს ამჟამად სალომე ადამია?
პირველ რიგი, მინდა აღვნიშნო, რომ უპირობოდ ყველა ინიციატივას მხარს ვუჭერ და ძალიან მახარებს, რომლებიც ქალების გაძლიერებისკენ არის მიმართული. რაც შემეხება მე, 2012 წლიდან ვმუშაობ მშვიდობის მშენებლობისა და ახალგაზრდული პოლიტიკის მიმართულებით სხავდასხვა ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის ქოლგის ქვეშ. ამჟამად ვხელმძღვანელობ ორგანიზაციას „მშვიდობის ინსტიტუტი პროგრესისთვის (PIP)“, ვარ ბერტა ფონ ზუტნერის მშვიდობის პრემიის ავტორი და დამფუძნებელი, რამდენიმე საგამომცემლო და მედიაპროექტის იდეის ავტორი. კვლევის ინტერესები/სამუშაო თემები: კონფლიქტის ტრანსფორმაცია, საზოგადოებრივი მშვიდობის მშენებლობა, სამშვიდობო განათლება, აქტივიზმი, მემარცხენე ფემინისტური მოძრაობები, გენდერული დემოკრატია.
სალომე, ჩვენი მკითხველების ნაწილმა, ალბათ, არ იცის, რომ შენ ხარ ბერტა ფონ ზუტნერის მშვიდობის პრემიის დამაარსებელი, საიდან დაიბადა ამ პრემიის დაარსების იდეა და რას ნიშნავს შენთვის ასეთი მნიშვნელოვანი საქმის ხელმძღვანელობა?
პრემიის იდეამ ძალიან ხანგრძლივი გზა გაიარა დაბადებიდან პროექტად მომწიფებამდე. ღრმა ბავშვობაში, როცა ჟურნალ „ნაკადულის“ ვიქტორინაში ვიღებდი მონაწილეობას, სამწუხაროდ, ვერცერთ ენციკლოპედიაში ვერ მივაკვლიე კითხვაზე პასუხს, თუ ვინ იყო ნობელიანტი ქალი, რომელიც საქართველოში ცხოვრობდა და კვლევა-ძიებამ ზუგდიდის დადიანების მუზეუმამდე მიმიყვანა. სწორმა პასუხმა მაშინ ვიქტორინის გამარჯვება და „ჭკუის კოლოფის“ (საკმაოდ მაზალო) სტატუსი მომიტანა. მას შემდეგ იქცა ბერტა ფონ ზუტნერის სახელი ერთგვარ თილისმად და კვლევის ობიექტადაც. მას შემდეგ ნებსით თუ უნებლიედ, ჩემი ცხოვრება ხშირად იკვეთებოდა მის სახელთან და 2014 წელს, ოსლოში პირველადი ვიზიტის დროს, ნობელის მშვიდობის ცენტრს ვესტუმრე, რომელიც ქალაქის ძველ მერიაშია განთავსებული და მახსოვს, როგორ ვეცნობოდი ჩემთვის კარგად ნაცნობი ქალის შესახებ უამრავ მასალას, ვათვალიერებდი ფოტოებს, ღია ბარათებსა და სუვენირებს. მაშინ ვიფიქრე პირველად, რომ კარგი იქნებოდა სწორედ იმ ქალის სახელობის მშვიდობის პრემია არსებულიყო სამყაროში, რომელმაც დინამიტის გამომგონებელ ალფრედ ნობელს შთააგონა, სამშვიდობო მოძრაობებისთვის კეთილი საქმე გაეკეთებინა.
