in , ,

ჰიპ-ჰოპ არტისტი N ice საქართველოდან – ინტერვიუ ნათია მეგრელიძესთან

პროფესიით მხატვარსა და არტ დირექტორს ნათია მეგრელიძეს, საზოგადოება ჰიპ-ჰოპ არტისტად და იუთუბერად იცნობს. N ice მუსიკას რამდენიმე წელია, ქმნის და ის ქართულ რეპ სივრცეში, უკვე კარგად ნაცნობი და გამორჩეული არტისტია.

Venue ნათიას საკუთარი პროფესიული გამოცდილების, იუთუბერობის, ქართული ჰიპ-ჰოპისა და ამ კუთხით არსებული გამოწვევების შესახებ ესაუბრა.

შენი პროფესიის შესახებ მოგვიყევი, რას საქმიანობ?

პროფესიით მხატვარი ვარ, ბავშვობიდან ვხატავ, მამაჩემი და ბაბუაჩემიც მხავრები იყვნენ, ასე რომ ვთქვათ, გენებში მაქვს მხატვრობა. ბაკალავრი სამხატვრო აკადემიაში დავამთავრე. შემდეგ გავაგრძელე მაგისტრატურა მილანის Università Cattolica-ში, სადაც ორი წელი ვისწავლე არტ მენეჯმენტის ფაკულტეტზე. ახლახან, თებერვალში დავამთავრე, დავიცავი ჩემი თეზისი. შესაბამისად, პროფესიონალურად, მხატვრობის მიმართულებით ვარ.

მეორე მხრივ, მაქვს სხვა ინტერესები და საქმიანობები, რომლებიც ძალიან მაინტერესებს და რითიც მიცნობს საზოგადოება. ეს არის ემსინგი, იგივე რეპერობა და იუთუბერობა.

YouTube-ს რაც შეეხება, როდის და როგორ დაიწყე იუთუბერობა?

იუთუბერობა ახლახანს, 2019 წელს დავიწყე, არც ისე დიდი ხანია და ვფიქრობ, რომ უკვე ძალიან კარგად მიდის ყველაფერი, ჩემი გამომწერების რაოდენობას თუ დავაკვირდებით, რომელიც 19 700-ზე მეტია. ცოტა ხანში 20 000-ზეც ავალ. ასე რომ, ვფიქრობ, ამ მხრივ მრავალფეროვანი ვარ, იმიტომ, რომ ბევრი განსხვავებული ინტერესი მაქვს და ეს ჩემს YouTube კონტენტზეც აისახება, რადგან მარტო ერთი მიმართულებით არ შემოვიფარგლები. ფილმების მიმოხილვაც მაქვს, ვლოგები და ა.შ. ჩემი აუდიტორია შეიძლება იყოს როგორც ახალგაზრდა, ისე უფრო ასაკოვანი ადამიანიც.

რამ გადაგაწყვეტინა იუთუბერობა?

სხვათაშორის, ძალიან დიდხანს ვყოვმანობდი. დაახლოებით, რამდენიმე თვე. ყოველთვის ვადევნებდი  YouTube-ს თვალს. 2014 წელს შევქმენი მე თვითონ, ოღონდ სხვა მიზნებით, მინდოდა ჩემი მუსიკა დამედო. იმ პერიოდში, ძალიან ცოტა მნახველი და გამომწერი მყავდა. თუმცა იმ დროისთვის არც თუ ისე ცოტა იყო. მაქსიმუმ 4 000 გამომწერი მყავდა, როდესაც მუსიკას ვდებდი და ამის შემდეგ დავფიქრდი, რომ შემეძლო მეც ვყოფილიყავი იუთუბერი, რადგან თავისუფალი ადამიანი ვარ, მიყვარს ხალხთან ურთიერთობა, ექსტროვერტი ვარ და მინდოდა, პირადად მიმეწვდინა ხმა ადამიანებამდე.

ჩემი აზრით, არ არსებობს ადამიანი, რომელსაც YouTube-ერობა არ გამოუვა. გულწრფელად მჯერა, რომ ყველა ადამიანს აქვს ამის შესაძებლობა და ვუჭერ ყველას მხარს, რომ ეს გააკეთონ. მით უმეტეს დღეს, ეს ძალიან მოთხოვნადი სფეროა.

მუსიკის წერა როდის დაიწყე და თავიდანვე ზუსტად იცოდი თუ არა, რომ რეპი და ჰიპ-ჰოპი იყო ის მუსიკალური ჟანრი, სადაც საკუთარ თავს ხედავდი?

