in

„ჯიგრები“ – კომპანია, რომელიც ნებისმიერ სივრცეს ეფექტური ნამუშევრებით მოგიხატავთ

„ჯიგრები“ არის ინტერიერისა და ექსტერიერის სივრცის მოხატვის კომპანია. ჯიგრების მისიაა, დამკვეთის სივრცის განახლება ეფექტური ნამუშევრებით, ემოციის შექმნა და იდენტობის გამოხატვაში ხელშეწყობა. კომპანია უკვე ერთი წელია, რაც ბაზარზე შემოვიდა და ამ პერიოდის განმავლობაში არაერთი გამოწვევის გადალახვამ მოუწია. პოსტპანდემიურ პერიოდში ოფისის დახურვის გადაწყვეტილებაც კი მიიღეს. 

ერთი წლის განმავლობაში დაგროვილ გამოცდილებაზე, პრობლემურ კლიენტებზე, გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზე კომპანიის დამფუძნებელი ნიკა ბაძაღუა გვესაუბრა.

როგორ მიხვედით ამ სტარტაპის იდეამდე და როგორ შეარჩიეთ სახელი?

სერვისის სფეროში სახელი უნდა ყოფილიყო დადებითი გამოცდილების მატარებელი, ემოციური და ზუსტი. სწორედ ამიტომ დავარქვით „ჯიგრები“.

რით არის თქვენი სტარტაპი გამორჩეული? რა არის ის ნიშა, რაც პროექტის ინდივიდუალურობას უსვამს ხაზს?

გულწრფელობა. ამ ეტაპზე ჩვენი ნამუშევრების 80% არის pinterest -ზე შერჩეული ჩვენ ან დამკვეთის მიერ. დამკვეთის ქცევიდან გამომდინარე, ასე ბევრად მარტივად ვიღებთ სასურველ შედეგებს და ორივე მხარე კმაყოფილია. მხოლოდ დამკვეთების 20% ითხოვს უნიკალურ და ინდივიდუალურ ესკიზს.

უკვე ერთი წელია, რაც ბაზარზე გამოჩნდით, ამ პერიოდის განმავლობაში, რა იყო თქვენი კომპანიისთვის ყველაზე დიდი დაბრკოლება, გამოწვევა?

ყველაზე დიდი დაბრკოლება საკუთარი თავია. რაღაც ეტაპზე ბიზნესის მართვის გამოცდილების ნაკლებობის გამო, საკუთარ გადაწყვეტილებებში ეჭვი გეპარება და კარგავ ხედვას. ასეთ დროს არ დანებდე, არ მუშაობს. ასეთ დროს ტაიმაუტი უნდა აიღო, რაღაც პერიოდი დაისვენო, დააკვირდე, გააანალიზო და დაბრუნდე.

მეორე დიდი დაბრკოლება არის ფულის სწორად განკარგვა. მქონდა საუბარი სააქსელერაციო პროგრამის ავტორებთან და მენტორებთან, ვთხოვე, რომ ისედაც ცოტა ფულის სწორად ხარჯვა გვასწავლონ.

რა შეცდომები დაუშვით ისეთი, რაც უარყოფითად აისახა თქვენი ბიზნესის იმიჯზე ან მოგების ნაწილზე?

ტექნოპარკმა ბევრი რამ შეცვალა ჩვენი თაობის ხედვასა და ქცევაში. სწორედ ტექნოპარკთან ჩაგვივარდა პროექტი, რაც ფინანსურზე მეტად ემოციურ მარცხს ნიშნავდა ჩემთვის პირადად.

ზოგადად, ერთმა უბრალო შეცდომამაც კი შეიძლება, კომპანიის იმიჯი მთლიანად გაანადგუროს, თქვენი კომპანია თუ დამდგარა ამ ერთი წლის განმავლობაში მსგავსი საფრთხის წინაშე?

ჩვენ ძლიერი გუნდი ვართ, ბრძოლა შეგვიძლია. რაც შეეხება შეცდომას – უნდა აღიარო! დამალული შეცდომის თრევა დაგღლის და გაგთიშავს.

როდესაც კომპანიაში გარკვეული კრიზისი დგება, რამდენად მნიშვნელოვანია გუნდური მუშაობა და ვინ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა მთავარი გადაწყვეტილებების შედეგებზე?

კრიზისის დროს აუცილებელია გულწრფელობა და სწრაფი მოქმედება. აქ ლიდერსაც და გუნდის წევრსაც თავისი წილი პასუხისმგებლობა აქვს. ჩვენ შემთხვევაში გუნდმა მოაგვარა და გადავლახეთ.

ასევე მინდა, გკითხოთ პრობლემურ დამკვეთებზე, თუ შეგვიძლია მათი კატეგორიებად დაყოფა და როგორ ხდება მათთან ურთიერთობა, რა მეთოდები გაქვთ? თუ გქონიათ შემთხვევა, რომ სწორედ პრობლემურ და უკმაყოფილო დამკვეთს ჰქონია მცდელობა, თქვენი კომპანიის იმიჯისთვის საფრთხე შეექმნა?

საჯარო სტურქტურებთან ურთიერთობა არის რთული. ბიუროკრატიული სისტემა, გაწელილი ვადები და დაუზუსტებელი პასუხები. რამდენიმე არტისტთან ამის გამო დაგვეძაბა სიტუაცია. კერძო სექტორთან მსგავსი პრობლემა არ გვქონია.

კორონავირუსის პანდემიამ მსხვილ ბიზნესებსაც კი პრობლემები შეუქმნა, თქვენ შემთხვევაში, როგორ აისახა ეს ფაქტორი ბიზნესის მუშაობაზე?

რა თქმა უნდა, კორონამ მოგვცელა.

რა გასწავლათ პანდემიის პერიოდმა, შეცვალა თუ არა თქვენი ხედვა, თუ როგორ უნდა განვითარდეს ბიზნესი?

პირველი ნაბიჯი – ოფისი დავხურეთ, ასე ბევრად მარტივია.

ამ ეტაპზე, რა არის თქვენი გეგმები და რა სახის დახმარება გჭირდებათ იმისთვის, რომ პოსტპანდემიურ პერიოდში ბიზნესმა არ შეწყვიტოს ზრდა?

სოციალური მეწარმეობის კუთხით ვაპირებთ ორგანიზაციის გადაწყობას. უკვე ივლისიდან შემოგთავაზებთ საინტერესო პროექტს. ამ ეტაპზე აქტიურად ვთანამშრომლობთ Impuct Hub Tbilisi-თან.

რა რჩევას მისცემდით იმ ადამიანებს, რომლებიც ახლა იწყებენ თავიანთი იდეის სტარტაპად გადაქცევას?

მიიღონ სამეწარმეო აქსელერატორებსა და ბიზნესინკუბატორებში მონაწილეობა. მოუსმინონ საკუთარ თავს და ისწავლონ ფულის განკარგვა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

როგორია სწავლის საფასური მსოფლიოს Top უნივერსიტეტებში

IBCCS Georgia – სტარტაპი, რომელიც ბიზნესმენებს საგადასახადო და იურიდიულ კონსულტაციას სთავაზობს