in

#სტარტაპი „ალკომეტრი“, ანუ სვი ჭაჭა მეტრობით

რას პასუხობთ ხოლმე მეგობარს, რომელიც გეკითხებათ, რამდენი არაყი დალიეთ გასულ ღამეს. თქვენი პასუხები, სავარაუდოდ, იქნება: ერთი ჭიქა, ორი ჭიქა, ერთი ლიტრი, ორი ლიტრი და ა.შ. კომპანია „ალკომეტრის“ დახმარებით, კი შეგიძლიათ, ჭაჭა დალიოთ მეტრობით. უცნაურად ჟღერს? არადა ყველაფერი ძალიან მარტივად არის. „ალკომეტრი“ მომხმარებელს სთავაზობს ქართულ ჭაჭას პრემიუმ კლასის შუშის მილებში, რომელთა სიგრძეც არის – 20სმ, 25სმ, 0.5მეტრი და ერთი მეტრი. შუშის მილები მოსახერხებელია გადასაადგილებლად და გამოსაყენებლად.

სტარტაპის შექმნის იდეასა და სამომავლო გეგმებზე გვესაუბრება კომპანიის დამფუძნებელი ირაკლი რატიანი.

რა არის თქვენი სტარტაპი და როდის დაიწყო მუშაობა?

სტარტაპი გულისხმობს არყის ორიგინალურ შეფუთვას 0.5 და 0.15-მეტრიან შუშის კოლბებში. იდეის დამუშავება და მისი სისრულეში მოყვანა დავიწყე 3-4 წლის წინ.

როგორ მიხვედით ამ სტარტაპის იდეამდე?

იდეის ჩამოყალიბებაში, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი როლი ითამაშა „ნაბახუსევზე“ მეგობრის კითხვაზე –  „გუშინ რამდენი არაყი დავლიეთ“? – გაცემულმა პასუხმა – „ორი მეტრი არაყი“. სახელი მარტივად შევარჩიეთ და დავარქვით „ალკომეტრი“

რამდენი ადამიანი მუშაობს ამ პროექტზე?

დასაწყისიდან ვიყავით მე, ჩემი ძმა და ჩვენი ერთი მეგობარი, მაგრამ დროის უქონლობის გამო, მარტო დავრჩი. მოცლილი არც მე ვარ, მაგრამ იმდენად მიყვარს ჩვენი იდეა, რომ დროს ვნახულობ.

რა სირთულეები შეგხვდათ სტარტაპზე მუშაობის პერიოდში?

ალბათ, ყველაზე დიდი სირთულე იყო ფინანსები და ჭურჭელი, რომელიც გამოგვადგებოდა ჩვენი სტარტაპის იდეის განხორციელებაში.

ვინ არის თქვენი მთავარი კონკურენტი?

საბედნიეროდ, კონკურენტები არ გვყავს, რადგან გვაქვს ექსკლუზივი აღებული და იდეა დაპატენტებული, თუმცა შეიძლება, გარკვეულწილად კონკურენტებად ჩავთვალოთ ალკოჰოლის მწარმოებელი ნებისმიერი კომპანია.

რით არის თქვენი სტარტაპი გამორჩეული? რა არის ის ნიშა, რაც პროექტის ინდივიდუალურობას უსვამს ხაზს?

ჩემი სტარტაპი თავიდან ბოლომდე არის გამორჩეული, რადგან ვაწარმოებ არაყს ნახევარმეტრიან, 20-სანტიმეტრიან და 15-სანტიმეტრიან შეფუთვაში. ამას ემატება ხის სასაჩუქრე ყუთი. ერთი სასაჩუქრე ყუთი შედგება სამი სახის არყისგან: ესენია ჭაჭის, თუთისა და შავი ქლიავის. მათი მოცულობაა 50 მილიგრამი. ყუთზე შესაძლებელია ნებისმიერი სასურველი დიზაინის, ლოგოს, წარწერის ან ნახატის გრავირება, რაც პროდუქტს უნიკალურსა და ინდივიდუალურს ხდის.

რა არის აუცილებელი იმისთვის, რომ სტარტაპი წარმატებული გახდეს?

