in

„სივრცე ქალური საუბრებისთვის“, სადაც კაცები არ დაიშვებიან

ერთ წელზე მეტია, რაც საქართველოში ყველაზე პოპულარული სექსუალური განათლების ინტერნეტპლატფორმა – „სივრცე ქალური საუბრებისთვის“ გაჩნდა. როგორც მისი სულისჩამდგმელი ამბობს, სურდა, შეექმნა სივრცე, რომელშიც ქალები თავისუფლად ისაუბრებდნენ თემატურ საკითხებზე – ყოველგვარი დამცირების, დადანაშულებისა და ბულინგის გარეშე.

როგორ დაიწყო ყველაფერი, რა გამოწვევების წინაშე დგას ჯგუფი და  როგორია სამომავლო გეგმები – Venue.ge-ს თამ ფონიავა ესაუბრა.

– ვინ არის თამ ფონიავა?

– თამ ფონიავა არის მემარცხენე იდეოლოგიის ფემინისტი აქტივისტი, სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების სერტიფიცირებული ტრენერი.  პროფესიით ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალისტი, თუმცაღა ამ პროფესიით მხოლოდ რამდენიმე თვე ვმუშაობდი სკოლაში.

 18 წლიდან სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციაში ვმუშაობდი პოლიტიკური იდეოლოგიების, გენდერული თანასწორობისა და ფემინიზმის საკითხებზე. ერთ წელზე მეტია, რაც შევქმენი პირველი ქართული სექსუალური განათლების ინტერნეტპლატფორმა და რამდენიმე თვეა, დავაარსე „ყველა ქალის ფონდი“. ფონდის სამუშაო ფოკუსს წარმოადგენს ქალების სექსუალური, რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების გაუმჯობესება საქართველოში.

– როდის და როგორ გაჩნდა ჯგუფის იდეა?

– სხვადასხვა უცხოურ ფემინისტურ ჯგუფში ვიყავი, სადაც სექსუალური განათლების საკითხებს განიხილავდნენ. ამ ჯგუფებში რომ ვხედავდი – როგორ თავისუფლად და ჯანსაღად განიხილავდნენ მნიშვნელოვან თემებს, სულ ვფიქრობდი, რა კარგი იქნებოდა ქართულ ინტერნეტსივრცეში გვქონოდა ფემინისტური იდეებით გაჯერებული ჯგუფი, რომელშიც სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხებს ქალები განიხილავდნენ ჯანსაღ გარემოში.

 ბევრ თუნდაც ფემინისტურ ქართულ ჯგუფებში მინახავს, ძალადობის მსხვერპლ ქალებს აქეთ რომ ადანაშაულებდნენ კომენტარებში.

–   ამჟამად, რა დატვირთვა აქვს ჯგუფს?

–  ისე, როგორც ჩაფიქრებული მქონდა, ჯგუფი მოიცავს სექსუალური განათლებისა და ქალთა უფლებების საკითხებს. ჯგუფში ქალური სოლიდარობის ერთგვარი კავშირი ჩამოყალიბდა, ცდილობენ, დაეხმარონ და მხარში დაუდგნენ სხვა ქალებს. პროექტი –  „ქალები ვეხმარებით ქალებს“ სწორედ ჯგუფის წევრების დონაციების საშუალებით ხორციელდება. ბევრი ქალი აღნიშნავს, რომ ჯგუფში მიღებული მორალური მხარდაჭერა ურთულესი პერიოდების გადალახვაში დაეხმარათ.

– როგორ ფიქრობ, რა ფუნდამენტური პრობლემები არსებობს გენდერის მიმართულებით საქართველოში?

–  საქართველოში ძალიან ბევრი პრობლემა გვაქვს გენდერული თანასწორობის, სტერეოტიპებისა და ტაბუების მხრივ, ჩვენს კულტურაში ძალადობის სხვადასხვა ფორმა რომანტიზებული და ნორმალიზებულია.  ყველაზე მწვავე პრობლემა მაინც ეკონომიკური უთანასწორობა და სიღარიბეა, ქალების დიდ ნაწილს საქართველოში ეკონომიკური დამოუკიდებლობა არ აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ არ მუშაობს და დაკავებულია აუნაზღაურებელი შრომით – შინშრომით.

ხშირად, ეკონომიკური დამოკიდებულება ქმარზე სხვადასხვა ტიპის ოჯახური ძალადობის წინაპირობა ხდება: ქალები მოძალადე კაცების ტყვეობაში არიან, რადგან არ აქვთ სხვაგან წასასვლელი და ალტერნატიული შემოსავალი.

