in

#სტარტაპი „გულსუნდა“ – ყუთი, რომელიც თქვენი პატარას ერთგული მეგზური გახდება

მშობლები პირველივე დღეებიდან ცდილობენ, საკუთარ შვილებს განვითარებისათვის ხარისხიანი და სახალისო გარემო შეუქმნან. თამაშით სწავლება 21-ე საუკუნის ერთ-ერთი აღმოჩენაა, რომელსაც საუკეთესო შედეგი მოაქვს.

„გულსუნდა“ ქართული სტარტაპია. მათ იციან, რა უნდა თქვენი პატარას გულს. რა სჭირდება მას – განვითარებისათვის, ამ სამყაროსთან ინტეგრაციისათვის.

VENUE ქართული ბრენდის დამფუძნებელ ცოლ-ქმარს გაესაუბრა:

რა პროდუქტზე მუშაობს თქვენი სტარტაპი?

ჩვენი პროდუქტის სეგმენტი 2-10 წლამდე ბავშვები არიან. ეს არის ყუთი, ამ ასაკის ბავშვებისათვის განკუთვნილი სხვადასხვა ნივთით სავსე.

როგორ გაჩნდა სტარტაპის იდეა?

სტარტაპის იდეა დაიბადა მაშინ, როდესაც მე და ჩემი მეუღლე ვფიქრობდით, 8 თვის ნიკოლოზისთვის სულ რამდენიმე თვეში რა საინტერესო აქტივობები შეგვეთავაზებინა, რა ღირებულებები შეგვეყვარებინა და მივხვდით, რომ თამაშით ბევრი რამის სწავლაა შესაძლებელი.

რამდენი ადამიანი მუშაობთ პროექტზე? 

სტარტაპზე ვმუშაობთ მე და ჩემი მეუღლე და რაც მთავარია – მთავარი კრიტიკოსი და შემფასებელი – 8 თვის ნიკოლოზი.

რას ნიშნავს თქვენი სტარტაპის სახელწოდება? 

რა უნდა გულს? ჩვენი აზრით, ეს არის მთავარი შეკითხვა, რომელსაც პასუხი ჩვენ გავეცით – “გულსუნდა”.

რა სირთულეები შეგხვდათ იდეის განხორციელებისას?

გულსუნდა საბავშვო ბოქსებს ქმნის, რომელთა გამოწერა ყოველთვიურადაა შესაძლებელი. „გულსუნდას“ შენადგენლობა თვიდან თვემდე სრულად იცვლება. თითოეულ ბოქსში წარმოდგენილია 5-7 საბავშვო პროდუქტი. ბოქსის მიზანია, საინტერესო კომპანიების დახმარებით ბავშვებსა და უფროსებს საჭირო და საინტერესო პროდუქტები თუ აქტივობები გააცნოს. სირთულე არის და იყო კომპანიის დარწმუნება იმაში, რომ ყველაზე ძლიერი და ხელშესახები კომუნიკაცია მომხმარებელთან მათთან უშუალოდ მისვლაა, ანუ ბოქსში მოთავსება, რომ მომხმარებელმა გაიცნოს მათი ბრენდი, შეიყვაოს და გახდეს ერთგული.

როგორ მოიზიდეთ ფინანსები?

პირველი თვის გამოშვება ლინიტირებული იყო – 50 ერთეული, შესაბამისად მინიმალური ფინანსებით დავიწყეთ საქმის კეთება, გვინდოდა, დაგვეწყო ხარისხით და არა რაოდენობით. 

რას ურჩევდით დამწყებ სტარტაპერებს? 

ჩვენც თავად დამწყებები ვართ, როგორც სტარტაპი, და რჩევის მიცემისას ფრთხილი ვიქნებით, უბრალოდ ვფიქრობთ, რომ დღეს მთავარი გულწრფელობაა, ამიტომ ვსვამთ მთავარ კითხვას – რა უნდა გულს? სტარტაპერები და არა მხოლოდ – უნდა ვიყოთ გულწრფელები, ასე გამოგვივა ჩვენი საქმე საუკეთესოდ.

გყავთ თუ არა კონკურენტი ადგილობრივ ბაზარზე?

კონკურენტია ყველაფერი, რითაც ბავშვი გაერთობა, ტელევიზორი და კომპიუტერიც კონკურენტია, დახლზე მოთავსებული სათამაშოც კონკურენტია, მაგრამ ერთია, რომლითაც ადგილს საპატიოდ ვიკავებთ – იდეა. ჩვენი ბოქსის პროდუქტებია ისეთი, რაც ბავშვს ღირებულებას უღვივებს, ასწავლის დამოუკიდებლად გართობასაც და უფროსებთან ერთად დროის გაზიარებასაც. 

რა არის საჭირო, რომ სტარტაპი წარმატებული იყოს?

სტარტაპის წარმატება იმაზეა დამოკიდებული, რომ ყუთი მივიდეს ბავშვამდე, როგორც კი ბავშვი „გულსუნდას“ ყუთს ჩაიხუტებს, ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ მისი ერთგული მეგობარი გახდება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

საქართველოს პირველი არხის ახალი საიმიჯო რგოლი – „პირველი არხი – შენი საკუთარი ამბავი“

ბერლინის საკლუბო სცენა ჩვეულ რეჟიმს, სავარაუდოდ, 2022 წლის ბოლომდე ვერ დაუბრუნდება