მეგაშოუ „The Voice“ საქართველოში 2012 წლიდან ტარდება. წელს „საქართველოს პირველი არხი“ მაყურებელს მე-4 სეზონს სთავაზობს. პროექტის მონაწილეებს მენტორობას ოთხი განსხვავებული ჟანრის მუსიკოსი – სტეფანე მღებრიშვილი, სალომე (სალიო) კორკოტაშვილი, ნიკოლოზ რაჭველი და ნიაზ დიასამიძე უწევს.
Venue. თითოეული მწვრთნელის ექვსეულს გაესაუბრა. დღეს ნიკოლოზ რაჭველის გუნდის წევრებმა ჩვენს შემდეგ კითხვებს უპასუხეს:
- რამ გადაგაწყვეტინათ „ვოისში“ მონაწილეობა?
- რა განცდა დაგეუფლათ, როდესაც პირველად გახვედით სცენაზე?
- რა დაგამახსოვრდათ ყველაზე მეტად?
- როგორი დამოკიდებულება გაქვთ კონკურსანტებს ერთმანეთთან?
- რა სირთულეებს აწყდებით ნომრების მომზადების დროს?
- რით ამხნევებთ თქვენს თავს, სანამ სცენაზე გახვალთ?
- როგორ ირჩევა რეპერტუარი?
- როგორი ურთიერთობა გაქვთ „მწვრთნელთან“?
- რა თვისებებს უნდა ფლობდეს მუსიკოსი „ვოისში“ გასამარჯვებლად?
- როგორ შეაფასებდით თქვენ შანსებს გასამარჯვებლად?
მარიტა ცეცხლაძე
პროექტში მონაწილეობის გადაწყვეტილება ღრმა ბავშვობაში მივიღე. მას შემდეგ წლებს ვითვლიდი და მჯეროდა რომ დადგებოდა დრო, როდესაც მე ვიმღრებდი „ვოისის“ სცენაზე. დღეს არსებულ სატელევიზიო პროექტებს შორის „ ვოისი“, თავისი ფორმატით, ყველაზე სრულყოფილად წარმოაჩენს შემსრულებლის მუსიკალურ მონაცემებს და ჩემთვის ეს დიდი გამოწვევა იყო – მე მიყვარს სირთულეების დაძლევა.
ჩემთვის ვოისის სცენა იმ წითელი კარიდან დაიწყო რომლის გაღების შემდეგ ერთი ნაბიჯი გადავდგი და შევაბიჯე ზღაპრულ სამყაროში, სადაც ოცნებები მართლა ხდება და პირველივე ნოტიდან მივხვდი რომ შიში სადღაც უკვალოდ გაქრა. შიშთან ერთად, გაქრა დარბაზი თავისი მაყურებლებითა და ზურგით შებრუნებული სკამებით. დავრჩთ მხოლოდ მე და მუსიკა.
ვოისში გატარებული ყოველი წამი მახსოვს, მაგრამ ბლაინდის ემოციამ იმდენ ხანს გასტანა, რომ იმ ღამით საწოლიდან რამდენჯერმე ავდექი, რეალობაში დასარწმუნებლად გადავამოწმე ლურჯი მაისური და გულმოდგინეთ, დამარცვლით წავიკითხე ,,ნი-კას გუნ-დი“.
კონკურსანტები ჩემთვის ამ პროექტში ერთ-ერთი ყველაზე დიდი შენაძენია. მე არასდროს მყოლია გარშემო ამდენი თანამოაზრე. არასდროს აღმიქვამს ისინი კონკურენტებად, რადგან ჩვენ ერთმანეთს სტიმულს ვაძლევთ, რომ უკეთესად ვიყოთ. ყველა მახსოვს, ვინც ეს პროექტი დატოვა და ვთვლი, რომ ისინი უნიჭიერესი შემსრულებლები არიან.
