in

ქართველი კონკურსანტები გლობალური „ვოისის“ ფავორიტები გახდნენ

​მუსიკალური მეგაშოუ „ვოისის“ კონკურსანტების წარმატება საქართველოს გასცდა და მსოფლიო მაყურებლის ყურადღება მიიპყრო. მარიამ შენგელიას, სალომე მირიანაშვილისა და მაგდა ივანიშვილის მუსიკალური პერფორმანსები „ვოისის“ გლობალურ ვიდეოში მოხვდა. 

რას ნიშნავს ეს? 

„ვოისი“ მსოფლიო მასშტაბით არჩევს საუკეთესო შემსრულებლების ნომრებს და მათ ერთ ვიდეოში უყრის თავს, რაც ყველა მონაწილეს საშუალებას აძლევს, საკუთარი თავი მსოფლიო აუდიტორიას გააცნოს. გლობალური „ვოისის“ იუთუბის არხები ჯამში 9 მილიონზე მეტ გამომწერს აერთიანებს.

Venue. მარიამს, სალომესა და მაგდას იმ წარმატებაზე ესაუბრა, რაც მათ ბრმა არჩევანზე გამოსვლას მოჰყვა.   

მაგდა ივანიშვილის ვიდეო გლობალური „ვოისის“ ფავორიტი ორჯერ გახდა. ის ჯერ კვირის საუკეთესო ვიდეოებში მოხვდა, და შემდეგ უკვე, თვის საუკეთესო პერფორმანსებში.

“სიმართლე გითხრათ, ორივეჯერ, ჩემმა მეგობრებმა გამომიგზავნეს ვიდეო და ძალიან გამიხარდა, მთელი დღე კომენტარებს ვკითხულობდი და მილოცვებს ვიღებდი. რაც მთავარია, უდიდესი მოტივაცია მომეცა, რომ კიდევ ბევრი ნომერი მოხვდეს გლობალური „ვოისის“ ოფიციალურ გვერდზე“, – გვიყვება მაგდა ივანიშვილი. 

მარიამ შენგელიას ვიდეო კვირის საუკეთესო პერფორმანსებში მოხვდა. მის შესრულებას „ვოისის“ იუთუბის ოფიციალურ არხზე უამრავი დადებითი შეფასება მოჰყვა. 

მარიამ შენგელია: „თავიდან არც ვიცოდი და არც ველოდი, რომ შეიძლებოდა მსგავსი რამ მომხდარიყო. მახსოვს, ჩემმა მეგობრებმა დამირეკეს და მილოცავდნენ. ვერ ვხვდებოდი, რა მოხდა. თუმცა, ყველაზე მაგარი შეგრძნება ის იყო, რომ მთავარ ფოტოზე ვიყავი გამოსახული და ვიდეოს სანახავად რომ შევედი, გავგიჟდი, შოკში ვიყავი. მართლა საოცარი შეგრძნებაა, გლობალური „ვოისი“ რომ აქვეყნებს შენს ვიდეოს, და კიდევ უფრო მაგარი შეგრძნება დამეუფლა, როცა კომენტარებს გადავხედე – უამრავი დადებითი გამოხმაურება მოჰყვა, წერდნენ რომ ქართველი კონკურსანტის გამოსვლა გამორჩეული იყო. მოკლედ, ბედნიერი ვარ და იმედი მაქვს, ისეთ ნომრებს შემოგთავაზებთ, რომ გლობალურ „ვოისზე“ კიდევ უფრო მეტჯერ მოვხდეთ“.

სალომე მირიანაშვილისთვის გლობალურ „ვოისზე“ მოხვედრა მოულოდნელი იყო, თუმცა ამ ფაქტმა საკუთარ შესაძლებლობებში კიდევ უფრო დაარწმუნა. 

სალომე მირიანაშვილი: „ვოისი არის ჩემი საყვარელი პროექტი, რომლის დაბრუნებამაც ძალიან გამახარა და სწორედ ამის გამო დავრჩი საქართველოში. იმ პერიოდში უკვე აშშ-ში ვაპირებდი გამგზავრებას. პირველი ყველაზე დიდი სიხარული იყო, როდესაც ბრმა არჩევანზე მომიტრიალდნენ მწვრთნელები, მათ დანახვაზე საოცარი შეგრძნება დამეუფლა. „გლობალზე“ მოხვედრა იმდენად მოულოდნელი იყო, არ მჯეროდა, მიუხედავად იმისა, რომ ვიცი საკუთარი შესაძლებლობები. ვთვლი, რომ მაქვს ინდივიდუალიზმი და ალბათ, ეს რომ შეამჩნიეს, ამიტომაც აარჩიეს ჩემი პერფორმანსი სხვა საერთაშორისო გამომსვლელებთან ერთად“.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

#სტარტაპი „ლევიოსა“ – ცეკვის, ვარჯიშისა და მოძრაობის ახალი სივრცე

ტაილანდი ძაღლებს COVID-19-ით დაავადებული ადამიანების აღმოჩენაში წვრთნის