in

ნინა ლინჩიკი – „სხვა გზა არ არის“

„სხვა გზა არ არის“ – წარმატებული ადამიანები სხვადასხვა სფეროდან გვიყვებიან თავიანთი ცხოვრების ყველაზე რთული ეპიზოდის შესახებ, რომელიც წარმატებით გადალახეს და იმაზე უფრო ძლიერები და წარმატებულები გახდნენ, ვიდრე ამ რთულ ეპიზოდამდე იყვნენ. პროექტის მიზანია, მოტივაცია მივცეთ იმ ადამიანებს, რომლებიც ახლა გადიან კარიერაში რთულ პერიოდს.

როგორც ამბობს, მისი ცხოვრება ორ ნაწილად იყოფა – „მანამდე“ და „ახლა“. ორი წლის წინ, სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს – იბრძოლა, გაიმარჯვა და წიგნიც გამოსცა. „ესეც გაივლის” მისი საქველმოქმედო პროექტია. გაყიდული წიგნებიდან თანხა კი, ისევ ონკოპაციენტებისთვის დაგეგმილ აქტივობებს მოხმარდება.  ნინა ლინჩიკი ამჟამად საფრანგეთში ცხოვრობს – გვიყვება განვლილ ორ წელსა და იმ გამოცდილებაზე, რომელიც არაერთი ადამიანის მოტივაციის წყაროდ შეიძლება იქცეს.

ცხოვრება „მანამდე“ და „ახლა“

ვინ ვარ მე? ეს არის შეკითხვა საიდანაც იწყება ჩვენი გაცნობიერებული არსებობა. ჩემი ცხოვრება ორ ნაწილად იყოფა: მანამდე და ახლა. მანამდე ვცხოვრობდი თბილისში. პროფესიით ფსიქოლოგი, ვსწავლობდი კლინიკური ფსიქოლოგიის მაგისტრატურაზე. ჩართული ვიყავი ინოვაციურ პროექტებში, მქონდა იდეები, რომლებზეც აქტიურად ვმუშაობდი და სამყაროს შეცვლაზე ვოცნებობდი, მაგრამ ერთ დღესაც, ოცნებები დაიმსხვრა – ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზი დამისვეს. ძალიან სწრაფად გადაწყდა ჩემი საფრანგეთში გამგზავრება. ნამსხვრევებზე კი, ფაქტობრივად, ახალი სამყაროს შენება დავიწყე: მკურნალობის დასრულებიდან ერთი წლის შემდეგ, გამოვეცი წიგნი „ესეც გაივლის,” რომელიც პასუხს გასცემს შეკითხვას: „როგორ გაიმარჯვე სიმსივნეზე?“ პროექტის განხორციელებაში ასოციაცია „ქართველები საფრანგეთში“ დამეხმარა. სულ ახლახან გვქონდა წიგნის ონლაინპრეზენტაცია და დიდი გამოხმაურება მივიღეთ. ამიტომ, ასოციაციის გადაწყვეტილებით, წიგნის ხელახალი პრეზენტაცია სექტემბერში ჩაინიშნა ქალაქ პარიზში, სადაც ყველა მსურველს ექნება საშუალება, მოვიდეს, პირადად გამიცნოს,  გამესაუბროს, გაეცნოს წიგნს და, სურვილის შემთხვევაში, მონაწილეობა მიიღოს საქველმოქმედო პროცესშიც – შეიძინოს წიგნი.

ჯერ კიდევ მკურნალობის პერიოდში დავიწყე აქტიური თანამშრომლობა ფსიქოლოგებსა და ონკოლოგებთან. რადგანაც სხვადასხვა ქვეყანაში  ვცხოვრობთ, ამ ეტაპზ,ე ლაივის ფორმატში ვაწვდით ონკოპაციენტებს მათთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას. ვფიქრობ, ეს არის ერთ-ერთი მაგალითი – დისტანციურ პირობებში ანუგეშო და იმედი ჩაუსახო ადამიანებს, ვისაც ეს ძალიან სჭირდება.

ამბავი

2019 წლის ზაფხულის მიწურულს საშინელი ხველა და სუნთქვის გაძნელება დამატყდა თავს, ცოტა ხანში ნაბიჯების გადადგმაც ვერ შევძელი.