სიმღრაზე მუშაობის ეტაპი ერთ ერთ ყველაზე საპასუხისმგებლოა. გიწევს სიმღერის ახალი ვერსიის შექმნა და მორგება თანაც ისე, რომ ეს მაყურებლისთვის მისაღები და საინტერესო იყოს. სიმღერაზე მუშაობის პროცესი შრომატევადია, მაგრამ სასიამოვნო. აცნობიერებ, რომ უკან გენიალური ბენდი გიდგას და ცდილობ მათთან კოლაბორაციით მაქსიმალური შედეგი დადო. დასრულებული ნამუშევარი ისე უნდა მიიტანო მსმენელამდე, რომ მწვრთნელისა და პედაგოგების ჩადებული შრომა და იმედები გაამართლო და რაც მთავარია ისიამოვნო იმ წუთებით, რომელიც შენი ახდენილი ოცნებაა.
სცენაზე გასვლის წინ ვცდილობ სიმარტოვეში ჩემს თავს ჩავუღრმავდე. რადგან დგება მომენტი, როდესაც მე ვრჩები მარტო ღმერთთან და ვიწყებ ლოცვას, მანამ, სანამ ისევ იმ წითელ კართან არ აღმოვჩნდები, შემდეგ იღება კარი და ყველაფერი თავიდან იწყება.
თავდაპირველად მწვრთნელს ვაწვდით სიმღერებს, რომლის შესრულებასაც ვისურვებდით. მაესტრო და ჩვენი მუსიკალური პროდიუსერები მანანა მორჩილაძე და ნათია ოქრუაშვილი (ნაჯო) ჩვენი ინტერესების გათვალისწინებით გვირჩევენ რეპერტუარს.
ამ პროექტში ჩემი მონაწილეობა მხოლოდ იმად ღირდა, რომ მაესტრო გამეცნო. მან მოიცვა ჩემი ცნობიერება სრულად და ყოველ ჯერზე, როდესაც მუსიკას რაიმე ფორმით ვეხები ვფიქრობ- რამდენად მოეწონებოდა ეს ჩემს მაესტროს. რამდენადაც დიდია მისი პროფესიონალიზმი იმდენად დიდია მისი ადამიანური ბუნება. ყოველთვის მიუწვდომელი მეგონა და თურმე შეიძლება ჩაეხუტო კიდეც. მის გარშემო მუდმივად იმდენი სითბო სინათლე და სიკეთეა რომ ყველას ბედნიერს გვხდის. იმდენად გულწრფელი და მართალია, რომ აღფრთოვანების გარეშე ვერ ვუსმენ. მაესტრო ჩემი დიდი მეგობარია. მისი გაცნობის შემდეგ დავრწმუნდი, რომ „ადამიანი ღმერთის ყველაზე დიდი და მშვენიერი ქმნილებაა“.
გასამაჯვებლად უპირობო შრომისმოყვარეობა, ჩამოყალიბებული მუსიკალური ინტელექტი, თავდაჯერებულობა, ინდივიდუალიზმი, მიზანდასახულობა, ბრძოლის უნარი, არ უნდა აშინებდეს დაბრკოლებებია საჭირო; გამარჯვებულის ყველა გამოსვლა უნდა იყოს დასამახსოვრებელი; უნდა შეეძლოს ემოციის მსმენელამდე მიტანა; ყოველ ჯერზე, სცენაზე მაქსიმალურად უნდა დაიხარჯოს; უნდა ჰქონდეს ჯანსაღი თვითშეფასება და რაც მთავარია უნდა იყოს გულწრფელი და ნამდვილი.
ყოველი ახალი ეტაპი ხელახლა დაბადებას ჰგავს. დასაწყისში, ალბათ ვერც ვიფიქრებდი, რომ აქამდე მოვიდოდი და დღეს ვხედავ, რომ მე შემიძლია გუშინდელზე უკეთესი ვიყო. ამ პროექტმა საკუთარი თავის რწმენა შემმატა. მაგრძნობინა, რა მნიშვნელოვანია, უამრავი ადამიანის თანადგომა. ამან ჩემი პასუხისმგებლობა გააორმაგა და ახლა ჩვენ, მე და ჩემი გულშემატკივრები ერთად მივდივართ წინ და მათ სჯერათ, რომ მე გამარჯვება შემიძლია.