მუსიკის წერა 2010 წელს დავიწყე. საკმაოდ დიდი პერიოდია გასული. მაშინ, ძირითადად, ინგლისურენოვან მუსიკას ვწერდი. ინსპირაცია იყო Snoop Dog, რადგან ბიტბოქსის კეთებით დავიწყე, რასთან შეხებაც მანამდე არ მქონია. როდესაც ბიტბოქსი ვცადე, გამომდიოდა, არ იყო ცუდი. Snoop Dog-ის drop it like it’s hot-ის ბიტბოქსსაც ვაკეთებდი ტექსტზე, რაც მომეწონა. უბრალოდ, ბითს ავყევი და ჩვეულებრივ ჩავჯექი ტექსტში. თავიდან არ იყო იდეალური, მაგრამ მე თვითონ მესიამოვნა და შემდეგ სხვა არტისტების სხვა ტრეკებზე გადავედი.

მოკლედ, ამან სისტემატური ხასიათი მიიღო და მაშინაც კი YouTube-ს ამ მხრივ ვიყენებდი. უბრალოდ, უცხოენოვანი ტრეკების ქავერებს ვდებდი. დიდი მხარდაჭერა ვიგრძენი და გავაგრძელე. ამ პერიოდიდან დავიწყე ჰიპ-ჰოპის შესწავლა სიღრმისეულად.

2014 წელს კი უკვე ქართულად ვცადე ტექსტის დაწერა და თავიდან ძალიან ცუდი იყო, ამას ვაღიარებ და, ალბათ, ყველა ასე იყო, კოლეგებზე მაქვს საუბარი. თუმცა მერე, რა თქმა უნდა, ვვითარდებოდი.  

როგორ შეაფასებდი ქართულ ჰიპ-ჰოპ ინდუსტრიას? აქვს თუ არა მას პერსპექტივა?

ქართული ჰიპ-ჰოპ ინდუსტრია ცოტა გადაჭარბებული ტერმინია, ჩემი აზრით, იმიტომ, რომ საერთოდ არ გვაქვს ინდუსტრია და მეტიც, ლეიბლიც კი არ გვაქვს ქართული. არ არსებობს არანაირი კომპანია ან სპონსორი. არავითარი მხარდამჭერი გარე პირები არ არსებობენ, რომლებიც ხელს შეგვიწყობენ და რამე პროექტებს დააფინანსებენ ან რაღაც ინიციატივას გამოიჩენენ.

ასე ჯერჯერობით, ისევ ვკოჭლობთ ამ თვალსაზრისით, იმის მიუხედავად, რომ 20 წელზე მეტია, რაც ჰიპ-ჰოპი არსებობს საქართველოში.

თუმცა, აუცილებლად უნდა ვაღიარო ის პროგრესი, რაც არის აშკარად. მაგალითად, ახალი თაობა, რომლებიც ბევრად დახვეწილები არიან, ვიდრე ძველი თაობა. რა თქმა უნდა, ძველ თაობას ძალიან დიდ პატივს ვცემ. მეც შედარებით ძველ თაობას წარმოვადგენ. ასე რომ, მათ პატივს ვცემ დიდი დამსახურება აქვთ ქართული ჰიპ-ჰოპის წინაშე, მაგრამ მაინც, მგონი, მომავლისკენ უნდა ვიხედოთ და ამ ახალგაზრდების პოტენციალი დავინახოთ. მე პირადად, ჩემი ერთ-ერთი კონტენტით დამწყებ ქართველ რეპერებს ვაფასებ ვიდეოში. ამ სტრატეგიით რაღაც მცირე წვლილი შემაქვს.

რას საჭიროებს ქართული რეპი, ახლა, ყველაზე მეტად?

რესურსების ჩადებას, დაფინანსებას, მაგრამ აქამდე  მენტალიტეტის პრობლემაა და იმ სტერეოტიპების რაც არსებობს. თუნდაც ის, რომ სერიოზულად არ აღიქმება ან არსებობს გარკვეული კატეგორიები ქართველი არტისტების, რომელთა ტრეკები მეტად საინტერესოა ჩვენი მსმენელებისთვის. რა თქმა უნდა, ამაში ცუდი არაფერია, მაგრამ როდესაც სოციალური ტრეკები უფრო მნიშვნელოვანი და საინტერესოა მათთვის, ვიდრე ის სადაც ტექნიკა უფრო დახვეწილია, კარგი მოსასმენია და გასართობი. მსგავს პროდუქტებზე ჰეითერობენ, რაც ჩემი აზრით, პრობლემაა.

