in

ემოციები და კადრს მიღმა ამბები – სალიოს ექვსეული „ვოისიდან“

მეგაშოუ „The Voice“ საქართველოში 2012 წლიდან ტარდება. წელს „საქართველოს პირველი არხი“ მაყურებელს მე-4 სეზონს სთავაზობს. პროექტის მონაწილეებს მენტორობას ოთხი განსხვავებული ჟანრის მუსიკოსი – სტეფანე მღებრიშვილი, სალომე (სალიო) კორკოტაშვილი, ნიკოლოზ რაჭველი და ნიაზ დიასამიძე უწევს.

Venue. თითოეული მწვრთნელის ექვსეულს გაესაუბრა. დღეს სალიოს გუნდის წევრებმა ჩვენს შემდეგ კითხვებს უპასუხეს:

  • რამ გადაგაწყვეტინათ „ვოისში“ მონაწილეობა?
  • რა განცდა დაგეუფლათ, როდესაც პირველად გახვედით სცენაზე?
  • რა დაგამახსოვრდათ ყველაზე მეტად?
  • როგორი დამოკიდებულება გაქვთ კონკურსანტებს ერთმანეთთან?
  • რა სირთულეებს აწყდებით ნომრების მომზადების დროს?
  • რით ამხნევებთ თქვენს თავს, სანამ სცენაზე გახვალთ?
  • როგორ ირჩევა რეპერტუარი?
  • როგორი ურთიერთობა გაქვთ „მწვრთნელთან“?
  • რა თვისებებს უნდა ფლობდეს მუსიკოსი „ვოისში“ გასამარჯვებლად?
  • როგორ შეაფასებდით თქვენ შანსებს გასამარჯვებლად?

გიორგი ცისკაძე

ყოველთვის მინდოდა ამ პროექტში მიმეღო მონაწილეობა. პანდემიის პერიოდში ეს იყო გამონათება. და მე ბედნიერი ვარ, რომ ოცნება ამისრულდა.

ცოტას ვნერვიულობდი სცენაზე გასვლისას, მეშინოდა, მქონდა ყოველგვარი მოლოდინი.

ყველაზე მეტად დამამახსოვრდა ის მომენტი, როდესაც სტეფანე შემოტრიალდა. და სალიომ რომ მომიტაცა, ამ სიხარულს ვერ გადმოგცემთ, არასოდეს დამავიწყდება.

კონკურსანტებზე შემიძლია უსასრულოდ ვისაუბრო: ძალიან შევეჩვიეთ ერთმანეთს, შეგვიყვარდა ერთმანეთი, მინდა, რომ სულ ერთად ვიყოთ.

მომზადების პროცესი ჩემთვის არის ძალიან სასიამოვნო – თავისი სირთულეებით.

სცენაზე გასვლამდე ჩემ თავს ვეუბნები, რომ ყველაფერი კარგად იქნება.

რეპერტუარს არჩევენ პროფესიონალები და, რაც მთავარია, პირადად მე ყოველ ჯერზე ვარ კმაყოფილი.

შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს მწვრთნელთან, სტეფანეც და სალიოც, უპირველეს ყოვლისა, არიან ჩემი მეგობრები, მე ისინი უსაზღვროდ შემიყვარდნენ და უდიდეს მადლობას ვუხდი თითოეულ მათგანს. ვიმედოვნებ, რომ ჩვენი ურთიერთობა მომავალშიც გაგრძელდება.

ვოისის გამარჯვებული უნდა ფლობდეს სიმშვიდეს, მოთმინებას, პასუხისმგებლობას და საკუთარი თავის გამხნევებას. არ უნდა დანებდეს.

ვფიქრობ, გამარჯვების შანსი მეც მაქვს. ამისთვის ხალხის თანადგომაც მჭირდება. მადლობა ვოისის შემოქმედებით ჯგუფს.

სალო თათარაშვილი

ვოისში მონაწილეობის მიღება გადამაწყვეტინა თვითონ პროექტის ფორმატმა, რაც ძალიან მომწონს, ასევე იმ ვითარებამ, რაც დღეს არის მსოფლიოში და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია – მუსიკის სიყვარულმა, ვფიქრობ, ამ პროექტის საშუალებით შევძლებ ამ სფეროში განვვითარდე.

