in

#სტარტაპი „ლევიოსა“ – ცეკვის, ვარჯიშისა და მოძრაობის ახალი სივრცე

30 მარტს, პოლიტკოვსკაიას #3-ში, საცხოვრებელი კომპლექსში „შენი სახლი ჯიქიაზე“  ცეკვის, ვარჯიშისა და მოძრაობის სტუდია „ლევიოსა“ იხსნება. ჩვენ კი მისი დამფუძნებლები – თამთა, გიორგი და ბუბა ვართ – ახლად შექმნილი პატარა ოჯახი, რომელიც ამავე ეზოში ცხოვრობს.

რა პროდუქტზე მუშაობს თქვენი სტარტაპი?

ჩვენი სურვილია, რომ შევქმნათ თავისუფალი, მეგობრული და მყუდრო სივრცე, სადაც ნებისმიერ ადამიანს გაუხარდება მოსვლა და თავისუფალი დროის სასიამოვნოდ გატარება. პირველ ეტაპზე, სტუმრებისთვის ჯგუფური აქტივობების საკმაოდ მრავალფეროვანი ჩამონათვალი გვაქვს:

  • ცეკვის თერაპია
  • დილის პილატესი
  • არგენტინული ტანგო
  • მთელი ტანი + პრესები
  • ოცნება ბალეტზე
  • საბავშვო ტანვარჯიში
  • პანტომიმა და პლასტიკა

როგორ გაჩნდა სტარტაპის იდეა?

2020 წლის დასაწყისში ოჯახი შევქმენით და მალე გავიგეთ, რომ ბუბას ველოდებოდით. ეს, რა თქმა უნდა, უდიდესი სიხარული იყო ჩვენთვის, თუმცა ამ ბედნიერ პერიოდს პანდემია დაემთხვა და უცბად ყველანი ახალ, ძალიან უცნაურ რეალობაში აღმოვჩნდით. სტრესთან გასამკლავებლად მე და გიორგიმ ძალიან სახალისო გზა ვიპოვეთ – ის, რაც ორივეს ძალიან გვიყვარს და გვამხიარულებს – ცეკვა! ჰოდა, ზუსტად ასე ცეკვა-ცეკვით დაგვებადა იდეა, რომ შეგვექმნა სივრცე, სადაც ყველა შეძლებდა მათთვის სასურველი ფიზიკური აქტივობით დაკავებას, სტრესისგან გათავისუფლებას, ახალი ადამიანების გაცნობას და საკუთარი თავის ხელახლა აღმოჩენას.

რამდენი ადამიანი მუშაობს პროექტზე?

სტუდიის მთავარ ბირთვს ჩვენი ინსტრუქტორები და მასწავლებლები წარმოადგენენ. მათ გარეშე, რა თქმა უნდა, ლევიოსა ვერ იარსებებს, რადგან მე და გიორგი მხოლოდ მოყვარულები ვართ. საბედნიეროდ, ირგვლივ საუკეთესო გუნდი შემოვიკრიბეთ და მის გაზრდას მომავალშიც ვგეგმავთ. ამჯერად ზემოთ ჩამოთვლილ ჯგუფებს შესაბამისი ინსტრუქტორები ჰყავთ და თითოეული მათგანის შესახებ ჩვენს facebook-ზე საკმაოდ ვრცლად გვიწერია.

ასევე, აუცილებლად უნდა ვახსენოთ ის ადამიანები, რომლებიც იდეის გაჩენიდან დღემდე გვერდში გვიდგანან და გვეხმარებიან – ჩვენი ოჯახის წევრები, მეგობრები, მეზობლები, ნაცნობები და ა.შ.

რას ნიშნავს თქვენი სტარტაპის სახელწოდება?

ალბათ, ფენტეზის თაყვანისმცემლები თავიდანვე მიხვდებოდნენ, რომ ჩვენი სახელისა და ლოგოს ინსპირაცია ჰარი პოტერის სამყაროდან მოდის. WingardiumLeviosa არის შელოცვა, რომელიც ნივთებს ფრენის უნარს ანიჭებს.

 ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ სცენაში კი ჰერმიონ გრეინჯერი ჰაერში სწორედ ბუმბულს ააფრენს – ზუსტად ამ სცენიდან გამომდინარე გახდა ბუმბული ჩვენი იდენტობის ნაწილი, როგორც სიმსუბუქისა და გონიერების სიმბოლო.

აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ლოგოზე დიზაინერმა სალომე საბანაძემ იმუშავა და ზუსტად ისეთი ფერადი, ჰაეროვანი და განსაკუთრებული ვიზუალი შექმნა, როგორიც ლევიოსა წარმოგვიდგენია.

რა სირთულეები შეგხვდათ იდეის განხორციელებისას?

არ ვიცი, რას გიპასუხებდით ამ კითხვაზე 2020 წლამდე, მაგრამ ახლა ერთადერთ სირთულეს ჩვენთვის კორონა წარმოადგენს. რეალურად, ლევიოსა ჯერ კიდევ შემოდგომაზე უნდა გაგვეხსნა, თუმცა „მეორე ტალღა“ წამოგვეწია და ცოტა ხნით უარი ვთქვით იდეის განხორციელებაზე. ალბათ, ახლაც ძალიან ვრისკავთ, რადგან პანდემიას ჯერ კიდევ არ ჩაუვლია, მაგრამ ოპტიმისტები ვართ და გვჯერა, რომ ყველაფერი კარგად იქნება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

გორილების დასახმარებელ საქველმოქმედო ორგანიზაციას $350,000-ზე მეტი შემოწირულობა შეუგროვდა

ვოისი

ქართველი კონკურსანტები გლობალური „ვოისის“ ფავორიტები გახდნენ