14 მარტს ჩატარდა საავტომობილო რბოლა FIA RALLY STAR Georgia-ს ფინალი, რომლის შედეგადაც ხუთი გამარჯვებული გამოვლინდა.
სალომე მჭედლიშვილი მათ შორის ერთადერთი გამარჯვებული გოგოა, რომელიც ევროპის კონტინენტურ ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
FIA RALLY STAR Georgia არის საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის პროექტი, რომელიც ახალგაზრდა, ნიჭიერი ავტოსპორტის მოყვარულების აღმოჩენასა და ამ სფეროს პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.
გთავაზობთ ინტერვიუს FIA RALLY STAR Georgia-ს გამარჯვებულთან სალომე მჭედლიშვილთან:
როდის და როგორ გადაწყვიტე FIA RALLY STAR Georgia-ში მონაწილეობა?
ამ შეჯიბრის შესახებ გავიგე თებერვალში, როცა უკვე რეგისტრაცია დაწყებული იყო, მამაჩემისგან, რომელიც ავტო სპორტში უკვე დიდი ხანია მოღვაწეობს, არის მრბოლელი და ამ სფეროსთან მჭიდრო კავშირი აქვს.
რალის შესახებ რომ მოგვიყვე, რა ეტაპების გავლა მოგიწია გამარჯვებამდე?
პირველი შესარჩევი ეტაპი ჩატარდა თბილისში 14 თებერვალს. ეს იყო ჩქაროსნული სლალომი და აქედან 10 გამარჯვებული გადავედით ფინალში.
რა იყო ყველაზე რთული შეჯიბრების ფარგლებში?
ყველაზე რთული ნაწილი იყო ის, რომ მანქანას არ ვიცნობდი და ელექტრო მანქანასთანაც შეხება არ მქონია მანამდე. არ მიმართავს მანამდე და მანქანის შესაძლებლობებს კარგად არ ვიცნობდი. სწორედ, ეს იყო რთული ნაწილი შეჯიბრების, რადგან ავტომობილთან შეჩვევისთვის დრო დამჭირდა. საავტომობილო ტრასაც საკმაოდ რთული იყო, თუმცა დაუძლეველი არა.
რამდენი ხანია, რაც ავტომობილს მართავთ?
სამი წელია უკვე რაც მართვის მოწმობა მაქვს და ეს სამი წელია აქტიურად ვმართავ მანქანას.
როგორ ფიქრობ, ყველა კარგ მძღოლს შეუძლია რბოლაში მონაწილეობის მიღება, თუ საჭიროებს ის სხვა სპეციფიკურ უნარ-ჩვევებს?
ამ შეჯიბრის არსი და მიზანი ის არის, რომ ყველა ადამიანს და მოყვარულს, რომელსაც მხოლოდ ავტომობილის მართვის გამოცდილება აქვს და არავითარი შეჯიბრებებსა თუ რბოლებში მონაწილეობის, შეუძლიათ საკუთარი ძალები საავტომობილო სპორტში გამოსცადონ.
აუცილებელია და საჭირო, რომ ფლობდეთ კონცენტრირებისა და სწრაფი მანევრირების კარგ უნარებს და, რა თქმა უნდა, გიყვარდეთ მანქანა.
სამომავლო გეგმების შესახებ რომ მოგვიყვე, რა იქნება შემდეგი ეტაპი?
შემდეგი ეტაპი ივლისში, გერმანიაში ჩატარდება, სადაც ფინალში გამარჯვებული ხუთი მონაწილე, რომელთა შორის ერთი გოგო მე ვარ, საქართველოს სახელით ვიასპარეზებთ ევროპის საკონტინენტო ფინალზე. ეს არის საკმაოდ გრძელვადიანი პროექტი, რომელიც 4 წელს გაგრძელდება.
ქალების წარმომადგენლობა FIA RALLY STAR Georgia-ში საკმაოდ დაბალი იყო მამაკაცებთან შედარებით, როგორ ფიქრობ რა არის ამის მთავარი მიზეზი და რას ურჩევდი გოგოებს, რომლებსაც უყვართ ავტომობილის მართვა და სურთ გამოსცადონ საკუთარი ძალები საავტომობილო სპორტში?
ამის მთავარი მიზეზი, ალბათ, ის სტერეოტიპია, რომლის თანახმადაც ქალს, თითქოსდა, არ გააჩნია მანქანის მართვის ისეთი უნარ-ჩვევები, როგორიც მამაკაცს. თუმცა, მინდა აღვნიშნო, რომ ჩემი კონკურენტი გოგონები საკმაოდ ძლიერები იყვნენ, რაც კარგი მაგალითია იმის, რომ ქალიც ისეთივე ძლიერია ავტოსპორტში, როგორც მამაკაცი და გენდერული ფაქტორი ამ მხრივ, დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ არ განგვასხვავებს. მეტსაც გეტყვით, ჩემი დაკვირვებით ქალები, რიგ შემთხვევაში, უფრო მეტ სიზუსტეს, მობილიზებასა და გამბედაობასაც კი იჩენენ ავტომობილის მართვისას.
შესაბამისად, ყველას, განურჩევლად ქალი იქნება ეს თუ მამაკაცი, ვისაც ავტომობილის მართვა უყვარს, მინდა ვურჩიო მსგავს შეჯიბრში მონაწილეობის მიღება, რადგან ის საკუთარი შესაძლებლობების გამოცდასა და ახალი უნარ-ჩვევების აღმოჩენაში დაგეხმარებათ.
Loading…