ჯეკო გოგიტიძე
ჩემი ბავშვობის ოცნება იყო, რომ გამოვსულიყავი დიდ სცენაზე და საზოგადოებისთვის ფართომასშტაბოვნად გამეზიარებინა ჩემი შემოქმედება.
პირველი გამოსვლა საკმაოდ სანერვიულო აღმოჩნდა… ჩემს წინა გამომსვლელს არავინ შემოუტრიალდა და ცოტათი მაგანაც ამანერვიულა… თუმცა, რომ გავედი და გიტარაზე პირველი აკორდი ავიღე, ყველაფერი გადამავიწყდა და უბრალოდ ჩავთვალე, რომ სახლში ვმღეროდი, რამაც შედეგი ნამდვილად გამოიღო.
არასდროს დამავიწყდება ის მომენტი, როდესაც ბოლო წამზე ბატონი ნიკოლოზი შემომიტრიალდა.
კონკურსანტები ძალიან კარგი მეგობრები ვართ. კონკურენცია არ იგრძნობა. ყველამ ვიცით, რომ ეს პროექტია და ყველანი მზად ვართ ნებისმიერი შედეგისთვის.
ჯერჯერობით, მთელი ამ ხნის განმავლობაში არცერთი სიმღერის დროს სირთულე არ დამხვედრია წინ… ვნახოთ, სამომავლოდ რა იქნება.
სცენაზე გასვლის წინ რამდენჯერმე ღრმად ჩავისუნთქავ და საკუთარ თავს ვეუბნები, რომ მთავარია კარგად ვიმღერო, შედეგი არ მაინტერესებს.
პირველ რიგში, უმეტესწილად, ჩვენს აზრს ითვალისწინებენ პედაგოგები და ჩვენი მწვრთნელი, თუმცა ყოფილა ისეც, რომ ჩვენი აზრის გარეშეც უთქვამთ, რომ აუცილებლად ეს უნდა იმღეროო.
ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს ბატონ ნიკოლოზთან. ვფიქრობ, მისი სახით კარგი მეგობარი შევიძინე.
ჩემი აზრით, მუსიკოსი, რომელიც მოიგებს ვოისს, ის უნდა იყოს, პირველ რიგში, კარგი ლიდერი, სიმღერების ავტორი და ადამიანი, ვინც საკუთარ თავს მუსიკის გარეშე ვერ ჩათვლის სრულფასოვნად.
არ ვიცი გავიმარჯვებ თუ არა… კონკურენცია საკმაოდ დიდია… თუმცა რადგან აქამდე მოვედი, მგონია, რომ ახლა ჩემი ბათუმელი გულშემატკივარი დიდ როლს ითამაშებს ჩემი წარმატების მიღწევაში. წინ არის ყველაფერი! მთავარია, კარგად ვიმღერო, შედეგი ნაკლებად მაინტერესებს.
ვიოლეტა მგალობლიშვილი
ჩემი მიზანი და ფიქრი იყო, დამემტკიცებინა საკუთარი თავისთვის, რომ შემიძლია გავაკეთო რაღაც ღირებული და მოსმენადი, დამემტკიცებინა ჩემი გარშემომყოფებისთვის, რომ მხოლოდ მეგობრების წრეში მომღერალი არ ვიყავი და შემეძლო ფართო მასშტაბებისთვის გადამეცა ჩემი სათქმელი, მუსიკა ხომ ერთგვარი შეყობინებაა საზოგადოებისთვის. მინდოდა, ჩემი ოჯახი გამეხარებინა და ჩემს საყვარელ ადამიანებს, თუნდაც ის რამდენიმე წუთი, ჩემით ეამაყათ.