მარტოხელა დედებს სამსახურის შოვნის პრობლემაც აქვთ, რადგან ბავშვების აღზრდისთვის საჭირო სერვისები არ არის შესაბამისად განვითარებული და, უმეტესად,  საკმაოდ ძვირია ქართველი ქალებისთვის.

 რაც შეეხება სექსუალურ და რეპროდუქციული ჯანმრთელობას, სიღარიბის გამო უამრავი ქალი იტანჯება გინეკოლოგიური პრობლემებით, საჭირო სამედიცინო სერვისები საშუალოდ 300-ლარიანი ხელფასის მქონე ქალებისთვის ხელმისაწვდომი არ არის, სწორედ სიღარიბის გამო, ქალებს არ აქვთ წვდომა მენსტრუალური ჰიგიენის პროდუქტებზე.

წარმოუდგენლად ტრაგიკულია, როცა ხედავ ქალებს, რომლებიც ფულს ბანკიდან ან მეგობრებისგან სესხულობენ, რომ აბორტი გაიკეთონ. ვიცი, ამის წაკითხვისას ბევრი იტყვის, აბორტის გაკეთების ფული თუ არ ჰქონდა რას ფეხმძიმდებოდაო, მაგრამ მინდა შეგახსენოთ, რომ თავდაცვის მეთოდებზე ბევრ ადამიანს ან არ აქვს საერთოდ ინფორმაცია ან საშინლად დამახინჯებული და საზიანო ცოდნა აქვს, არაფერს ვამბობ იმაზე, რომ თავდაცვის საშუალებები ბევრი ქალისთვის ხელმისაწვდომი არ არის – არამარტო იმიტომ რომ ძვირია, არამედ იმიტომაც, რომ ფიზიკურად შეიძლება ვერ მოიპოვონ კონდომები და ორალური კონტრაცეფციის აბები პერიფერიებში მცხოვრებმა ადამიანებმა.

–  როგორც ვიცი, რამდენიმე დღის წინ ჯგუფი წაიშალა და ახლის შექმნა მოგიწიათ. რა იყო მიზეზი და რა მოცემულობა გაქვთ ახლა?

–  ჯგუფი სრულიად მოულოდნელად დაიბლოკა Facebook-ის მიერ – წაშლილი არ არის, განხილვის პროცესშია. ზუსტად არ ვიცით, რამ გამოიწვია დაბლოკვა, ჩვენი ვარაუდით, „ფეისბუკმა“ განაახლა და გაამკაცრა წესები. თუმცაღა იმ დღესვე, როცა ჯგუფი დაიბლოკა, გავაკეთე ახალი.

 დარწმუნებული ვიყავი, ბევრი ქალი იფიქრებდა, რომ ჯგუფიდან წავშალეთ. მიტომ ვცდილობთ, ყველას მივაწვდინოთ ხმა, რომ არ წაგვიშლია ისინი, უბრალოდ, ჯგუფი დაიბლოკა. სულ რაღაც  10 დღეში ახალ ჯგუფში 35 000 მდე თხოვნა მოვიდა.

–   ჯგუფის მოდერაცია არცთუ ისე მარტივი უნდა იყოს. რამდენი ადამიანი უწევთ მოდერაციას და რა პრინციპით?

– ჯგუფში მოდერაციას შექმნიდან რამდენიმე თვე მარტო ვახდენდი. მაგრამ რაც უფრო იზრდებოდა ჯგუფი, მით უფრო რთული იყო ჩემთვის მარტო გავმკლავებოდი ამდენ აქტივობას. ამ ეტაპზე, ჯგუფის მოდერაციაში ოთხი ქალია. მეც  და მოდერატორებმაც წარმოუდგენელი ემოციური შრომა ჩავდეთ ჯგუფის სახის შენარჩუნებაში.

რაც შეეხება ფუნქციების გადანაწილებას – ჯგუფშიც და, ზოგადად, ცხოვრებაში მჯერა, რომ თუკი რაღაც გინდა გააკეთო წარმატებით, 100 პროცენტით უნდა იყო ჩართული შენს საქმეში. სხვებისთვის ცოტა გამაღიზიანებელი ჩვევა მაქვს, რადგან, რასაც არ უნდა ვაკეთებდე, თუ სხვა ადამიანებიც არიან ჩართული, მკაცრად ვაკონტროლებ – ვინ რას და როგორ აკეთებს. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ჯგუფში შევინარჩუნო უსაფრთხო სივრცე. გაზიარებული პოსტები, ისტორიები, სტატიები უნდა ემსახურებოდეს ჯგუფის მიზანს – ქალების ცხოვრების გაუმჯობესებას.

–  რა გამოწვევებთან არის დაკავშირებული ამ თემატიკის ჯგუფის მართვა?

–  ჯგუფის შექმნის პირველივე დღიდან ჩემთვის უმნიშვნელოვანესი იყო, რომ დაცული სივრცე შემექმნა. დაცული სივრცის კომპონენტებია სწორედ ჯგუფის წესებში გაწერილი მოთხოვნები, როგორიცაა – არ დავცინოთ, არ განვსაჯოთ პოსტის ავტორები, ჯგუფში ადგილი არ არის ტრანსფობიისა და ჰომოფობიისთვის და ა.შ. იმის გამო, რომ ჯგუფი არის ფემინისტური გაერთიანება, ხშირად ვსაუბრობ თემებზე, რომელიც ჩვენს საზოგადოებაში ჯერ კიდევ მიუღებელი და ტაბუდადებულია, თავიდანვე ვაფრთხილებთ ჯგუფის წევრებს, რომ წესების დარღვევა რეპორტს ან გაუფრთხილებლად წაშლას გამოიწვევს.  შესაბამისად, 2 000 ზე მეტი ქალი დაიბლოკა ჯგუფიდან. ბევრი გაბრაზებულია ჩვენზე, თითქოს სიტყვის თავისუფლებას ვუკრძალავთ, არადა როცა შენი სიტყვები ტრავმირებულ ადამიანს ცუდად აგრძნობინებს თავს, როცა ადამიანს არცხვენ და დასცინი, რა სიტყვის თავისუფლებაზე გაქვს პრეტენზია?

არიან ჯგუფები, რომლებიც თავს გვესხმიან. რამდენიმე დღის წინ ჩემი სახელით გვერდი გააკეთეს და „მთავარი არხის“ ლაივში ზუგდიდში დაშავებული ბავშვის ვიდეოს კომენტარებში ჩემი ყალბი ანგარიშით წერდნენ საშინელ კომენტარებს.

ასევე, ერთ-ერთი ტელევიზიის წამყვანმა არათუ მცდარი ინფორმაცია გაავრცელა ჯგუფზე, არამედ ჩემი პროფილის ფოტო აიღო, სადაც პატარა დეკოლტიანი კაბა მაცვია და გაუშვა გადაცემაში ფრაზით „ამ ჯგუფის ადმინი როგორ უნდა საუბრობდეს სექსუალურ ობიექტივიზაციაზე, როცა თვითონ მკერდმოშიშვლებულ ფოტოებს დებს ინტერნეტში?“

–  თუ გამოყოფ რომელიმე კონკრეტულ ამბავს, რომელიც ჯგუფმა „სივრცე ქალური საუბრებისთვის“ შეცვალა.

–         ერთი წლის წინ, ზაფხულზე ქალებმა დაიწყეს სექსუალური შევიწროების ისტორიების გაზიარება, ასობით ისტორია შეუწყვეტლივ მოგვდიოდა ანონიმურად ან ინბოქსში. ამ პერიოდში გაზიარებულმა ისტორიებმა დაანახეს ქალებს, რომ ჩვენ, ყველას საერთო პრობლემა გვაქვს, უბრალოდ, ამაზე არ ვსაუბრობთ, კულტურისა და ტაბუების გამო ან გვრცხვენია ან გვეშინია რეპუტაცია არ დავინგრიოთ. სექსუალური შევიწროების ისტორიების ასეთმა მასშტაბურმა გაზიარებამ ჯგუფის წევრი ქალები გააერთიანა და ქალური სოლიდარობით გაჯერებული თემის ჩამოყალიბებას შეუწყო ხელი.

– როგორია შენი და ჯგუფის სამომავლო გეგმები?

–  ამ ეტაპზე „ყველა ქალის ფონდი“ აკეთებს რამდენიმე პროექტს ჯგუფის წევრი ქალებისთვის, თუმცაღა ყველაფერი, რაც გაგვიკეთებია, განხორციელდა დონაციებითა და ადამიანების მოხალისეობრივი სულისკვეთებით.

ამავდროულად, აქტიურად ვმუშაობ აპლიკაციის შექმნაზე, რომელის მიზანიც სექსუალური შევიწროებისა და ძალადობის შესახებ ცნობიერების ამაღლებაა.

ჩემი მიზანია, ფონდს გააჩნდეს საკმარისი რესურსები, რომ რაც შეიძლება მეტი საჭირო პროექტის განხორციელება შევძლოთ. ამისათვის ვგეგმავ, რომ ვითანამშრომლო ქალთა უფლებებზე მომუშავე ფონდებთან, პასუხისმგებლობისა და მაღალი სტანდარტების მქონე კომპანიებთან.

​​

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

#სტარტაპი „ნეონ გალერი“ – როგორ უნდა აანთო შენი ფიქრები ნეონურად

ჯორჯ ორუელის „ცხოველების ფერმა“ – მეგრულად