in , ,

გახდი სუპერმეხსიერების მქონე ადამიანი – გიორგი ცინარიძის #ამბავი

მოზღვავებული ინფორმაციის ფონზე, მეხსიერების დაქვეითებას ბევრი უჩივის. ადამიანების ნაწილს ჰგონია, რომ არ გამოირჩევა განსაკუთრებულად კარგი მეხსიერებითა თუ სწავლის უნარით ან, უბრალოდ, უნიჭოა. არადა, შესაძლოა, ეს სიმართლეს სულაც არ შეესაბამებოდეს. „ვენიუს“ რესპონდენტი „მეხსიერების აკადემიის“ დამფუძნებელი და ტრენერი გიორგი ცინარიძეა. გიორგი მოგიყვებათ მეთოდებზე, რომლებსაც გონებრივი შესაძლებლობებისა და სწავლისადმი დამოკიდებულების აბსოლუტურად შეცვლა შეუძლია.

მეხსიერების აკადემიის შექმნისა და იდეის გაჩენის ამბავი.

მეხსიერების აკადემიის შექმნის იდეა გამიჩნდა პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე. ცოტა ღრმა წარსულიდან რომ დავიწყოთ, სკოლაში არასოდეს გამოვირჩეოდი განსაკუთრებულად კარგი მეხსიერებითა და სწავლის უნარით. კარგად მახსოვს, საათობით როგორ ვიჯექი წიგნებთან, მეგონა, კარგად დავიმახსოვრე, მაგრამ მეორე დღეს ინფორმაციის ნახევარი აღარ მახსოვდა. იმის გამო, რომ სწავლა ჩემთვის იყო რთული, დამღლელი, ხანგრძლივი, მოსაბეზრებელი და უშედეგო პროცესი, ხშირად ვფიქრობდი, რომ უნიჭო ვიყავი, ან არ მქონდა კარგი მეხსიერება და მოტივაციასაც ვკარგავდი.  რამდენიმე წლის წინ, სრულიად შემთხვევით აღმოვაჩინე ონლაინკურსი, რომელიც მეხსიერებისა და სწავლის უნარის გაუმჯობესების შესახებ იყო. თავიდან ცოტა სკეპტიკურად შევხედე. მეგონა რომ ადამიანის გონებრივი შესაძლებლობები ფიქსირებულია და ან გაქვს რაღაცის ნიჭი, ან – არა.

ინტერესის გამო მაინც დავიწყე ამ კურსის სწავლა და აღმოვაჩინე, რომ თურმე არსებობს ისეთი მეთოდები, რასაც არ გვასწავლიან არც სკოლაში, არც უნივერსიტეტში და ამ მეთოდებს შეუძლია რადიკალურად შეცვალოს შენი გონებრივი შესაძლებლობები და სწავლისადმი დამოკიდებულება.

ამის შემდეგ დავიწყე ამ თემების სიღრმისეულად სწავლა და პრაქტიკაში გამოყენება. შემდეგ, დავინტერესდი საქართველოში ვინმეს თუ საუბრობს მსგავს თემებზე და აღმოვაჩინე, რომ სწავლისა და დამახსოვრების მეთოდების სწავლა პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტე, შემექმნა პირველი „მეხსიერების აკადემია“ საქართველოში და 2017 წლიდან დღემდე აქტიურად ვეხმარებით ადამიანებს.

რამდენად რეალურია, სუპერმეხსიერების მქონე ადამიანად გახდომა?

ყველა ადამიანს შეუძლია გაზარდოს სწავლისა და დამახსოვრების შესაძლებლობები. ამ ყველაფერს არ სჭირდება არც ნიჭი და არც რაიმე განსაკუთრებული უნარები. ასევე, არ აქვს მნიშვნელობა ასაკს. საკმარისია გაიგო, როგორ სწავლობს და იმახსოვრების ადამიანის ტვინი ყველაზე ეფექტიანად, შემდეგ ისწავლო რამდენიმე მეთოდი და დანერგო პრაქტიკაში. ეს ყველაფერი კი დაგეხმარება იმაში, რომ ისწავლო და დაიმახსოვრო შენთვის საჭირო ინფორმაცია მინიმუმ 3-ჯერ სწრაფად, ვიდრე ამას ახლა აკეთებ. ასევე, ხშირად ადამიანებს ჰგონიათ, რომ ეს ყველაფერი საჭიროა მხოლოდ მაშინ, თუ მეხსიერების პრობლემები აქვთ. რეალურად კი – არ აქვს მნიშვნელობა რამდენად კარგი მეხსიერება გაქვს, ყოველთვის შეიძლება უკეთესი შედეგები გქონდეს.