მეგონა, გული ამომივარდებოდა და სცენაზე წავიქცეოდი, გეფიცებით, მართლა მეგონა, რაღაც საოცრება მომივიდოდა, მიუხედავად იმ მცირე გამოცდილებებისა, რაც სცენასთან მაკავშირებს. მეგონა, რომ პირველად უნდა გამოვსულიყავი ფართო აუდიტორიის წინაშე და დამემტკიცებინა ჩემი შესაძლებლობები, რაც, ალბათ, გამომივიდა, ეს საზოგადოებამ უნდა გადაწყვიტოს.
ნიაზის შემოტრიალების სცენა მახსოვს, რადგან სწორედ ის იყო, ვინც პირველმა დააჭირა ღილაკს ხელი, ამის შემდეგ რა მოხდა, აღარ მახსოვს, ალბათ, ნერვიულობის გამო.
მგონია, რომ კონკურსანტები ძალიან დიდი ხნის მეგობრები ვართ. მუსიკა გვაერთიანებს და მიზეზი ზუსტად ესაა. მე მიყვარს ჩემი კონკურენტები, რადგან ისინი ზუსტად არიან ის ღირსეული მუსიკოსები, ვისთანაც ურთიერთობა, მუშაობა სულ მინდოდა.
ჩემი მენტორის დამსახურებით მე ვერ ვგრძნობ მძაფრად იმ სირთულეებს, რასაც შეიძლება სხვა კონკურსანტები ასახელებენ. მიყვარს მუსიკა და შესაბამისად ნებისმიერი პრაქტიკული „სირთულე“ ჩემთვის სასიამოვნო და მრავალფეროვანია.
ხშირად ვეუბნები საკუთარ თავს, რომ „ვიო, შენ უნდა გააკეთო შენი მაქსიმუმი, უნდა შეძლო და ადამიანებს დაანახო შენი შინაგანი სამყარო, ის, თუ რეალურად რისთვის ან ვისთვის მღერი. დანარჩენი ხალხისა და მენტორის გადასაწყვეტია. არასდროს მიფიქრია არცერთი ეტაპის იქეთ რა იქნებოდა, ვენდობი ბედს და საკუთარ თავს, ესაა ის ენთუზიაზმი თუ წამიერი ფსიქოლოგიური ფიქრი, რასაც სცენაზე გასვლის წინ საკუთარ თავს ვეუბნები, ცხოვრება ზუსტად ერთი წამია და მინდა ბოლოლომდე შევიგრძნო.
მენტორი და მე ერთად ვმსჯელობთ, თუ რა იქნება რეპერტუარისთვის ოპტიმალური ვარიანტი, შედეგამდეც ერთი სიმძლავრითა და ენთუზიაზმით მივდივართ.
მენტორი ჩემი დასაყრდენი ძალაა, იმედი იმის, რომ დამაძლევინებს სირთულეებს და ჩემგან უფრო უკეთესს შექმნის, ვიდრე დღეს ვარ და გუშინ ვიყავი. ძალიან მიყვარს მაესტრო და ვგრძნობ მის დამოკიდებულებას თითოეული მონაწილის მიმართ, როგორ ცდილობს, ვიყოთ საუკეთესოები.
გამარჯვებული, ალბათ, უნდა ეცადოს საკუთარი თავი და „მე“ არ დაკარგოს, იყოს ის ერთი ინდივიდუალური, როგორიც მოვიდა და უბრალოდ იმუშაოს საკუთარი შესაძლებლობების განვითრებაზე… მგონია, რომ მაყურებელი ყოველთვის გრძნობს, თუ ვინაა ნამდვილი და ვინ უბრალოდ პლაგიატი ბევრს შორის.
მგონია, რომ თუ ბევრს ვიშრომებ, შეიძლება გავხდე მაყურებლების რჩეული, მთავარი სურვილი და მონდომებაა. ადამიანის შესაძლებლობებს საზღვარი არა აქვს, თუ მას მიზანი აქვს და შეუძლია მის მისაღწევად ღირსეულად და მუხლჩაუხრელად იშრომოს.