სცენაზე პირველად გასვლისას მივხვდი, რომ ეს იყო შანსი, რომელიც არ უნდა გამეშვადა ავღელდი. როდესაც ოთხივე მწვრთვნელი ჩემკენ დავინახხე მობრუნებული, ყველანაირი ღელვა გამიქრა.

ჩემთვის ვოისში გატარებული თითოეული რეპეტიცია და ჩაწერა განსაკუთრებულია, მაგრამ, ალბათ, მაინც განსაკუთრებულად დამამახსოვრდაა ის, რომ შევძელი და ოთხივე მწვრთვნელი შემოვატრიალე.

კონკურსანტებს ერთმანეთთან იმაზე კარგი დამოკიდებულება გვაქვს, ვიდრე შესაძლებელია, ერთი დიდი ოჯახივართ და ერთ–ერთი მიზეზი თუ რატომაც ღირდა ამ კონკურსში მონაწილეობა, სწორედ ეს ადამიანები არიან.

თითოეული ეტაპის მერე იზრდება პასუხისმგებლობა, შესაბამისად, გვიწევს გამოვიდეთ „კომფორტის ზონიდან“ და შევასრულოთ ტექნიკურად უფრო რთული სიმღერები, რაც საკმაოდ დიდ სირთულეებთან და შრომასთან არის დაკავშირებული.

ჩემს თავს სცენაზე გასვლამდე ვერ ვამხნევებ, ამიტომ ამაში საყვარელი ადამიანები მეხმარებიან.

სალიომ ზუსტად იცის თითოეული მისი კონკურსანტის შესაძლებლობები, სტილი, გემოვნება. ამიტომ ცდილობს, მოგვარგოს შესაბამისი რეპერტუარი, რომელიც ამავდროულად იქნება გამოწვევაც ჩვენივე განვითარებისთვის.

სალიო არის ყველაზე უშუალო და საყვარელი ადამიანი, მასთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს მეც და ყველა კონკურსანტს, ყველა გამოცდილებას გვიზიარებს, გვაძლევს ძალიან კარგ რჩევებს და მაქსიმალურად გვეხმარება განვითარებაში.

პროექტის სახელიდან გამომდინარეც მარტივი მისახვედრია, რომ მუსიკოსს უნდა ჰქონდეს განსხვავებული, რაღაც ახალი, გამორჩეული და დასამახსოვრებელი ხმა და ტექნიკა იმისათვის, რომ გახდეს გამარჯვებული.

ვფიქრობ, 24–ვე კონკურსანტს, ვინც ახლა ამ პროექტში დავრჩით, თანაბარი შანსები გვაქვს გამარჯვების. ამიტომ ჯანსაღი კონკურენციაა და გაიმარჯვებს ღირსეული, იმედი მაქვს, ეს ღირსეული მონაწილე მე ვიქნები.

სანდრო ლაშხი

ვოისს პატარაობიდანვე გამოვარჩევდი სხვა მუსიკალური პროექტებისაგან. ხალხი ყოველდღიურად სხვადასხვა (ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულ) შეფასებას აკეთებდა ჩემს ნამღერზე, ამიტომ გადავწყვიტე ვოისში გამოსვლა და იმის გაგება, თუ რეალურად როგორ ვმღერი.

სცენაზე გასვლამდე ძალიან ვნერვიულობდი, ვნერვიულობდი და ვფიქრობდი ყველაფერზე წინასწარ, მობრუნდებოდა თუ არა რომელიმე მწვრთნელი, შემეშლებიდა თუ არა კონკრეტული ნოტი და ა.შ… მაგრამ როგორც კი სცენაზე გავედი, ღრმად ჩავისუნთქე, წელში გავსწორდი და ყველანაირი ნერვიულობა ერთდროულად მომეხსნა.

ალბათ, არასოდეს დამავიწყდება მომენტი, როდესაც ბრმა ქასთინგზე, ბოლო წამის მეასედში გავიგე ღილაკზე დაჭერის ხმა და დავინახე სალიოს გაბრწყინებული თვალები და ნიკა, რომლის შემობრუნებასაც, რატომღაც, საერთოდ არ ველოდი.

კონკურსანტებთან მეგობრული დამოკიდებულება ალბათ სალიოს დამსახურებაა… რინგის პერიოდშიც კი, ყველანი ვიყავით ძალიან თბილად და შეკრულად ერთმანეთთან, ყველაფერს ვაკეთებდით ერთმანეთის დასახმარებლად და ახლაც ასე გრძელდება.

ჩემთვის, როგორც გამოუცდელი მუსიკოსისთვის, ძალიან რთულია სიახლეების მიღება, მაგრამ რამდენადაც რთულია, იმდენად მიყვარს! მაგალითად, არასდროს არ მიმღერია დუეტში და ვერც წარმოვიდგენდი, თუ ოდესმე შევძლებდი… მაგრამ ალბათ ჩემი და თეკლას გამოსვლა გახსოვთ 😌

სცენაზე გასვლამდე, ვცდილობ, შევახსენო საკუთარ თავს, რომ მაქვს ჩემი სტილი და ჩემი გზა, რომელსაც არ უნდა გადავუხვიო. ერთადერთი უმარტივესი რამ, რაც მევალება, არის ჩემს მაქსიმუმზე ოდნავ მეტის გაკეთება, მთავარია, ეს შევასრულო და დანარჩენი თავისით გადაწყდება.

რეპერტუარს ვირჩევთ სალიოსთან ერთად, როგორც კი ახალ ეტაპზე გადავედი, რამდენიმე განსხვავებული სიმღერა უკვე მზად ჰქონდა, საიდანაც მარტივად ვარჩევდით საუკეთესოს.

ძალიან მეგობრული ურთიერთობა გვაქვს. როგორც მუსიკალურად გვიდგას გვერდში, ასევე მეგობრულადაც. რეპეტიციების გარდაც, კარგად ვერთობით ერთად.

ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად მგონი ყველაზე არაკომპეტენტური ადამიანი ვარ… გამარჯვებულს, ალბათ, უნდა ჰქონდეს თავისი სტილი, რომელსაც არ გადაუხვევს, არ შეეშინდება ექსპერიმენტების და ექნება გამორჩეული ტემბრი.

მარტივად რომ ვთქვა გამარჯვებაზე არ ვფიქრობ, ცხადია, გამარჯვება ჩემი მიზანია, მაგრამ როგორც უკვე ვახსენე, 100%-ით ორიენტირებული ვარ იმაზე, რომ გამოსვლიდან გამოსვლამდე განვავითარო საკუთარი თავი, და პერფორმანსი იყოს საუკეთესო. დაე, ამან გამარჯვებამდე მიმიყვანოს.

ანა მორგოშია

მსურდა, საკუთარი შესაძლებლობების დიდ სცენაზე მომესინჯა, ამიტომ გამოვედი ვოისში.

სცენაზე პირველად გასვლისას ვირძენი, რომ ძალიან მომნატრებოდა და იქ დგომა იყო დიდი ბედნიერება ჩემთვის.

ვინაიდან პირველი კონკურსანტი ვიყავი, ძალიან ვღელავდი და განსაკუთრებით დამამახსოვრდა სალიოს შემობრუნება პირველივე ბგერაზე, ეს იმდენად მოულოდნელი იყო ჩემთვის, ძალიან გამიხარდა.

კონკურსანტებს ერთმანეთთან ძალიან კარგი დამოკიდებულება გვაქვს, განსაკუთრებით ვგრძნობ მათ მხარდაჭერას სცენაზე გასვლამდე, ყოვეთვის ვამხნევებთ ერთმანეთს, რაც მე პირადად დიდ სტიმულს მაძლევს. 

ნომრის მომზადებას სირთულეს ვერ დავარქმევდი, ეს იმდენად დიდი სიამოვნებაა, როდესაც ამდენ პროფესიონალთან მუშაობ, ასევე არის ძალიან საინტერესო.

სცენაზე გასვლამდე ვფიქრობდი, რომ ეს იყო საუკეთესო შანსი, რათა საკუთარი შესაძლებლობები გამომევლინა. 

რეპერტუარს გვირჩევს მენტორი.

ჩემს მწვრთნელთან, სალიოსთან, მაქვს ძალიან კარგი ურთიერთობა. ყოველთვის მამხნევებს და ცდილობს, იყოს არა მხოლოდ ,,მწვრთნელი“, არამედ მეგობარიც, რომელიც საუკეთესო რჩევებს მაძლევს და ყოველთვის მხარში მიდგას <3 

მუსიკოსი ,,ვოისში’’ გასამაჯვებლად, ვფიქრობ, უნდა იყოს მებრძოლი, შეეძლოს საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენა და ღელვის დათრგუნა სცენაზე. 

ვფიქრობ,  ყველას, ვინც აქამდე მოვედით, გვაქვს შანსი, რომ გავიმარჯვოთ.

მარიამ იაქაშვილი

,,ვოისში’’ მონაწილეობა კოლეგის შემოთავაზებამ გადამაწყვეტინა.
სცენაზე პირველად გასვლამ თავისუფლებისა და ბენდიერების განცდა მომიტანა.

ყველაზე მეტად სალიოსთან პირველი შეხვედრა დამამახსოვრდა, ასევე რანინაში ფეხის შემოდგმა.💜

ჩვენ ვართ ოჯახი! მეგობრული და პროფესიული ყველაზე მაგარი მრჩევლები ვართ ერთმანეთის.

ჯერ არ მქონია პრობლემა, მაგრამ ალბათ შემიქმნიდა პრობლემას სიმღერის თავიდან სწავლა – მელოდიისა და ტექსტის, რომელიც აქამდე არ მომისმენია ან არ მომწონებია. თუ რამე არ მომწონს, ვერ ვიმახსოვრებ.

სანამ სცენაზე გავალ, თავს ვიმშვიდებ: „იყოს ისე როგორც არის“ :))

მენტორთან შეთანხმებით ირჩევა რეპერტუარი, დისკუსიით, ჩვენი შესაძლებლობებიდან გამომდინარე. სახალისო პროცესია ჩემთვის.

,,მწვრთნელთან’’ საუკეთესო ურთიერთობა მაქვს, მეგობრული – ის არის დედა, და, დაქალი, მასწავლებელი, სულის მეგობარი.

მუსიკოსი ,,ვოისში’’ გასამაჯვებლად უნდა იაზრებდეს მიზანს მისვლისას, გააზრებული უნდა გქონდეს და, რაც ყველაზე მთავარია, უყვარდეს მუსიკა და სიმღერა.

მე უკვე გავიმარჯვე! რადგან ვგრძნობ, იქ ვარ, სადაც უნდა ვიყო. ასევე მუსიკალური განვითარებისთვის საჭირო კავშირები ჩამომიყალიბდა, მყავს მეგობრები, ასევე მენტორი და სულის მეგობარი, რომელიც მისი ყურადღებით ძალიან დიდ დახმარების ხელს მიწვდის – ჩემი შთაგონების წყაროა.

ლიზი გოზალიშვილი

ვოისში მონაწილეობა ბავშვობიდან ჩემი ოცნება იყო. 7-8 წლის ასაკიდან ეს პროექტი ჩემს ცნობიერებაში იყო და თითქოს სულ მქონდა იმის მოლოდინი, რომ ოდესმე მეც მისი ნაწილი გავხდებოდი, თუმცა ბოლომდე მაინც არასდროს მჯეროდა. ამჯერად ეს ძალიან თავისთავად მოხდა, ახალი გამოწვევების და თავგადასავლის, საკუთარი თავის გამოცდის მიზნით გადავწყვიტე, ამ პროექტში ბედი მეცადა.

პირველად სცენაზე გასვლისას მთელი ნერვიულობა გამიქრა. არ ვიცი, რატომ, მაგრამ ფაქტია, რომ ის, რაზეც იქამდე ვღელავდი, საერთოდ აღარ მახსოვდა. გადასვლა-არ გადასვლის საკითხიც თავიდან სრულიად ამოგდებული მქონდა. აი, როცა მივხვდი, რომ უკვე შემდეგ ტურში ვიყავი, ვიგრძენი, რომ ,,7-8 წლის ლიზის” ერთი ოცნება ავუხდინე. 

ყველაზე მეტად დამამახსოვრდა განცდა, რომ ახლა უკვე მართლა ახალი ამბის დასაწყისში ვიყავი, რაღაც ძალიან საინტერესო მოგზაურობის. ეს პირველივე ტურში ვიგრძენი. 

ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში ძალიან გაგვიმართლა. სალიოს გუნდის წევრები ერთმანეთთან საოცარ ურთიერთობაში ვართ, ოჯახის წევრებივით ვართ ერთმანეთისთვის, ხოლო რაც შეეხება დანარჩენ მონაწილეებს, ვფიქრობ, მეგობრულობის გამო ჩვენ შორის კონკურენცია არ იგრძნობა და ეს მეტ თავისუფლებას გვანიჭებს.

ნომრის მომზადების დროს შესაძლოა არ ვიყო დარწმუნებული საკუთარ თავში. ზოგიერთი სიმღერა ნამდვილად გამოწვევაა, თუმცა, მიმაჩნია, რომ პროექტის მიზანიც სწორედ ესაა: დაგაძლევინოს სირთულეები და გაგზარდოს.

სცენაზე გასვლის მიზანი ჩემთვის ყოველთვის ისაა, რომ ჩემი სათქმელი ვთქვა და საკუთარი თავი ისეთი დავანახო მაყურებელს და პირველ რიგში მსმენელს, როგორიც ვარ. შესაბამისად, ამის გახსენება გასვლის წინ ყოველთვის მეხმარება. ვცდილობ, ყველაფერი გვერდზე გადავდო და უპირველესი მიზნის მისაღწევად ძალ-ღონე არ დავიშურო.

რეპერტუარის არჩევისას მწვრთნელიც და ჩვენც ვითვალისწინებთ იმას, თუ რა მიმართულებას გვინდა მივყვეთ ამ კონკრეტულ ეტაპზე. შესაძლოა ეს იყოს ჩვენთვის განსხვავებული, უჩვეულო სტილი ან სხვა რამ. რაც არ უნდა იყოს, მწვრთნელი თავის მხრივ რეკომენდაციებს გვაწვდის, ჩვენ ვცდილობთ მისი რჩევების საფუძველს ჩვენი ინდივიდუალიზმი დავამატოთ. საბოლოო ჯამში, ეს პროცესიც და შედეგიც ძალიან საინტერესო გამოდის.

ჩემთვის სიტყვა ,,მწვრთნელმა” ამ შემთხვევაში სულ სხვა დეფინიცია შეიძინა. სალიო არა მხოლოდ მწვრთნელი, ჩვენი უახლოესი მეგობარიც გახდა. აქედან გამომდინარე, თითოეულ მის რჩევას ისე ვიღებთ, როგორც უახლოესი მეგობრისგან და ბუნებრივია ხშირად მეტადაც ვენდობით, ვიდრე საკუთარ თავს 😂 მე პირადად ბლაინდის გადაწყვეტილებისას დასახული იმედები ათმაგად გამიმართლდა.

მიმაჩნია, რომ ყველაზე მთავარი გულწრფელობაა. არა მხოლოდ ვოისში, ზოგადად ჩემთვის მუსიკა რაღაც ძალიან წრფელთან ასოცირდება, რომელიც ზუსტად ისეთია, როგორიც შენ ხარ. თავისუფლებას მხოლოდ იმ შემთხვევაში გრძნობ, როდესაც გულწრფელი ხარ და შენს მუსიკასთან განსაკუთრებული კავშირი გაქვს. მოკლედ რომ ვთქვა, სცენაზე ყველაფერი რიგზეა მაშინ, როცა შენი თავი იცი და რა თქმა უნდა, შენი მუსიკაც.

გამარჯვება სულ სხვა სფეროა ჩემთვის. კარგია, კარგი იქნებოდა, შესაძლოა გულის სიღრმეში ძალიანაც გინდა, მაგრამ ამაზე ფიქრისთვის დრო არ გრჩება. ამდენი ემოციით სავსეს ის მთავარი მიზანი, რაც ამ პროექტში უნდა გქონდეს, ხშირ შემთხვევაში გავიწყდება. არა იმიტომ, რომ არ გინდა, არამედ იმიტომ, რომ მუსიკა გათავისუფლებს. ვფიქრობ, შანსი ყველასთვის თანაბარია. მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ერთმანეთზე უკეთესი კონკურსანტები არიან. ყველა თავის მხრივ ,,იბრძვის”, ყველას თავისი ტაქტიკა აქვს. ბოლოს რა მოხდება, ამაზე პროგნოზის გაკეთება არ მიცდია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

SOLOS — ახალი ვარსკვლავური სამეცნიერო ფანტასტიკა

სტეფანეს ექვსეულის გულწრფელი ემოციები „ვოისიდან“