მას შემდეგ ეს ერთი შეხედვით უტოპიური იდეა არ მასვენებდა და ვუზიარებდი მეგობრებს, რომ ზუგდიდში მშვიდობის პრემია ბევრი მიზეზის გამო აუცილებლად უნდა დაფუძნებულიყო. მრავალი საჯარო ლექციის, რომლის მეშვეობითაც სხვადასხვა ქალაქში ვცდილობდი ადამიანებისთვის ეს სახელი უფრო ნაცნობი გამეხადა და ერთგვარად ნიადაგი მომემზადებინა პრემიისთვის, 2018 წელს ბერტა ფონ ზუტნერის დაბადებიდან 175-ე იუბილეზე, ნიდერლანდებში „ზუტნერის მეგობრების“ გლობალური ქსელის წევრი გავხდი და როცა კოლეგებმა ჰააგის მშვიდობის სასახლეში, არც მეტი არც ნაკლები, ავსტრიის ყოფილი პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ, ჩემი იდეა გააჟღერეს და მთხოვეს, უფრო ვრცლად მესაუბრა სამომავლო გეგმებზე, მივხვდი, რომ ფეხის მოთრევის ან უკან დასაბრუნებელი გზა აღარ დამრჩენოდა და პროექტი აუცილებლად ბოლომდე უნდა მიმეყვანა. საბედნიეროდ, საქართველოში თითქმის ყველა სექტორში მოკავშირე შევიძინე და უკვე 2019 წელს ევროპის დღეების ფარგლებში, ბერტა ფონ ზუტნერის მშვიდობის პრემია ევროპული ღირებულებების ქალაქში – ზუგდიდში, რომელსაც ჩვენ დამსახურებულად მშვიდობის ვუწოდეთ, დაფუძნდა და დაიდო ბინა. წელს კი პანდემიის მიუხედავად, უკვე მეორედ უმასპინძლა რეგიონმა პრემიის დაჯილდოების ცერემონიას. სწორედ ეს მზარდი ინტერესი და ნდობა მაფიქრებინებს, რომ თავის დროზე სწორი გადაწყვეტილება მივიღე.
ვიცი, რომ შენი სამოქალაქო აქტივობების მნიშვნელოვანი ნაწილი დაკავშირებულია შენს მშობლიურ ქალაქთან, ზუგდიდთან, უახლოეს პერიოდში რას გეგმავ ამ მიმართულებით?
სტუდენტობისას ჩემი ბავშვობის მეგობარმა და ყველასთვის კარგად ცნობილმა მწერალმა ზვიად კვარაცხელიამ იცოდა ხოლმე მრავალმნიშვნელოვნად კითხვის დასმა, „რას აკეთებ შენი ქალაქისთვის?“ რომელზეც იმ წლებში ძალიან რთული იყო პასუხის გაცემა, ის კი ჯიუტად ყოველი შეხვედრისას გვიმეორებდა ზუგდიდელებს და თითქოს გვაფხიზლებდა ან გვახსენებდა, რომ გარკვეული ვალდებულება გაგვაჩნია ჩვენი „ოდაბადეს“ მიმართ. ბოლო წლებში ამ კითხვას აღარ მისვამს, რაც მაფიქრებინებს, რომ გარკვეული ინიციატივების განხორციელება ნამდვილად შევძელით იდეების ერთგულმა ადამიანებმა გაერთანებული ძალებით. დღეს ჩემი მცდელობები მიმართულია იმისკენ, რა გამოცდილება, ცოდნა და კავშირებიც დაგროვდა, მაქსიმალურად მივმართო ჩემი ძვირფასი რეგიონისკენ, რომელსაც განვითარების დიდი პოტენციალი აქვს და მცირე წვლილი შევიტანო სხვადასხვა სფეროს დეცენტრალიზებაში. აქვე იმაშიც გამოვტყდები, რომ რთულთან ერთად გაცილებით საინტერესოა პატარა ქალაქში მუშაობა, თუნდაც იმ გულწრფელი და უხვი უკუკავშირის გამო, რაც თითოეულ პროექტს ახლავს.
შენს პიროვნულ განვითარებაში და ისეთ ადამიანად ჩამოყალიბებაში როგორიც ახლა ხარ, ვინ ან რამ ითამაშა ძირითადი როლი?
არ ვიქნები ორიგინალური თუ ვიტყვი, რომ ყველა იმ ადამიანმა ითამაშა საკუთარი, უნიკალური როლი ჩემს განვითარებაში, რომელიც კი ცხოვრების გზაზე შემხვედრია, ყველა წარუმატებლობამ თუ წარმატებამ შემქმნა იმ ადამიანად, ვინც დღეს ვარ.
რა დაბრკოლებების გადალახვამ მოგიწია, სანამ აქამდე მოხვიდოდი?
ცხოვრების ნებისმიერი ეტაპი მოიცავს დაბრკოლებებსა და გამარჯვებებს, თითქოს ასე იცავს სამყარო წონასწორობას და ბალანსს. არ ვფიქრობ, რომ დღეს ვარ იმ წერტილში, რომ ვფიქრობდე, რაიმე განსაკუთრებულს მივაღწიე. მჯერა, რომ საინტერესო ჯერ კიდევ წინ არის. მე იმ ადამიანთა კატეგორიას განვეკუთვნები, რომელთაც ყოველთვის სწამთ, რომ გასავლელი აჯობებს განვლილს, გამოცდილებამ კი ვფიქრობ, მთავარში დამარწმუნა, არ არსებობს გამოუვალი მდგომარეობა, შესაძლოა, გამოსავალი ყოველთვის სასურველი არ იყოს, მაგრამ ყველა ჩიხიდან გამოსასვლელი მინუმუმ ერთი გზა მაინც არსებობს. ახალ-ახალი დაბრკოლების გადალახვა კი საკუთარი თავის რწმენას გვიმყარებს და ენერგიით გვავსებს მოძრაობის გასაგრძელებლად.
როგორ ფიქრობ, იმისთვის, რომ ჩამოყალიბდე ლიდერად და მიაღწიო წარმატებას, რა არის აუცილებელი?
ჩემთვის ცოტა სახალისოა ეს კითხვა, არ ვთვლი, რომ ლიდერად ჩამოვყალიბდი ამ სიტყვის ფართო და საზოგადო მნიშვნელობით, მაგრამ მაქვს ამბიცია, რომ ჩემი ცხოვრების ლიდერი ვიყო. ადამიანი, ვინც შეძლებს საკუთარი ცხოვრების მართვასა და მეს ყოველდღიურად შთაგონებას. ერთი სიტყვით, ჩემი ცხოვრების ფილმში მთავარი როლის ისე შესრულებას, რომ ოსკარის გადაცემა არ დამენანოს.
საკუთარი თავის რწმენა თუ დაგიკარგავს და რას ან ვის გამოუყვანიხარ მძიმე მდგომარეობიდან?
რა თქმა უნდა, დამიკარგავს. არ მეგულება ქალი, რომელსაც ერთხელ მაინც ეს არ გამოუცდია. ჩვენზე ხომ მთელი პატრიარქალური სისტემა ზემოქმედებს, რომელშიც ვცხოვრობთ, აუარება სტანდარტს გვიწესებს და ხშირად არჩევანს არ გვიტოვებს, არ დაგვაეჭვოს საკუთარ თავსა და შესაძლებლობებში. ამასთან გამკლავებაში კი ისევ ადამიანები გვეხმარებიან, ჩვენ ხომ სოციალური ქმნილებები ვართ და, რა თქმა უნდა, ყველაზე მეტად ერთმანეთს ვჭირდებით. ყველაზე ხშირად ასეთი ადამიანები მეგობრები არიან ხოლმე, მაგრამ სრულიად უცხო ადამიანის სიტყვებსაც შეიძლება დიდი ეფექტი ქონდეს. ერთი რაც უნივერსალური მგონია არის მომენტი, როცა სხვას სჭირდები და ავანსად გაძლევს რწმენას, რომ შენ დაკისრებულ მოვალეობას აუცილებლად თავს გაართმევ. ერთხელ ბერტა ფონ ზუტნერს უთქვამს, რომ სიყვარულის შემდეგ ყველაზე ლამაზი ზმნაა, დახმარება და მეც ვფიქრობ, რომ სწორედ ემპათიაა ძალიან ადამიანური თვისება, რომელსაც ჩვენი გადარჩენა შეუძლია.
