in

რუსკა ჟორჟოლიანი – „სხვა გზა არ არის”

„სხვა გზა არ არის“ – წარმატებული ადამიანები სხვადასხვა სფეროდან გვიყვებიან თავიანთი ცხოვრების ყველაზე რთული ეპიზოდის შესახებ, რომელიც წარმატებით გადალახეს და იმაზე უფრო ძლიერები და წარმატებულები გახდნენ, ვიდრე ამ რთულ ეპიზოდამდე იყვნენ. პროექტის მიზანია, მოტივაცია მივცეთ იმ ადამიანებს, რომლებიც ახლა გადიან კარიერაში რთულ პერიოდს.

იტალიაში პირველად 11 წლის ასაკში, დევნილი ბავშვების დახმარების პროგრამით მოხვდა. მას შემდეგ, იმ ოჯახთან, რომელმაც ფაქტობრივად იშვილა, კავშირი არ გაუწყვიტავს. 2007 წელს კი, ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე, სასწავლებლად გადმოვიდა – პალერმოს სახელმწიფო უნივერსიტეტში ჯერ ბაკალავრის, შემდეგ კი მაგისტრის ხარისხი აიღო ფილოსოფიაში. 2015 წელს პირველი იტალიურ ენაზე დაწერილი რომანი გამოსცა. ჩვენი რუბრიკის სტუმარია გალიდან დევნილი იტალიუერენოვანი ქართველი მწერალი – რუსკა ჟორჟოლიანი.

ამბავი

ძალიან რთულია, უცხო ქვეყანაში, ისეთ კომპლექსურ და სპეციფიურ გარემოში გზის გაკვლევა, როგორიც ამა თუ იმ ერის კულტურის სამჭედლო, საუკუნეების განმავლობაში დალექილი მისი სულიერი პოტენციის დვრიტა – ლიტერატურაა. მით უმეტეს, როცა კაციშვილი არ გყავს დამხმარე თუ დამკვალიანებელი, როცა შენი იდენტობის ბეწვის ხიდზე გადიხარ და ერთი მხრიდან საკუთარი ენის და კულტურის დაკარგვის უფსკრული შემოგყურებს, მეორე მხრიდან კი – ახალი კულტურის სივრცეში მოსალოდნელი უნაყოფო ნახტომი.

იმედი, თუ დამიკარგავს…

არაერთხელ ვყოფილვარ იმედის დაკარგვის ზღვარზე, თუმცა, ყოველ ჯერზე, რაღაც შინაგანი ხმა ყრუდ, შორიდან, მიმანიშნებდა, რომ სწორი მიმართულება მეჭირა, რომ ეს ბეწვის ხიდი, ადრე თუ გვიან, მთლად შარად თუ არა, საცალფეხო ბილიკად მაინც იქცეოდა; რომ, მარტოობის შეგრძნების მიუხედავად, მარტო არ ვიყავი.

როგორ შევძელი დაბრკოლებების გადალახვა…

ერთი ასეთი გამოთქმა აქვთ ლათინებს – „აი, როდოსი, აქ გადახტი!”. საქმით დაამტკიცე, თუ რამე შეგიძლიაო. მეც ვეცადე, ისე გადავმხტარიყავი ამ ბეწვის ხიდიდან, იმ ორი პირდაფჩენილი უფსკრულისკენ თვალი არ გამეპარებინა. და მგონი, გავედი სამშვიდობოს.

– რას ეტყვით/ურჩევთ იმ ადამიანებს, რომლებიც ახლა არიან მძიმე დაბრკოლებების წინაშე?

როგორც ბავშვობაში მდინარის დინებაზე გვეუბნებოდნენ, დიდხანს არ უყურონ უფსკრულს.

ბევრი ფიქრის გარეშე – ან გადახტნენ, ანდა ნაპირს გაეცალონ. ორივე არჩევანი გზაა, ქმედება, მოძრაობა, რეალობისთვის ხელის ჩაჭიდება.

სწორი გზა არ არსებობს, ყველა გზა თავისებურად დაკლაკნილი და დახლართულია, მთავარია, გზა იყოს, ვინაიდან ცხოვრება სხვა არაფერია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

ირუ ხეჩანოვის კლიპი ინტერნეტსივრცეს იპყრობს

„მასტერშეფის“ ისტორიული ფინალი – შოუ, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