ერთ დღეს, მეუღლე მოდის და მეუბნება: „ნინა, იცი, წინ დიდი ბრძოლა გველის, მაგრამ იცოდე, ბოლომდე შენთან ვარ და ერთად მოვიგებთ ომს”. ამ დღეს გავიგე, რომ არაჰოჯკინის ლიმფომა, სისხლის სიმსივნის აგრესიული ფორმა მქონდა. პატარა, გამხდარი გოგო, 11 სმ ზომის წარმონაქმნს ვატარებდი სხეულით. ბოლომდე ვერ ვაცნობიერებდი, რა ხდებოდა ჩემს თავს, ვერ ვხვდებოდი, რა იმალებოდა უცნაური ღიმილისა და ზრუნვის მიღმა, ადამიანებისგან რომ ვიღებდი.

დიაგნოზის გაგების დღიდან ჩემმა გონებამ გამარჯვება აირჩია. ჯერ კიდევ კლინიკაში მყოფმა ტკივილისგან აკანკალებული ხელებით მივწერე წერილი სიმსივნეს, რომელსაც მკითხველი წიგნში “ესეც გაივლის” წაიკითხავს. ამის შემდეგ ფეისბუქზე, საჯაროდ დავდე პირობა, რომ დიაგნოზი ვერასდროს გახდებოდა განაჩენი. არ ველოდი, იმდენი სითბო, სიყვარული და გამამხნევებელი შეტყობინება მივიღე. მომწერა ჩემმა პროფესორმაც, ბატონმა ნოდარ სარჯველაძემ, რომელმაც დამარწმუნა რომ უდიდეს მისიას ვატარებდი. მისი სიტყვები გახდა ჩემთვის მამომიტივირებელი ძალა, რის შემდეგაც არ შევჩერებულვარ და ეტაპ-ეტაპ ვიმარჯვებ. სწორედ მისი რედაქტორობით გამოიცა წიგნი.
სიმსივნის გამოჩენის შემდეგ დავკარგე წარსული ცხოვრება. ვგრძნობ, ისეთი ნინა აღარ ვარ, როგორიც ვიყავი მანამდე, მაგრამ ვარ უკეთესი ნინა. დღეს მე ვიცი, რომ შეუძლებელი არაფერია, როცა გვერდით გყავს ადამიანების არმია, შენთან ერთად რომ იბრძვიან შენს გადასარჩენად.

სიმსივნესთან ბრძოლაში ვკარგავთ რაღაც მნიშვნელოვანს, მაგრამ რაღაც უფრო ძვირფასს ვიძენთ. ეს დანაკარგიც და შენაძენიც ყველა ონკოპაციენტმა თვითონ უნდა აღმოაჩინოს საკუთარ თავში.

იმედი, თუ დამიკარგავს…


იმედი ბევრჯერ დამიკარგავს, მაგრამ არა სიმსივნესთან ბრძოლის გზაზე. ბავშვობიდან გამოუსწორებელი ოპტიმისტი ვარ. ყველა სიტუაციაში შემიძლია დავინახო ნათელი წერტილი, მას ჩავებღაუჭო და ვაქციო საკუთარ შესაძლებლობად. ვფიქრობ, ეს დედას დამსახურებაა, ბავშვობიდან შთამაგონებდა, რომ მფარველი ანგელოზი მიცავდა. ალბათ იქ, სადღაც არაცნობიერის კუნჭულებში ყველას თავისი მფარველი ანგელოზი ჰყავს, რომელსაც რთულ სიტუაციებში ვპოულობთ და ვესაუბრებით ლოცვით.

დიაგნოზი – ეს ერთადერთი გზაა, სადაც უიმედობა დამღუპველია. კიბოსთან ბრძოლისას დროში ხარ შეზღუდული. ყველგან შენ უნდა დაასწრო. ამიტომ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა დროულ დიაგნოსტირებას. სიმპტომების შემჩნევისთანავე უნდა მიაკითხო ექიმს. სიმსივნე მაშინ გერევა, როცა ფსიქოლოგიურად გასუსტებს.

უიმედობაც დასუსტებული ფსიქიკის გამოვლინებაა. ამიტომ, როცა ონკოპაციენტი ხარ და უიმედობის მარწუხებს იგრძნობ, სასწრაფოდ უნდა მოიცილო, როგორც სარეველა. ბევრი მეუბნება, რომ მე ძლიერი ვარ, რადგან

სიმსივნე დავამარცხე და ახლა, სხვა ონკოპაციენტებისთვის ვარ მოტივატორი. რეალურად, ჩემი სიძლიერე სისუსტეებით ნაშენი კედელია, რადგან თუ არ გეშინია, ვერ იქნები მამაცი, თუ არ გტკივა, ვერ შეიგრძნობ ბედნიერებას, თუ არ წაბორძიკდი, ვერ იქნები წარმატებული და თუ არ დაეცი, ვერ გაიმარჯვებ.