ნათია ნანობაშვილი
ამ პროექტის ფორმატი ყოველთვის ძალიან მომწონდა, ხშირად ვუყურებდი სხვა ქვეყნების ვოისებს და ის მომენტები,როდესაც მწვრთნელები კონკურსანტებს უტრიალდებოდნენ, ყოველთვის ძალიან დიდ ემოციას აღძრავდა ჩემში, შესაბამისად, ამ პროექტში მონაწილეობის სურვილი ყოველთვის მქონდა და ახლა უბედნიერი ვარ, რომ ამ შოუს ნაწილი ვარ.
ძალიან ვღელავდი, იმიტომ, რომ პირველი ტური ჩემთვის ძალიან საპასუგისმგებლო და ემოციური იყო. მართლა ვფიქრობ, რომ ამ ეტაპს „ბრმა ქასთინგი“ კი არა, „ადრენალინი“ უნდა ერქვას.
ის მომენტი დამამახსოვრდა, როდესაც ოთხივე მწვრთნელი სახით ჩემკენ იყო. ეს ნამდვილად შეუცვლელი მოვლენაა ჩემს ცხოვრებაში.
ძალიან თბილი და მეგობრული დამოკიდებულება გვაქვს ყველას და, რაც მთავარია, ვფიქრობთ იმაზე, რომ ძალიან კარგი შესრულება გვქონდეს და ჩვენს მწვრთნელებს გავუმართლოდ იმედები.
სირთულე ჯერჯერობით არ მქონია, ვფიქრობ, რომ ჩვენი მწვრთნელი ყველაფერს იდეალურად გვიხსნის და შესაბამისად კითხვებიც ნაკლებად ჩნდება ხოლმე.
არ ვიცი რამდენად შეიძლება ამ ქმედებას „გამხნევება“ ეწოდოს, მაგრამ, ძირითადად, ვკონცენტრირდები სიმღერაზე, ვფიქრობ, რომ რაც უფრო ნაკლებად ავღელვდები, მით უკეთესი იქნება ჩემი გამოსვლა.
ერთმანეთს ყოველთვის ვუზიარებთ საკუთარ აზრებს რეპერტუართან დაკავშირებით, შესაბამისად, სიმღერის არჩევა შეთანხმებულად ხდება. ძალიან მომწონს იმის შეგრძნება, რომ აქ ყოველი ადამიანის მოსაზრება თუ გემოვნება გათვალისწინებულია და ამისთვის ძალიან მადლიერი ვარ.
მწვრთნელთან მაქვს ძალიან კარგი და მეგობრული ურთიერთობა. ნიკოლოზ რაჭველი ძალიან დიდ სითბოს ასხივებს. ის ყოველთვის ითვალისწინებს ჩვენს ინტერესებს რეპერტუართან დაკავშირებით. ნებისმიერ ჩვენს აზრსა თუ იდეას ყურადღებით უსმენს და ვფიქრობ,რომ ეს ძალიან დასაფასებელია ჩვენი,კონკურსანტების მხრიდან. მინდა,რომ ვიყოთ ღირსეულები და გავამართლოთ ჩვენი მწვრთნელის მოლოდინები.
მოკლედ მინდა ვთქვა,რომ,გულწრფელობა ყოველთვის ყველაზე მთავარია, პროექტში ყველა უდაოდ ნიჭიერია, ყველას აქვს თავისი ნიშანი, რითაც ხალხს ამახსოვრებს საკუთარ თავს,მაგრამ რაც უფრო გულწრფელი იქნები მსმენელთან, მით უფრო დიდ ემოციას გამოიწვევ მათში. ჩემთვის ნიჭიერებასთან ერთად პრიორიტეტულია გულწრფელობა.
