in ,

Bonjour! ისწავლე ფრანგული ანისთან ერთად

ერთ წელზე მეტია, რაც ინტერნეტსივრცეში ახალი პლატფორმა – „ვისწავლოთ ფრანგული ანისთან ერთად“ გაჩნდა. ანი ბალასანია პარიზული წარმატებების შესახებ  Venue-ს ადრე უკვე ესაუბრა, მაგრამ ამჯერად კიდევ უფრო სხვა ამბავს მოგიყვებით.

იდეა დაახლოებით წელიწად-ნახევრის წინ გაუჩნდა, როდესაც სოციალურ ქსელში ფრანგულის კითხვის წესები გამოაქვეყნა და დადებითი გამოხმაურებაც დაიმსახურა. მაშინ გადაწყვიტა, რომ Youtube-ზე შეექმნა არხი და პირველი ვიდეოც ჩაეწერა.

როგორ გაჩნდა იდეა და რა ეტაპები განვლო განხორციელებამდე?

ყოველთვის მომწონდა სხვებისთვის ცოდნის გაზიარება – განსაკუთრებით, ჩემი ერთ-ერთი საყვარელი უცხო ენის.

ვიცოდი, რომ ძალიან ბევრ ადამიანს აინტერესებდა და სურდა ფრანგული ენის შესწავლა, განსაკუთრებით, საფრანგეთში მცხოვრებ ქართველებს, რომელთაც ძალიან უჭირთ ადაპტირება ადგილობრივ გარემოში ენის ცოდნის გარეშე, რაც ბუნებრივიცაა. ამის საპასუხოდ, გადავწყვიტე შემექმნა სივრცე, სადაც შესაძლებელი იქნებოდა ფრანგული ენის მაღალ დონეზე შესწავლა.

ჩემი პირადი რწმენაა, რომ განათლება ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს.

ვიცი, რომ ზოგი ადამიანისთვის ფრანგულის სწავლა ნაკლებად ხელმისაწვდომი გახლავთ ფინანსური მდგომარების, ანდაც უბრალოდ ტექნიკური სირთულეებისა თუ არასწორი კომუნიკაციის გამო. ისეც ხდება, რომ არავის სცალია ერთსა და იმავე დროს და არც სწავლების ორგანიზება  გახლავთ მარტივი, გაკვეთილები კი რჩება  ინტერნეტში და ყველა მაშინ უყურებს, როდესაც სცალია.

დღეს ძირითად საკომუნიკაციო საშუალებად „ფეისბუკს“ ვიყენებ, სადაც მაქვს ე.წ ჩატი, აქ პირველი ვწერ ხოლმე ახალი გაკვეთილის შესახებ. შემდეგ, იდენტურ ინფორმაციას ვდებ ჯგუფში – „ვისწავლოთ ფრანგული ანისთან ერთად“.

ვიდეოებს ვდებ Youtube-ზე, ხოლო ვიზუალურ მასალას, მაგალითად, სიტყვებს – Facebook-ზე. გადავწყვიტე, რომ ვიდეოებში არ ვჩანდე. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს. პირველი ის გახლავთ, რომ ძალიან დიდი დრო დასჭირდება დამონტაჟებას და მირჩევნია, მეტი ვიდეო მივაწოდო ჩემს მოსწავლეებს ამ დროში. ამასთანავე, მიმაჩნია, რომ ხმა ძლიერი საკომუნიკაციო საშუალებაა. როდესაც ვსაუბრობ და არ ვჩანვარ, იქმნება სახლის გარემო, ადამიანები თავს კომფორტულად გრძნობენ და სწავლაც უადვილდებათ.

აღსანიშნავია, რომ ვიდეოები ადაპტირებულია უსინათლოებისთვის. უკვე დამიკავშირდა ორი  გოგონა, რომლებმაც დამიდასტურეს ეს ფაქტი და მადლობაც გადამიხადეს. ძალიან გამახარა ამან.

როგორია სასწავლო სილაბუსი?

გრამატიკის სიღრმისეული ცოდნის გარეშე, სამომავლოდ ბევრი კითხვა ჩნდება და, ასევე, ბევრი შეცდომის დაშვების რისკია. ამიტომ, უპირველესად, გრამატიკას ვაქცევ ყურადღებას, მით უფრო, რომ ფრანგული საკმაოდ რთულია.