ჩემთვის, ისევე როგორც სხვა ნებისმიერი სტარტაპისთვის, აუცილებელი და საჭიროა რეკლამირება და მისი გაცნობა ფართო მასებისთვის.

როგორ ფიქრობთ, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი სტარტაპის დაწყების დროს: იდეა, ადამიანური რესურსი თუ დაფინანსება?

სტარტაპისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია იდეა. თუ იდეა გაქვს, ყოველთვის გამონახავ ადამიანურ რესურსსაც და თუ ერთიანად ვერა, ნაწილ-ნაწილ მაინც მოიძიებ დაფინანსების გზებს. თუ იდეა არ გაქვს, რაში გამოიყენებ ან ადამიანურ რესურსს ან დაფინანსებას?

დაფინანსება მოიპოვეთ თუ საკუთარი ხარჯებით დაიწყეთ საქმიანობა?

თავიდან მეგონა, რომ აუ, რა ცუდია, დაფინანსებას ვერ ვიღებ და როგორ დავიწყო სტარტაპი-მეთქი. დავეკონტაქტე „აწარმოე საქართველოს“ და გარკვეული მხარდაჭერა, გაპიარება და გვერდში დგომა მივიღე მათგან, თუმცა ფინანსების 95% გავიღეთ საკუთარი ხარჯებიდან, რაც ერთგვარი დამოუკიდებლობის გარანტიც გახდა ჩემი სტარტაპისთვის.

აპირებთ თუ არა ბიზნესის გაფართოებას?

სამწუხაროდ, ამ ეტაპზე ბიზნესის გაფართოებას ვერ ვგეგმავ, რადგან უმეტესად ჩვენი პროდუქტი გათვლილი იყო ტურისტებზე. სწორედ ამიტომ შეიქმნა 15-სანტიმეტრიანი არყები სასაჩუქრე ყუთით. კორონავირუსის პანდემიასთნ დაკავშირებით ჩავარდნილი ტურისტული სეზონი თავისთავად ჩვენზეც აისახა.

რა გჭირდებათ იმისთვის, რომ ბიზნესი გააფართოვოთ?

ბიზნესის გასაფართოვებლად მჭირდება, რომ უფრო მეტმა ხალხმა იცოდეს ჩვენ შესახებ, როგორც ქართული განსხვავებული კამპანიის – „სვი ჭაჭა მეტრობით“ შესახებ. წარმოიდგინეთ, ნაბახუსევზე რომ ეუბნებით მეგობარს, გუშინ იცი, რამდენი დავლიე? სამი მეტრი ჭაჭა ბევრად უფრო მხიარულად ჟღერს, ვიდრე ნახევარი ლიტრი არაყი.

თქვენი გეგმა რა არის მოკლევადიან და გრძელვადიან პერიოდში?

ვაპირებთ, გავაფართოვოთ ჩვენი არყის ასორტიმენტი და სამი სახეობის ნაცვლად ნაკრებში მომხმარებელს შევთავაზოთ ექვსი სახეობის კენკროვანი მცენარეებისგან დამზადებული არაყი.

რა რჩევას მისცემდით იმ ადამიანებს, რომლებიც ახლა იწყებენ თავიანთი იდეის სტარტაპად გადაქცევას?

ვინც სწორედ ახლა მუშაობს თავისი იდეის სტარტაპად გადაქცევაზე, ვეტყოდი, რომ ნუ მოუსმენენ სხვების აზრსა და სიტყვებს, რომ არ იმუშავებს, ვერ გაამართლებს. ხალხი ყოველთვის გეტყვით, რომ ვერ შეძლებ იმას, რაც თვითონ ვერ შეძლეს. დაისახეთ მიზანი და იბრძოლეთ ამ მიზნის მისაღწევად, სხვა დანარჩენს არ მიაქციონ ყურადღება, ნელ-ნელა ყველაფერი გამოვა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

Raffles Milano მოდისა და დიზაინის მიმართულებით სასტიპენდიო პროგრამას აცხადებს

მეცნიერებმა ხელოვნური თვალი შექმნეს