შანსი, რა თქმა უნდა, ყველას აქვს, რადგან უკვე ის ეტაპი იწყება, როდესაც ყველა გამარჯვებისთვის იბრძვის, ლაივი ძალიან საპასუხისმგებლოა ჩემთვის და მინდა, რომ დიდხანს დავრჩე პროექტში, რათა ხალხს ჩემი შესაძლებლობების მაქსიუმი ვაჩვენო.
კატო ვერხვიაშვილი
ტოტალური შემოქმედებითი ჩავარდნა და უძრაობა მოიტანა პანდემიამ. ამას თან დაერთო მამის მოულოდნელი გარდაცვალება და სრულიად გავითიშე გარე სამყაროსგან. „ვოისში“ მონაწილეობის მიღება მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო, რომელმაც აქტიური ცხოვრებისა და შემოქმედებისკენ მომაბრუნა.
სცენაზე როცა პირველად გავედი ბრმა არჩევანზე, ორი კონტრასტული ემოცია მქონდა. ერთი, რომ ბედნიერი ვიყავი ჩემს საყვარელ სიმღერას ფართო აუდიტორიას რომ ვუმღეროდი, ამ გამორჩეული არანჟირებით და მეორე – უკონტროლოდ ვღელავდი. ოთხივე მწვრთნელი შემომიტრიალდა და მიუხედავად ყველაფრისა, ღელვა მაინც არ შეწყვეტილა…
სალიოს შემობრუნება ყველაზე ნათლად მახსოვს, ვინაიდან პირველი იყო და პირველი ფრაზის დასასრულს მოტრიალდა. დანარჩენი განვითარება უკვე ბურუსითაა მოცული…
კონკურსანტებს ერთმანეთის მიმართ კოლეგიალურ-თავაზიანი დამოკიდებულება გვაქვს უმეტესწილად. განსაკუთრებულად მახარებს, რომ რამდენიმე ძვირფასი მეგობარი შევიძინე მათ შორის.
საკვანძო ამოცანა მუშაობისას ჯერ ტონალობის, ტესიტურისა და შესრულების შესაბამისი მანერის მოძებნაა კონკრეტული კომპოზიციისთვის. სიტყვისა და მელოდიის ჯადოსნური ტანდემი კი, შემდეგ უკვე ავტომატურად გიხსნის ემოციის უსასრულო შრეებს.
სცენაზე გასვლის წინ მინდა თავს შთავაგონო ხოლმე, რომ ეს ჩემი ბოლო გამოსვლაა და შესაბამისად, დასამახსოვრებელი ემოციით უნდა შევასრულო.
მე გამიმართლა, რომ ორ გამორჩეულ მუსიკოს მწვრთნელთან მომიწია მუშაობა. ორივე მწვრთნელი საკუთარი გემოვნებითა და ინტუიციით ირჩევს ამ ეტაპზე ნაწარმოებებს.
ნიაზიც და ნიკოლოზიც, ორივე სამაგალითო უშუალობითა და სითბოთი გამოირჩევიან და დიდი სიამოვნებაა მათთან მუშაობა.
მნიშვნელოვანია თვითმობილიზაციის უნარი და არც მეტი, არც ნაკლები – „რკინის“ ნერვები. ასევე ვფიქრობ, შემსრულებელს – ხალხის რჩეულს, უნდა ჰქონდეს გამორჩეული ენერგეტიკა და შეეძლოს მთავარი შემოქმედებითი ჯადოსნობა – ემოციის მსმენელის გულამდე მიტანა.
ჩემთვის განსაკუთრებული საჩუქარია, სრულიად უცნობი გულშემატკივრების გულწრფელი ემოცია-ოვაციები. სწორედ მათი მიუკერძოებელი, უშურველი სიყვარული და გვერდში დგომა მაძლევს ძალასა და რწმენას, რომ ჩემი შესრულება ნამდვილია და სათანადო შეფასება-დაფასებას იმსახურებს.
Loading…