ბევრს უჭირს კითხვა, რადგან ფრანგულში ცოტა რამ იკითხება ისე, როგორც წერია. ამიტომ დავიწყე ლექსიკასა და კითხვის წესებზე მუშაობა. ყოველდღე 10 სიტყვას ვუგზავნიდი მოსწავლეებს თავისი კითხვის წესებით ანუ ხმოვანი შეტყობინებით ვუხსნიდი წაკითხვის წესსა და მნიშვნელობებს.

გეგმას ვცვლი ხოლმე, ხშირად ვადაპტირდები. ძალიან ინტერაქტიური ჯგუფი მყავს და ამიტომ, ყოველთვის ვეკითხები აზრს, რა ურჩევნიათ, რისი სწავლა არის მათთვის პრიორიტეტული და მათ საჭიროებაზე ვეწყობი

ყველაფერი, რაც აქამდე გამოვაქვეყნე, სრულიად საკმარისია, რომ ადამიანმა, სულ მცირე, A1 დონის დიპლომი მიიღოს

როგორია შენი აუდიტორიის უკუკავშირი?

ძალიან დადებითი შეტყობინებები მომდის და ვერ წარმოიდგენთ, ეს როგორ მახარებს. ჩემთვის სასიამოვნო საქმიანობის კეთება რომ სხვებს ეხმარება, ამაზე კარგი შეგრძნება არაფერია. ჩემი მოსწავლეების მადლობები და წარმატებები ყველაზე დიდი ჯილდოა.

ძალიან მიხარია, რომ დამიკავშირდა რამდენიმე ფრანგულის მასწავლებელი. ზოგმა მათგანმა მკითხა, თუ შეეძლოთ ვიდეოების გამოყენება მათ გაკვეთილებზე, ზოგი კი – რჩევებს მეკითხებოდა. ცოდნა გაზიარებით უფრო ბევრდება და ყველაზე დადებითი გავლენა აქვს.

რატომ უნდა ვისწავლოთ ფრანგული?

ენები ჩემი გატაცებაა, ძალიან მომწონს მათი შესწავლაცა და სწავლებაც. ყველა მათგანი თავისებურად საინტერესოა და დამატებითი გასაღები სამყაროს შესასწავლად.

გარდა იმისა, რომ ფრანგული ძალიან ლამაზი ენაა, ამასთან, ევროკავშირისა და გაეროს ერთ-ერთი ოფიციალური ენაც გახლავთ და მასზე მილიონობით ადამიანი საუბრობს. შესაბამისად, ეს ყველაფერი უკეთესი სამსახურისა და კარიერული მიზნების მიღწევის დამატებითი საშუალებაა.

ჩემს ცხოვრებაში რაც წარმატებას უკავშირდება, უმეტესობა დაკავშირებულია ფრანგულის ცოდნასთან, მაგალითად, ძალიან საინტერესო სტაჟირებები საფრანგეთ-საქართველოს სავაჭრო პალატაში და სხვა.

და, რა თქმა უნდა, სამომავლო გეგმების შესახებ…

ამ მომენტისათვის Youtube-ზე ორი კატეგორია მაქვს – ვიდეოები დამწყებთათვის და გაკვეთილები წიგნიდან, სადაც კონკრეტული წიგნიდან ვატარებ გაკვეთილებს. მსურს კიდევ რამდენიმე კატეგორიის დამატება.

ასევე ჩემი მიზანია, ყველა ჩემმა მოსწავლემ აიღოს ენის სერტიფიკატი.

სხვა გეგმებზე ჯერ ვერაფერს გეტყვით, ძალიან საჭირო და კარგი თვისებაა ადაპტირება და ხშირად სწორედ დროის საჭიროებების შესაბამისად ვაკეთებ გაკვეთილების ადაპტაციას ლინგვისტურ ტრენდებსა თუ იმ ადამიანებზე, ვინც ვიდეოგაკვეთილების ერთგული მაყურებელია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

ექვსმაგი ხელფასი – თსუ დეკრეტულ შვებულებაში მყოფ თანამშრომლებს ასაჩუქრებს

მთვარეზე თევზის მოშენება შეგვიძლია – მეცნიერთა მოსაზრება