როგორ შევძელი დაბრკოლებების გადალახვა…

სიცოცხლის წყურვილით, მუდმივი მოძრაობით და წერით. დიაგნოზის გაგების შემდეგ იმდენად შემიყვარდა სიცოცხლე, უბრალოდ საკუთარ თავს არ მივეცი დანებების უფლება. ერთ დღესაც დავდექი სარკის წინ და ვთქვი: – ნინა, შენ უკან დასახევი გზა არ გაქვს. ერთხელ მაინც თუ აგიკანკალდება ფეხი, თუ ნაბიჯს უკან გადადგამ, დაიღუპები. სხვა გზა არ არსებობს, არსებობს ერთადერთი გზა და ეს ბრძოლის გზაა. ეს გამარჯვების გზა აღმოჩნდა ჩემთვისაც.

უნდა ვახსენო ანიმე – „ნარუტო“, რომელმაც მასწავლა რესურსების აღმოჩენა საკუთარ თავში. ქიმიოთერაპიის დღეებში ვუსმენდი სამოტივაციო ვიდეოებს „ნარუტოდან“ და ეს ძალიან მეხმარებოდა.

ზოგადად, ინდივიდუალისტი ვარ, ვცდილობ, რესურსები ჯერ საკუთარ თავში მოვიძიო და მივცე განვითარების საშუალება. ჩემი წიგნიც მოიცავს შინაგანი რესურსების აღმოჩენასა და მათ გარდაქმნას სიმსივნის წინააღმდეგ ბრძოლის იარაღად. დაბრკოლება რომ დაძლიო, ყველაფერი უნდა იცოდე მასზე.

რას ეტყვით/ურჩევ იმ ადამიანებს, რომლებიც ახლა არიან მძიმე დაბრკოლებების წინაშე?

უპირველეს ყოვლისა, ვურჩევ, სიმშვიდის შენარჩუნებას. დაბრკოლებას არ უხდება პანიკა. თუ მაინცდამაინც გენერვიულებათ მოუსმინეთ თქვენს სხეულს, ჰკითხეთ, რა დაგეხმარებათ დამშვიდებაში, დაბრკოლების გადალახვაში. ჩამოწერეთ ყველა შესაძლებლობა და დაალაგეთ პრიორიტები. როცა უეცარ შფოთვას ან შიშს იგრძნობთ, ისუნთქეთ ღრმად და რაც შეიძლება ხშირად უმეორეთ საკუთარ თავს, რომ ეს დროებითია, ესეც გაივლის. შიშიც და შფოთვაც შენი არსებობის გამოძახილია. აქ კი ჯეკ მაას სიტყვებს გამოვიყენებ: „დღევანდელი დღე რთულია, ხვალინდელი უფრო უარესი იქნება, ზეგ კი აუცილებლად გამოანათებს მზე!“

დავაკვირდი, როდესაც ვინმე მარცხდება, შენი თვითშეფასებაც ეცემა. რაღაცნაირად იჯერებ, რომ მან თუ ვერ შეძლო, შენც ვერ შეძლებ. მივხვდი, მცდარი აზრია, ამიტომ ყოველთვის ვურჩევ საკუთარ თავსაც და სხვებსაც, რომ არასდროს გააიგივოთ თავი სხვასთან, სხვის დაბრკოლებასთან. „თუკი ვინმე ბრძოლის გზაზე დამარცხდა, არ ნიშნავს, რომ მეც იგივე გელის.“ – ეს სიტყვები ჩემი წიგნის დევიზადაც მაქვს გამოყენებული.

ჩიხური მდგომარეობა შენი შესაძლებლობაა, თქვი – „სხვა გზა არ არის” და შეუტიე დაბრკოლებას.

სიმსივნის ქონა არ არის განსაკუთრებული მდგომარეობა, იგი ერთ-ერთი ცხოვრებისეული დისკომფორტია. საბოლოოდ კი, მაშინ ამარცხებ დაბრკოლებას, როცა შენს ფიქრებში ადგილს აღარ უტოვებ.

როგორ მდგომარეობაშიც არ უნდა იყო, შრომისმოყვარეობით, არდანებებით და მუდმივი მოქმედებით, მიზნის მიღწევა შესაძლებელია. ყველაზე ტკბილი გამარჯვება ყველაზე ეკლიან გზებზე მიიღწევა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

უკრაინელი მომღერალი JEVAGA საქართველოში გადაღებულ კლიპს აქვეყნებს

რა არის შარიათის კანონი და რას უკრძალავს ავღანელ ქალებს