საქართველოში კოვიდვაქცინაცია დაიწყო. 09:00 საათზე AstraZeneca-ს ვაქცინით პირდაპირ ეთერში აიცრა NCDC-ის დირექტორის მოადგილე – პაატა იმნაძე.
„დღეს იწყება ჩვენს ქვეყანაში ეპიდემიის დასრულების დასაწყისი” – განაცხადა პაატა იმნაძემ ვაქცინაციის შემდეგ.
AstraZeneca-ს ვაქცინით ასევე აიცრნენ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, მარინა ეზუგბაია, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელი, მარინა ენდელაძე. ასევე, ექიმები გუგა ქაშიბაძე, თამარ გიორგაძე და სხვები.
ინფექციური საავადმყოფოს შემდეგ, პირდაპირ ეთერში ექიმები რესპუბლიკურ საავადმყოფოში იცრებიან.
COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას ჩაიტარებენ ექიმები: ზაზა კაციტაძე, ლევან ვაშაკიძე და ლევან გოფოძე. ასევე, ექიმი პედიატრი ივანე ჩხაიძე.
დაგეგმილია ვაქცინაცია აჭარაში, იმერეთსა და კახეთში.
აღსანიშნავია, რომ AstraZeneca-ს ვაქცინის 43 200 დოზა საქართველოში 13 მარტს ჩამოიტანეს. ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ საწყის ეტაპზე აიცრება 43 200 ადამიანი და რადგან ეს ვაქცინა 2 დოზით კეთდება, მეორე დოზას აცრილები გაიკეთებენ მაშინ, როცა დამატებითიც შემოვა.
მისი თქმით, იციან დროის მონაკვეთი, როცა გარანტირებულად მიიღებენ მეორე დოზებს და აქვთ დასტური, რომ შემოტანა გარანტირებულად მოესწრება.
მანვე აღნიშნა, რომ პირველ რიგში, აიცრებიან ექიმები და შემდეგ რისკჯგუფები. მისივე თქმით, გადანაწილება თავდაპირველად დიდ ქალაქებში მოხდება.
Loading…