in ,

Amazon-ის გუნდს კიდევ ერთი ქართველი შეუერთდა

სალომე იმედაშვილმა გლობალურ კომპანია Amazon-ში მარკეტინგის უფროსი მენეჯერის პოზიცია დაიკავა. იქამდე კი შვიდი შესარჩევი ეტაპი გაიარა.

Amazon-ში დასაქმებაზე, მიღწევებისა და ამ სფეროში პირველი ნაბიჯების შესახებ სალომე იმედაშვილი Venue-ს ესაუბრა. 

შესარჩევი ეტაპი Amazon-ში​

ყველაფერი დაიწყო ძალიან მარტივად: ვნახე ვაკანსია Amazon-ის ვებ-გვერდზე, გავაგზავნე, ასევე მოვიძიე, თუ ვინ იყო ამ პოზიციაზე დამსაქმებელი მენეჯერი. მასაც დავეკონტაქტე და ჩემი პირველი ნაბიჯებიც Amazon-ში ძალიან ჩვეულებრივი რეკრუტინგ პროცესით დაიწყო. 

შესარჩევი პროცესი არის საკმაოდ რთული, მსოლოდ CV-ის გაგზავნაც კი რამდენიმეეტაპიანი პროცესია. შესარჩევი პროცესის კომპლექსურობა გამოიხატება იმაში, რომ Amazon-ს აქვს კადრების შერჩევის ფილოსოფია, რა თქმა უნდა, გარდა იმისა, რომ შენს სფეროში უნდა იყო პროფესიონალი, ასევე Amazon-ი გაფასებს, რამდენად შეესაბამები მათ ორგანიზაციულ კულტურას. კომპანია 14 ლიდერული პრინციპით ხელმძღვანელობს. ნებისმიერი კადრი, რომელიც მათ აჰყავთ, ბუნებრივად უნდა იცავდეს ამ პრინციპებს, მაგალითად, მუდმივად გაზრდისა და სწავლის სურვილი უნდა გქონდეს, კლიენტი უნდა იყოს მუდამ ნომერი პირველი, ასევე ერთ-ერთი მთავარი პრინციპი, რომლითაც კომპანია ხელმძღვანელობს, არის რესურსების ეფექტურად მართვა, რაც ნიშნავს იმას, რომ საქმის გაკეთება მინიმალური რესურსის გამოყენებით უნდა შეგეძლოს.

შესაბამისად, შესარჩევი პროცესი შვიდი ეტაპისგან შედგებოდა. დაახლოებით, ორი თვე დასჭირდა შესარჩევ ეტაპს, გავიარე მათემატიკური და წერითი გამოცდები, ასევე ხუთსაათიანი ინტერვიუები მქონდა და საბოლოოდ დადებითი პასუხი მივიღე. 

საქმიანობის სფერო Amazon-ში 

ამჟამად Amazon-ის ლოჯისტიკის ბიზნესს შევუერთდი. როგორც იცით, Amazon-ს აქვს სხვადასხვა ვებსერვისი და ახლა ყველაზე მზარდი მიმართულება არის Amazon ლოჯისტიკა. პანდემიამ კიდევ უფრო დააჩქარა და გაზარდა მოთხოვნა ონლაინვაჭრობაზე, შესაბამისად, Amazon-ი  ცდილობს, ნაკლებად იყოს დამოკიდებული მსოფლიო გადამზიდ კომპანიებზე და თვითონ შექმნას ადგილობრივი სადისტრიბუციო ქსელები. 

რამდენიმე წლის წინ, ამერიკაში ჩაუშვეს ე.წ. DSP (Delivery Service Partners) პროგრამა, რომელიც ადამიანებს საშუალებას აძლევს, მათ, ვისაც  საკუთარი დელივერი ბიზნესი უნდა, რომ დაიწყოს, ჩაერთონ ამ პროგრამაში. ეს Amazon-ს ეხმარება, გახდეს ძალიან მოქნილი თავის მიწოდების სქემაში და ასევე განაპირობებს კლიენტების კმაყოფილებას. 

ეს პროგრამა დაიწყო ამერიკაში და მისი განვითარების სტრატეგია გულისხმობს, რომ დიდი ყურადღება მიექცეს ამ პროგრამის გაზრდასა და პოპულარიზაციას ევროპაში. ზუსტად ეს იქნება ჩემი როლი, როგორც Senior Marketing Manager-ის – ამ პროგრამის ევროპაში დამკვიდრება, ახალი DSP პარტნიორების მოძიება და მათთან მუშაობა ევროპის რვა ბაზარზე. 

პირველი სამუშაო დღე

პირველი სამუშაო დღე ამ ორშაბათს მქონდა, შთაბეჭდილებები მხოლოდ და მხოლოდ დადებითი მაქვს. პირველი კვირა არის ე.წ. onboarding-ის კვირა, როდესაც ძალიან ბევრ ტრენინგს გადიხარ და რეალურად სწავლობ კომპანიის შესახებ.  მიუხედავად იმისა, რომ Amazon-ი ასეთი ცნობილი კომპანიაა, მაინც მოხიბლული ვარ, როგორც თანამშრომელი და კიდევ ერთხელ აღფრთოვანებული იმ მასშტაბით, რომელზეც კომპანია გადის. 