საბოლოო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ ყველა ადამიანის შეუძლია გახდეს სუპერმეხსიერების მქონე, თუ ისწავლის კონკრეტულ მეთოდებს და, რაც მთავარია, გამოიყენებს რეგულარულად ყოველდღიურ ცხოვრებაში. ეს უკანასკნელი არის გადამწყვეტი ფაქტორი, რადგან მეხსიერების გაუმჯობესება ძალიან ჰგავს, მაგალითად, ფიზიკური ვარჯიშს.  არ მინდა ვინმეს ეგონოს, რომ ჩვენ ჯადოსნური ჯოხი გვაქვს და ხალხს სუპერმეხსიერებას ვაძლევთ. ჩვენ ვასწავლით სწორ მეთოდებს, რომლებსაც სჭირდება ყოველდღიურ ცხოვრებაში რეგულარულად გამოყენება და შედეგიც აუცილებლად დადგება.

როგორია ზოგადი მეთოდოლოგია?

უპირველესად, დავიწყოთ იქიდან, თუ როგორ სწავლობენ და იმახსოვრებენ ადამიანები. სამწუხაროდ, უმეტესობა იყენებს სწავლის ტრადიციულ მეთოდს – დაზეპირებას. მაგალითად, მე სკოლაში მასწავლეს, რომ თუ მინდა დავიმახსოვრო, მაგალითად, უცხო სიტყვები, საუკეთესო გზა – დაზეპირება, ოცდაათ ხაზზე გამოწერა და მსგავსი მეთოდებია. დამეთანხმებით, რომ დაზეპირებას სჭირდება საკმაოდ დიდი დრო, არის ძალიან მოსაბეზრებელი და, რაც მთავარია, უშედეგო, რადგან დაზეპირებული ინფორმაციის უდიდესი ნაწილი მალევე გავიწყდება. საბოლოო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ სწავლისა და დამახსოვრების ტრადიციული მეთოდები რადიკალურად ეწინააღმდეგება იმას, თუ როგორ მუშაობს ადამიანის მეხსიერება. მარტივად რომ ვთქვათ, ტვინი ბევრად სწრაფად აღიქვამს და იმახსოვრებს ვიზუალურ ინფორმაციას, ვიდრე სხვა დანარჩენს. რეალურად ვიზუალური მეხსიერება მგრძნობელობითი მეხსიერების შემდეგ ყველაზე ძლიერია. სწორედ ამიტომ, დამახსოვრების ტექნიკები მორგებულია ინფორმაციის სურათებად გარდაქმანასა და წარმოსახვაზე. ერთი შეხედვით შეიძლებ იფიქროთ, რომ ყველაფერს ასე ვერ დაიმახსოვრებთ, მაგრამ დამერწმუნეთ, ეს მიდგომა შესაძლებელია მოერგოს ყველა ტიპის ინფორმაციას იქნება ეს უცხო ენები, რიცხვები, ისტორიული ფაქტები და თარიღები, ადამიანების სახელები და სახეები, წიგნები, მუსიკალური ნოტები თუ სხვა. ამ ყველაფერზე დეტალურად ინფორმაციის მისაღებად და სხვადასხვა მეთოდების სასწავლად შეგიძლიათ „მეხსიერების აკადემიის” YouTubeარხს ესტუმროთ.

რამდენად დიდია დაინტერესება?

ბოლო 4 წლის განმავლობაში 3 000-ზე მეტი ადამიანი ჩაერთო ჩვენს აქტივობებში. ასევე, გვყავს 250-მდე კურსდამთავრებული, რომლებმაც გაიარეს მეხსიერების აკადემიის გრძელვადიანი ტრენინგკურსები. ზოგადად გვაქვს 1-თვიანი პრაქტიკული კურსი, პანდემიის პერიოდში კი, დაინტერესებულ პირებს ვთავაზობთ ონლაინკურსებს. ტრენინგების შესახებ დეტალური ინფორმაციის ნახვა მეხსიერების აკადემიის Facebookგვერდზეა შესაძლებელი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

ვაქცინირებული მოსახლეობისთვის სასტუმროები, რესტორნები და ღამის კლუბები გაიხსნება

ავტომობილი „ელენა“ – თელაველმა კაცმა მეუღლის სახელობის მანქანა შექმნა