in ,

„ვირთხა დამსაქმებლები“ – სოციალურ ქსელში დამსაქმებელთა მხილების კამპანია აგორდა

სულ ცოტა ხანია, სოციალურ ქსელში ერთი საინტერესო გვერდი გამოჩნდა – სახელწოდებით „ვირთხა დამსაქმებელი“. კამპანია მიზნად ისახავს, ამხილოს იმ ბიზნეს-ობიექტების დამფუძნებლები/მენეჯერები, რომლებიც თანამშრომლებს განსაკუთრებულად მძიმე პირობებში ამუშავებს, არღვევს მათ შრომით უფლებებს, ავალდებულებს იმ სამუშაოების შესრულებას, რაც მათ დაკისრებულ მოვალეობებში არ შედის.

Venue. სოციალური კამპანიის – „ვირთხა დამსაქმებელი“ – იდეის ავტორებს გაესაუბრა:

რამდენი ხანია თქვენი კამპანია მიმდინარეობს და რა გახდა გარდამტეხი მიზეზი ამ ყველაფრის დასაწყებად?

ჩვენი კამპანიის იდეა გაჩნდა თებერვალში, როცა შეიქმნა ოფიციალური გვერდი. დიდი ხანია ვაკვირდებით დასაქმების ბაზარზე არსებულ უსამართლო გარემოს, ბევრ შემთხვევაზე გვსმენია, სადაც ახალგაზრდები და არა მარტო ახალგაზრდები ხდებიან უსამართლობის მსხვერპლნი, ეს იქნება არაადამიანური მოპყრობა თუ უსამართლო გათავისუფლება და მთავარი აქ კი ისაა,  დაზარალებულებმა თავი რომ დაიცვან სასამართლოზე, მიმართვა სჭირდებათ და სახელმწიფომ მხოლოდ ახლა დაიწყო ჩარევა შრომის ინსპექციის სახით, რაც ჯერჯერობით არაეფექტურია. დღეს ქვეყანაში მოსახლეობის მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდომარეობას დასაქმებულების მიმართ, დამსაქმებლების გულგრილი და არაკანონიერი მიდგომა ქმნის. 

მათი მიზანია, რაც შეიძლება ნაკლები დანახარჯით, რაც შეიძლება მეტი მოგება მიიღონ, თუნდაც ეს იყოს დასაქმებულთა შრომითი და სოციალური უფლებების შელახვისა და უგულებელყოფის ხარჯზე. სწორედ ამიტომ ვაწყდებით, დასაქმების ადგილებზე, თანამშრომლების მიმართ არაადამიანურ მოპყრობას, რაც, თუ ჩავუღრმავდებით, „თანამედროვე მონობამდე“ მიგვიყვანს. 

ვინაიდან, სახელმწიფო ინსტიტუტები ეფექტურად ვერ მუშაობენ დასაქმებულთა შრომითი უფლებებისა და ღირსეული სამუშაოს ქონის უფლების დაცვაზე, დავიწყეთ  კამპანია „ვირთხა დამსაქმებელი“, რომელიც დამსაქმებლების უღირს საქმიანობას სააშკარაოზე გამოიტანს და საზოგადოებას გააცნობს ამა თუ იმ კომპანიაში არსებულ კაბალურ პირობებს.

მიგვაჩნია, ეს ერთ-ერთი გზაა, დამსაქმებლები ვაიძულოთ, შეცვალონ თანამშრომლების მიმართ მიდგომა და აღასრულონ შრომის კოდექსით გაწერილი ისედაც მინიმალური სტანდარტები.

აქვე აღვნიშნავთ, რომ ყველა ინფორმაცია, რომელიც გვერდზე გამოქვეყნდება, გადამოწმებული და ფაქტებით გამყარებული იქნება და ჩვენი საქმიანობა არ მოიცავს ვინმეს უმიზეზო ბულინგს, ეს არის საერთაშორისო დონეზე ნაცნობი პრაქტიკა, რომელიც მიზნად ისახავს უკანონოდ მოქმედი კომპანიების საჯარო შერცხვენას.

კომპანიის თანამშრომლები თავად გიკავშირდებიან თუ თქვენ გიწევთ, საწყის ეტაპზე, მათი მოძებნა?

ინფორმაცია სხვადასხვა ფეისბუქ გვერდიდან და ორგანიზაციებიდან გვაქვს აღებული, ასევე საკუთარი პრაქტიკიდან. გვერდის ამუშავების შემდეგ კი ადამიანებმა პირადში დაიწყეს თავისი ისტორიების მოყოლა.

როგორ ადგენთ ფაქტისა და ისტორიის ჭეშმარიტებას?

ინფორმაციის დასაზუსტებლად გვიწევს უფლებებზე მომუშავე სხვადასხვა ორგანიზაციათან კონტაქტი.

ამ მოკლე დროში რამდენიმე ცნობილი კომპანია გამოააშკარავეთ, ხომ არ იყო მათი მხრიდან გარკვეული გამოხმაურება?

მცირე გამოხმაურება იყო კომენტარებში, სადაც ცდილობდნენ გავრცელებული ინფორმაციის უარყოფას. განსაკუთრებით იმ პოსტს მოჰყვა გამოხმაურება, სადაც „ლუკა პოლარეზე“ ვსაუბრობდით.

თქვენს ბოლო პოსტში ამბობთ, რომ ფეისბუქიდან ძველი პოსტები, სადაც ე.წ. „ვირთხა დამსაქმებლებს“ ავლენდით, გაქრა/წაიშალა. ხომ არ არის ეს პოსტების დარეპორტების შედეგად გამოწვეული ან თუ მისწერეთ Facebook-support-ს ამის შესახებ?

დიახ, „ლუკა პოლარეს“ პოსტის კომენტარებშიც იგრძნობოდა, რომ შეიძლება დაერეპორტებინათ გვერდი და ასეც მოხდა. დილით ოთხივე პოსტი წაიშალა. რა თქმა უნდა, მივწერეთ საფორთს, რომ ინფორმაცია არის რეალური, მოთხრობილია შრომითი უფლებების დარღვევის ფაქტები,  ემსახურება დასაქმებულთა უფლებების დაცვას და მოვითხოვეთ სათითაოდ განეხილათ ყველა პოსტი.

სამომავლოდ როგორ განვითარდება კამპანია, აპირებთ თბილისს მიღმა ტერიტორიებიც მოიცვას თქვენმა სტიკერებმა? როგორია მომავალი გეგმები?

კამპანია არის სახალხო და გვინდა, მასშტაბური ხასიათი მიიღოს. ინბოქსშიც გვწერენ მოხალისეები და გვთხოვენ სტიკერებს, რათა საკუთარი გამოცდილების საფუძველზე, თავადაც გამოავლინონ ვირთხა დამსაქმებლები. ჩვენ გვიხარია ახალგაზრდების ასეთი გამოხმაურება და ჩართულობა და ყველანაირად ვეცდებით, კამპანიამ მთელი ქვეყანა მოიცვას. იმედი გვაქვს, დამსაქმებლები დაფიქრდებიან და შეეცდებიან თავიდან აირიდონ „ვირთხა დამსაქმებლის“ სტატუსი, რასაც სამუშაო პირობების გაუმჯობესებით მოახერხებენ. 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

Facebook-ი Instagram-ის საბავშვო ვერსიაზე მუშაობს

ზვიად გამსახურდიას ხელნაწერი შრიფტი ქართულ ფონტებს მალე მიემატება