in ,

რა არის ინფლუენსერ მარკეტინგი

ნატალია ყიფშიძეს ინსტაგრამზე 41.5 K გამომწერი ჰყავს. საკუთარ თავს ინფლუენსერად არ მიიჩნევს, თუმცა ადამიანს, რომელსაც სოციალურ ქსელში ამდენი მიმდევარი ჰყავს, თანამედროვე სამყაროში ინფლუენსერს უწოდებენ.

„თავს ინფლუენსერად ნამდვილად არ ვთვლი, უბრალოდ, ძალიან მომწონს ფოტოების გადაღება, ჩემი ყოველდღიურობის გამოაშკარავება, ჩემი გამომწერებისთვის იმ პროდუქტის გაზიარება, რომელსაც პირადად ნამდვილად ვიყენებ. ჩემი პოსტების ხარისხის გაზრდის პარალელურად, გაიზარდა გამომწერების რაოდენობა.

ჩემი აზრით, ბევრად დამაჯერებელია, როდესაც შენი საყვარელი ინფლუენსერი რაღაც პროდუქტს რეკლამას უკეთებს და შენ ხედავ, როგორ მოიხმარს რეალურად ამ პროდუქტს და არა ცნობილი ადამიანის მიერ გაკეთებული რეკლამა, რომელიც ზუსტად იცი, რომ ფულის სანაცვლოდ აკეთებს. ხალხს ურჩევნია, მოისმინოს ნამდვილი გამოცდილების შედეგი, ვიდრე – არადამაჯერებელი დაზეპირებული ფრაზები. ვთვლი, რომ გულწრფელობა ბიზნესში მთავარია და ინფლუენსერიც გულწრფელობაზე დგას. მეც მყავს ფავორიტი ინფლუენსერები, რომელთაც ვადევნებ თვალს და მათი რჩევით სხვადასხვა პროდუქტი შემიძენია.

ჩემი აზრით, საქართველო ცდილობს ნამდვილად, მაგრამ ჯერ კიდევ დიდი გზა არის გასავლელი. ინფლუენსინგი უდიდეს შრომას, დროსა და ენერგიას მოითხოვს“, – ამბობს ნატალია ყიფშიძე.

ბოლო პერიოდში სულ უფრო ხშირად გვესმის სიტყვა „ინფლუენსერი“. ტექნოლოგიური რევოლუციების პარალელურად, სულ უფრო რთული ხდება, ადამიანებზე გავლენა მოახდინო ძველი მეთოდების გამოყენებით. როდესაც სამყაროს განვითარების ტემპები იცვლება, იცვლება კომუნიკაციის ფორმები და საშუალებები. ცვლილებები კომუნიკაციაში დაკავშირებულია ციფრულ სამყაროსთან, სოციალურ ქსელებთან, მედიის განვითარებასთან და ასე შემდეგ. სწორედ ამიტომ საჭიროა, ადამიანებს შესთავაზო რაიმე ახალი და განსაკუთრებული.

„ინფლუენსერობა“ ნიშნავს გავლენას, რომელიც დღეს ძალიან მნიშვნელოვანია. ბრენდები და ორგანიზაციები მიმართავენ გავლენიან ადამიანებს, რომლებიც რეკომენდაციას გაუწევენ მათ პროდუქტს. ინფლუენსერი ეხმარება ბრენდს სასურველი აუდიტორიის პოვნაში, სწორად გაგებასა და ყიდვის სურვილის გაჩენაში. ინფლუენსერი შეიძლება იყოს: ბლოგერი, ჟურნალისტი, ცნობადი სახე ან უბრალოდ სხვადასხვა თემით დაინტერესებული ადამიანი, რომელიც აქტიურად იყენებს მედიასა და სოციალურ ქსელებს. ისინი კომპეტენტური არიან თავიანთ სფეროში, ჰყავთ საკმაოდ დიდი აუდიტორია, მიმდევრები და გამომწერები, რომლებისთვისაც დემონსტრირებას უკეთებენ საკუთარ ცხოვრებას, თავიანთ სტილს და უწევენ ბრენდებს პოპულარიზაციას. მნიშვნელოვანია, რომ კამპანიები ინტერაქტიული იყოს.

დღეს მსოფლიოში ორზე მეტი მილიარდი ადამიანი არის ჩართული სოციალურ ქსელ Facebook-ში, ხოლო Instagram-ს მილიარდზე მეტი ადამიანი იყენებს აქტიურად. ამდენი ადამიანის გაერთიანება ერთ სივრცეში მნიშვნელოვნად იპყრობს მარკეტინგისა და კომუნიკაციის სპეციალისტების ყურადღებას.

მსოფლიოსა და მათ შორის საქართველოშიც ყველაზე დიდი პოპულარობით ინსტაგრამ ინფლუენსინგი ლიდერობს.

საქართველოში პირველი ინფლუენსერ მარკეტინგის სააგენტო 2017 წელს დაარსდა. Influence.ge ბრენდებს აკავშირებს სოციალურ მედიის საუკეთესო ინფლუენსერებთან.

„დროთა განმავლობაში, სფეროს განვითარებას ფეხი ავუწყვეთ: დავიწყეთ ბაზების ზრდა; ჩვენი კომპანია სპეციალიზდა Instagram-ზე, Facebook-ზე, YouTube-ზე, Tik Tok-სა და სხვა სოციალურ მედიის არხებზე. 2018 წელს ისრაელიდან მოვიზიდეთ 1,300,000 ლარის დაფინანსება პირველი ავტომატიზებული ინფლუენსერ მარკეტინგის პლატფორმის – ECHOLIZE-ის შესაქმნელად.

„მთელ მსოფლიოში, კომუნიკაციის სფეროს წარმომადგენლების უმეტესობა იყენებს ინფლუენსერ მარკეტინგს და მას ეფექტურ მეთოდად თვლის, რაც სოციალური ქსელების პოპულარობითა და სარეკლამო კამპანიების ნაკლები ნდობით არის გამოწვეული, რადგან დღეს ტენდენციაა, მომხმარებელი ენდოს გავლენიანი ადამიანების რეკომენდაციებს და ინდივიდუალურ რჩევებს და არა კომპანიების წარმოებულ რეკლამასა და მარკეტინგულ აქტივობებს. სწორედ ინფლუენსერ მარკეტინგი ხელს უწყობს, სოციალური ქსელების მეშვეობით, სანდო, თავის სფეროში საინტერესო და პოპულარულმა ადამიანებმა გაუწიონ რეკომენდაცია ბრენდებს“ – ამბობს კომპანიის წარმომადგენელი ლადი გაბუნია.

ეს არის სრულიად უფასო საიტი, სადაც დარეგისტრირდებით თქვენი ინსტაგრამ ან იუთუბ გვერდით და კომპანიებს შეეძლებათ, რომ შეგიკვეთონ რეკლამები. არ არის აუცილებელი, იყოთ ინფლუენსერი და გყავდეთ ბევრი გამომწერი, მთავარია გქონდეთ კომპანიისთვის საინტერესო engagement.   

მასალა მოამზადა: ირინკა ლომსაძემ

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

#ლიდერიქალები სალომე ადამია – არ დავნებდეთ საკუთარ შიშებთან ბრძოლაში

დიანა ტევანიანის Trash-პოეზია