რომელი ლიდერი ქალია შენთვის ინსპირაციის წყარო და მისაბაძი მაგალითი?
მისაბაძი ადამიანები ნაკლებად მყავს, რადგან მგონია, რომ ყველას თავისი გზა აქვს და მიბაძვა შეიძლება, ძალიან კომიკურ აქტად იქცეს. ინსპირაციის წყარო კი სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვა ქალი ყოფილა. რა თქმა უნდა, ბევრჯერ ვახსენე და შეუძლებელია, ჩამონათვალი არ დავიწყო ბერტა ფონ ზუტნერით, მთელი თავისი დაჟინებული ხასიათითა და გამბედაობით; სხვა ქალებისთვის მებრძოლი გლორია სტეინი; ბარბარე ჯორჯაძე, რომელიც ჯერ კიდევ 1893 წელს აქვეყნებდა წერილს „ორიოდე სიტყვა ყმაწვილ კაცების საყურადღებოდ”; კატო მიქელაძე, რომელიც 1917-1918 წლებში გამოსცემდა და რედაქტორობდა გაზეთს “ხმა ქართველი ქალისა”; ქალების უფლებებისთვის მებრძოლი აშშ-ს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, რუთ ბეიდერ გინსბურგი; ტეკილას მოყვარული და უბრალოდ გენილური მხატვარი ფრიდა კალო; „არაფერი გამაჩნია ცხოვრების გარდას“ მომღერალი ნინა სიმონე; ლანა ღოღობერიძე, რომელიც ახალ ფილმზე მუშაობას 91 წლის ასაკში ასრულებს და განაგრძობს ცხოვრების მთელი სისავსით შეგრძნებას. კიდევ დიდხანს შემიძლია, ვისაუბრო ქალებზე, რომელთა ცხოვრებაც სხვადასხვა დროს ინსპირაციის წყარო გამხდარა, მაგრამ ძალიან მინდა ვახსენო დედაჩემი, ლაურა ადამია, რომლისგანაც დღემდე დიდ ენერგიას ვიღებ და ყოველდღიურად ვსწავლობ ცხოვრების სიყვარულს, რაც არ უნდა პათეტიკურად ჟღერდეს, ის ჩემი გმირია! დარწმუნებული ვარ, თუ კარგად დავფიქრდებით, ბევრ ასეთ ადამიანს აღმოვაჩენთ ჩვენს გარშემო.
რა არის შენი მთავარი მიზანი, რას გინდა, რომ მიაღწიო?
ვცდილობ, მოკლევადიანი მიზნებით ვიცხოვრო და განხორციელების პარალელურად შესასრულებლად ახალი სია გავუმზადო საკუთარ თავს, რადგან ღრმად მჯერა, რომ რასაც წარმოიდგენ, ქმნი კიდეც. როგორც პიკასოს უთქვამს, ყველაფერი რისი წარმოდგენაც შეგიძლია, რეალურიაო.
და ბოლოს, რას ურჩევდი იმ ქალებს, რომლებსაც არ სჯერათ თავიანთი შესაძლებლობების და ვერ გამოდიან ჩარჩოებიდან, რომელიც ხელს უშლის წარმატების მიღწევაში?
წარმატება ძალიან ფარდობითი ცნებაა, ვინ რაში პოულობს ბედნიერებას ამას საერთო სტანდარტით ვერ დავადგენთ, მაგრამ მთავარი რჩევა საკუთარ თავთანაც და სხვა ადამიანებთანაც ერთი მექნება, არ დავნებდეთ საკუთარ შიშებთან ბრძოლაში და ვიქცეთ ერთმანეთის მოკავშირეებად, მხარდამჭერებად ახალი ინტერესების აღმოსაჩენად.
Loading…