პირველ დღეს რაც შეეხება, ძალიან რთული ყოფილა დისტანციურად ახალი სამსახურის დაწყება. ამაზონს უსაფრთხოების განსაკუთრებული წესები აქვს და ამიტომ ძალიან ბევრი დრო და ტექნიკური მხარდაჭერა გჭირდება დისტანციურად ვერიფიკაციის გასავლელად.

მოკლედ, ჩემი პირველი დღე იყო IT დღე, თუმცა ძალიან საინტერესოდ მიდის და მომავალში შემეძლება, მეტი გითხრათ. კმაყოფილი ვარ პირველი კვირით. 

პირველი ნაბიჯები მარკეტინგში

მარკეტერობა თბილისში დავიწყე, ვსწავლობდი კავკასიის ბიზნეს სკოლაში მარკეტინგის მიმართულებით, შემდეგ მაგისტრატურა გავიარე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ასევე ვმუშაობდი თბილისში როგორც ქართულ, ისე საერთაშორისო ორგანიზაციებში. 

პირველი ნაბიჯი იყო ბანკ „რესპუბლიკაში“, კომუნიკაციების დეპარტამენტში დავიწყე სტაჟირება და მაშინ ჯერ კიდევ სტუდენტი ვიყავი, მაგრამ ამან ძალიან კარგი სტარტი მომცა, რადგან მოვხვდი ისეთ გარემოში, სადაც არამხოლოდ მარკეტინგს ენიჭებოდა დიდი მნიშვნელობა, არამედ მთლიანად ბიზნესფოკუსი იყო ძალიან სწორად განსაზღვრული ამან ხელი შემიწყო, რომ თავიდანვე კარიერაზე სწორად მეფიქრა, მეზრუნა ბრენდის განვითარებაზე, კომუნიკაციებსა და ა.შ. 

მრავალფეროვანი კარიერა 

ჩემი კარიერის მრავალფეროვნება, ალბათ, პირველ რიგში, იმაში გამოიხატება, რომ ბევრ სხვადასხვა ტიპის კომპანიაში მიმუშავია: საბანკოში, ელექტრონულ კომერციაში, ტელეკომუნიკაციებში და ასე შემდეგ. საბოლოოდ კი მივხვდი, რომ ჩემი ინტერესი იყო ტექნოლოგიების მარკეტინგი და დღეს მე ტექნოლოგიების მარკეტინგის სპეციალისტი ვარ. 

მნიშვნელოვანი მიღწევა

მთავარი გამოცდილება და აღიარება იმის, რომ მე, როგორც პროფესიონალი, შევდექი, იყო 2020 წლის დასაწყისში, დიდ ბრიტანეთში. დიდი ბრიტანეთის მთავრობის ინიციატივით, რამდენიმე წლის წინ შეიქმნა ტექნოლოგიური ინდუსტრიის განვითარების ორგანიზაცია Tech Nation, რომელიც მიზნად ისახავს დიდი ბრიტანეთი კონკურენტუნარიანი გახადოს მსოფლიო ტექნოლოგიურ ბაზარზე და კონკურენცია გაუწიოს ამერიკულ Silicon Valley-ს. Tech Nation ყოველ წელს აცხადებს კონკურსს კონკრეტული პროფესიის მქონე კადრების მოსაზიდად, ტექნოლოგიების მარკეტინგი ერთ-ერთი მიმართულებაა.

კონკურსში მონაწილეობა მარტში მივიღე. 2020 წლის ზაფხულში მომივიდა დადებითი პასუხი და ბრიტანეთმა ტექნოლოგიების მარკეტინგის სფეროში გამორჩეულ ტალანტად მაღიარა და Global Talent-ის სტატუსი მომანიჭა. ამით საშუალება მომცა, რომ ხანგრძლივად ვიცხოვრო ბრიტანეთში და, რაც მთავარია, ვიმუშაო ბრიტანულ ტექკომპანიებთან, რათა დავეხმარო მათ გაზრდასა და ფართო საერთაშორისო ბაზარზე გასვლაში. 

რჩევა დამწყებ მარკეტერებს 

მარკეტინგში მხოლოდ თეორიული ცოდნა არასდროს არ არის საკმარისი და დღევანდელი ტექნოლოგიები გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ჩვენ თვითონ დავსხდეთ კომპიუტერთან და ისეთი ახალი უნარები შევიძინოთ და ისე განვავითაროთ საკუთარი თავი, რომ ამისთვის არ დაგჭირდეს მაინცდამაინც დიპლომის მიღება, ვთქვათ, მარკეტინგის მიმართულებით. 

რა თქმა უნდა, განათლება აუცილებელია, თუმცა ძალიან ბევრი საშუალება არსებობს იმისათვის, რომ ჩვენი ცოდნა მუდმივად გავაფართოვოთ, ამიტომ ყველას ვურჩევდი, განსაკუთრებით კი იმ მარკეტერებს, რომლებიც ტრადიციულ მარკეტინგში მოღვაწეობენ, რომ უფრო მეტად გადმოერთონდიჯიტალზე და მოძებნონ ისეთი მიმართულებები, რაც მათ ყოველდღიურ პრაქტიკულ მუშაობაში შეუწყობს ხელს. 

მასალაზე იმუშავა ლიკა ერისთავმა

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

ყველაფერი, რაც Netflix-ზე იწყება და მთავრდება თებერვალში

კორონავირუსით დაავადებულები ვარჯიშის უნდა მოერიდონ