ჯერ კიდევ მიუღებლობა არის სიახლებიის. ასე რო, მენტალიტეტის თემაც არის, არტისტების პასიურობის და კიდევ არამრავალფეროვნების.

როგორ შეაფასებდი ქართულ რეპსა თუ ჰიპ-ჰოპში ქალების/გოგოების წარმოამდგენლობას?

არც ისე ბევრნი ვართ. სულ რამდენიმე, ალბათ, თითებზე ჩამოსათვლელი. ზოგადად, ჩვენი როლისადმი ასეთ სფეროში ძალიან სტერეოტიპული მიდგომა არსებობს. ქართული საზოგადოებისთვის ძალიან რთულია ამის მიღება. რაც, რა თქმა უნდა, სასაცილოა. თუმცა არსებობენ ასეთი ადამიანები და მე მესმის მათი. თუმცა ეს მენტალიტეტი გადასახედია.

რთულია ეს საკითხი საქართველოში. თუმცა, უკვე ვხვდები, რითიც უნდა ვებრძოლო ამ ყველაფერს. ისევ ჩემი შრომით და ბრძოლისუნარიანობით. იმიტომ, რომ რაც უფრო მეტს ვაკეთებ, მით უფრო ვუახლოვდები მიზანს და მით უფრო ნაკლები სიძულვილიცაა.

რას ურჩევდი იმ გოგოებს, რომელთა მოწოდებაც რეპერობა ან ჰიპ-ჰოპ არტისტობაა, მაგრამ ამ ნაბიჯის გადასადგმელად გამბედაობა არ ჰყოფნით ან დარწმუნებულები არ არიან თავიანთი გადაწყვეტილების სისწორეში?

სხვათაშორის, სოციალურ ქსელებში მომსვლია გოგოების მესიჯები, რომლებიც რჩევებს მთხოვენ. ძალიან მიხარია, რომ მე ვახსენდები. ძალიან მიყვარს ადამიანების მოსმენა და მათი გამხნევება. ასე რომ ყველას ვცემ პასუხებს. მიხარია, რომ ეს გოგონები არსებობენ და მწერენ. მგონია, რომ მენდობიან, რაც ჩემთვის დიდი პატივია. ასე რომ, მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის, ნდობისთვის და დაინტერესებისთვის.

არაფრის შეგეშინდეთ საერთოდ. ახლა ისეთ პერიოდში ვცხოვრობთ, როდესაც ბევრად მეტი შესაძლებლობა გვაქვს. რაც არ უნდა მოხდეს, არასდროს დანებდეთ. ყველას ყველაფერი შეუძლია. ადამიანები ვართ და ჩვენი მიღწევებიც ამაზე მეტყველებს. უბრალოდ, მოინდომე და ყველაფერი იქნება. არავის არ გააბედინოთ, რომ გითხრათ რაღაცაზე, რომ არ შეგიძლიათ. ყველაფერს შეძლებთ. უბრალოდ, გულით მოინდომეთ.

ბოლოს, შენი პროფესიული, YouTube თუ ჰიპ-ჰოპ გეგმების შესახებაც მოგვიყვე.

ვაპირებ, რომ YouTube-ზე კიდევ უფრო აქტიური გავხდე და ის პროფესიად და შემოსავლის წყაროდ ვაქციო. მით უმეტეს, არის უკვე დაინტერესებები. „საქართველოს ბანკის“ პროექტიც ამის მაგალითი იყო. მინდა, რომ მაქსიმალურად გავზარდო ჩემი აუდიტორია. მეტი კონტენტი დავდო უფრო ხშირად, იმიტომ რომ რაც უფრო იწევს აქტიურობა, მით უფრო მაკლდება ნახვები, შესაბამისად, შემოსავალიც. 

გარდა ფულის შოვნის მოტივაციისა, რომელიც ყველას გვაქვს, სხვა მოტივაცია ის არის, რომ უბრალოდ მეტ ადამიანს მივაწვდინო კიდევ ხმა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

გენის „ჩანაცვლებამ“, შესაძლოა, ტკივილის შეგრძნება შეამსუბუქოს – უნიკალური აღმოჩენა

ევროპარლამენტარის წინდები საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით