მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის წინააღმდეგ რამდენიმე ვაქცინა უკვე არსებობს, ჯერ ისევ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, შეიძლება თუ არა Covid-19-ზე ფეხმძიმე ქალთა ვაქცინაცია.
დაავადების კონტროლისა და პრევენციის ცენტრები (CDC) ვაქცინების ორსულთათვის ხელმისაწვდომობას უსვამს ხაზს. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) კი რეკომენდაციას გასცემს, რომ ფეხმძიმე ქალთა ვაქცინაცია არ ჩატარდეს, თუკი ისინი რისკის ქვეშ არ არიან.
მნიშვნელოვანია საკითხის პროფესიონალთან განხილვა და გადაწყვეტილების მიღება ექიმთან ერთად.
რა ვიცით უკვე არსებული ვაქცინების შესახებ?
წარსულში ვაქცინების დამტკიცების პროცესი წლებს მოითხოვდა. საჭირო იყო საკმარისი მონაცემების შეგროვება, იმის გასარკვევად, თუ როგორ ზემოქმედებს ესა თუ ის ვაქცინა ფეხმძიმე ქალებზე. ამის გამო ორსული ქალები, ხშირად, ვერ წყვეტენ და მერყეობენ ვაქცინის გაკეთება-არ გაკეთების საკითხზე. ექიმები კი რეკომენდაციის გაცემისგან თავს იკავებენ.
„ამის შედეგი ათწლეულების განმავლობაში ფეხმძიმე ქალების მიმართ არსებითი უსამრთლობაა,“ –
აღნიშნავს რუთ ფადენი, მერილენდის ჯონ ჰოპკინსის ბერმანის ბიოეთიკის ინსტიტუტის დამფუძნებელი.
მეცნიერებმა უტყუარი მტკიცებულებები შეაგროვეს, რომ გარკვეული ვაქცინები უსაფრთხო, ეფექტური და ზოგ შემთხვევაში უკიდურესად აუცილებელიცაა.
დღესდღეობით, CDC ორსულ ქალებს მოუწოდებს, რომ გრიპის წინააღმდეგ აიცრან, რომელიც, როგორც ცნობილია, სერიოზულ გართულებებს იწვევს.
მეან-გინეკოლოგი და დედების იმუნიზაციის წამყვანი მკვლევარი გეტა სვამი ამბობს, რომ ვაქცინების იმ ტიპებზე დარდის მიზეზი არ არსებობს, რომლებიც ინაქტივირებულ ვირუსს იყენებენ იმუნური პასუხის გასაცემად.
რით არის განსხვავებული Covid-19-ის ვაქცინა?
Moderna-სა და Pfizee-BioNTech-ის ვაქცინები ახალ გამოწვევას ქმნიან. mRNA პლატფორმა, რომელსაც ეს ვაქცინები იყენებენ აქამდე არ ყოფილა ლიცენზირებული ადამიანებისთვის გამოსაყენებლად.
თუმცა ბევრი რამ არის ცნობილი mRNA-ს ტექნოლოგიის შესახებ. ინაქტივირებული ან ცოცხალი ვირუსის ნაცვლად, ეს ვაქცინები ლიპიდებში ჩასმულ გენეტიკური კოდის ფრაგმენტებს შეიცავენ. ეს კი კოდს დეგრადირებისგან იცავს.
„ყველაფერი, რაც ბიოლოგიურად სწორია mRNA ვაქცინის შესახებ, იმედის მომცემია და მას არ უნდა ჰქონდეს გავლენა ორსულობაზე ან ორსულობის შედეგებზე,“ –
ამბობს რუთ ფადენი, მერილენდის ჯონ ჰოპკინსის ბერმანის ბიოეთიკის ინსტიტუტის დამფუძნებელი.
თუმცა მაინც არსებობს კითხვის ნიშნები ამ ვაქცინის ფეხმძიმე ქალებზე ზემოქმედების შესახებ. კალიფორნიის უნივერსიტეტის პერინატალური ეპიდემიოლოგი კრისტინა ჩემბერსი Covid-19-ზე ვაქცინირებულ ქალებზე ატარებს კვლევას. მეცნიერი აღნიშნავს, რომ ბავშვისთვის შეიძლება საზიანო იყოს, როდესაც დედას მაღალი სიცხე აქვს.
„თუკი ეს არის გვერდითი მოვლენა, მაშინ ყურადღება უნდა მიაქციოთ ამას და გაესაუბროთ ექიმს სიცხის დამწევის მიღებასთან დაკავშირებით,“
ამბობს კრისტინა ჩემბერსი
ინფექციის რისკი
კვლევებმა აჩვენა, რომ Covid-19-ით დაავადებული ფეხმძიმე ქალები ჰოსპიტალიზების მაღალი რისკის ქვეშ არიან. თუმცა მძიმე დაავადების განვითარების რისკი, ხანდაზმულებთან და გულის დაავადებების მქონე ადამიანებთან შედარებით, მოსალოდნელზე დაბალია.
ფეხმძიმე ქალებისთვის, რომლებიც მაღალი რისკის ქვეშ არიან და არ აქვთ ამ რისკის შემცირების შესაძლებლობა, შესაძლოა, ვაქცინის მიღებას მათთვის სასურველი შედეგი ჰქონდეს.
წყარო: nationalgeographic.com
მოამზადა ლიკა ერისთავმა
ამავე თემაზე შეგიძლიათ იხილოთ: ევროპაში ვაქცინის პასპორტები გამოჩნდა
Loading…